ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ომარ ქაფიაშვილისთვის ურო რამდენჯერმე ჩაერტყათ - პაპიძის საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტები დაკითხეს - კვირის პალიტრა

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ომარ ქაფიაშვილისთვის ურო რამდენჯერმე ჩაერტყათ - პაპიძის საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტები დაკითხეს

24 ივნისს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტ-კრიმინალისტის, გვანცა გუჯაბიძის დაკითხვით განახლდა.

ექსპერტმა, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებას აწარმოებდა, სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალზე ისაუბრა:

"ბინაში, იატაკზე მოწითალო ფერის ლაქა იყო და ეს იმდენად ნათლად ჩანდა, რომ მისი დამუშავება და ხელოვნური ნათება არ იყო საჭირო. სისხლის ლაქა იყო დივნის სახელურზე, თავად დივანი არ დაგვიმუშავებია".

პროკურორმა ექსპერტს ამ წინადადების განმარტება სთხოვა, ექსპერტმა კი დააკონკრეტა, რომ "ეს ხსნარი, რომელიც სისხლის აღმოსაჩენად გამოიყენება აზიანებს ნივთებს და ვერიდებით საყოფაცხოვრებო ნივთები არ გავაფუჭოთ. დივანი არ აგვიწევია, რადგან ვიზუალურად არ ჩანდა, რომ ის იწეოდა. იქვე იდგა პატარა მაგიდაც და იმაზეც აღმოჩნდა სისხლის კვალი. შპალერზე ლაქის მსგავსი არ შეგვიმჩნევია, რადგან ის მოწითალო ფერის იყო და თუ სისხლი ახალი იყო შეიძლება არც გამოჩენილიყო. რაც შეეხება უროს, ის მე აღმოვაჩინე ქუჩის მიმდებარე ნაგავსაყრელიდან. კარის სახელურზე და უროს თავზე იყო სისხლის ლაქები, ასევე საწოლის ქვედა ზედაპირზეც.

ჩვენამდე შემთხვევის ადგილი კინოლოგებმა დაათვალიერეს, ისინი ძაღლთან ერთად მუშაობდნენ, სუნის ანაბეჭდები რომ აეღოთ. კარის ზღრუბლზე სისხლის კვალი დამუშავების შემდეგ გამოვლინდა...  სისხლიანი ნივთები ორი სხვადასხვა ნაგავსაყრელიდან ამოვიღეთ, ისინი დაილუქა და საქმეს დაერთო, რაც შეეხება ბავშვის გვამს, ჩვენ გვამებს არ ვეხებით, მაგრამ მას სისველის მსგავსი ლაქა ჰქონდა".

სასამართლოზე დაიკითხა ექსპერტი ელენე ჭითანავა, რომელმაც გვამები გამოიკვლია.

"ომარ ქაფიაშვილის სიკვდილს მიზეზი ქალა ტვინის მძიმე ტრამვაა. სიკვდილის დადგომიდან გასული იყო არანაკლებ 6 საათი და არაუმეტეს 14 საათი. ამ გამოთვლით დანაშაული საღამოს 17:25 წუთიდან და 02:25 წუთამდეა მომხდარი".

ექსპერტის დაკითხვა ფოტოების ფონზე მიმდინარეობდა და ის დეტალურად აღწერდა დაზიანებებს. გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის ფოტოების ეკრანზე გაშუქებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ექსპერტების დაკითხვას ვერ მოუსმენდა:

"ექსპერტების დაკითხვას ვერ მოვუსმენ, არ შემიძლია და დარბაზიდან გავალ", - განაცხადა პაპიძემ და დატოვა დარბაზი.

ექსპერტი დეტალურად აღწერდა გვამებზე აღმოჩენილ დაზიანებებს.

ექსპერტის თქმით, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს გარდა თავისა, დაზიანება ჰქონდა მარცხენა წვივზე და მკერდის მარცხენა მხარეშიც, ასევე ფეხზეც აღენიშნებოდა ნაჭდევები, მოტეხილობა არ ჰქონია.

ექსპერტმა ომარ ქაფიაშვილის სხეულზე აღნიშნული დაზიანებების შემდეგ, თორნიკე ქაფიაშვილის სხეულის დაზიანებებზე ისაუბრა:

"ბავშის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია - ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვა, ბავშვს აღენიშნებოდა წერტილოვანი სისხლჩაქცევები ტუჩის, ცხვირ-პირის თვალბუდის არეში, ასევე შიგნით ორგანოებში და ეს ყველა დაზიანებები ასფიქსიამ გამოიწვია... მარცხენა ყურის უკან ჰქონდა ხაზოვანი დაზიანება, მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული".

კითხვაზე შესაძლოა თუ არა ეს სისხლჩაქცევები ფრჩხილს გამოეწვია, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს სრულიად შესაძლებელი იყო.

თორნიკე ქაფიაშვილს გამოკვლევით დაუდგინდა ბრონქიტი და ქრონიკული ტოვნილიტი, ანუ გარკვეული სახის ალერგიული ფონი, თუმცა მძიმე პათოლოგია ბავშვს არ ჰქონია.

დაკითხვისას ექსპერტ ელენე ნაჭყებიას კითხვით ნაფიცმა მსაჯულებმა მიმართეს. ისინი დაინტერესდნენ, რამდენჯერ შეიძლება ჰქონოდა ქაფიაშვილს ურო დარტყმული, რაზეც ექსპერტმა თქვა, რომ პირველად ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში, იმის დადგენა ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მისთვის ურო რამდენჯერმე ჩაერტყათ.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)