ვინ და რატომ იწვია სააკაშვილმა საქართველოდან უკრაინაში?! - როგორ დასრულდება ოდესის გუბერნატორის ბრძოლა ორ ფრონტზე? - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ იწვია სააკაშვილმა საქართველოდან უკრაინაში?! - როგორ დასრულდება ოდესის გუბერნატორის ბრძოლა ორ ფრონტზე?

"ვითომ პრემიერ-მინისტრს ანბანის კოშკის საზეიმო გახსნის შემდეგ გაუხსნია სასტუმრო ციხისძირში. ოღონდ ეს სასტუმრო მე და ლევანმა 2006-ში დავიწყეთ და 2013 წელს უკვე დამთავრებული იყო და არ ხსნიდნენ“

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა მართლაც, რომ პიკს აღწევს, ერთ მხრივ უკრაინაში კარავში გადასახლებული ყოველდღიურად სიურპრიზს სიურპრიზზე უმზადებს უკრაინის მთავრობას, მეორე მხრივ კი საქართველოში"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას გეგმავს და წინასაარჩევნო პროცესებში დისტანციურად აქტიურადაა ჩართული. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის უკრაინიდან გამოძევებასა და აქ "ნაციონალური მოძრაობის" დადგმულ სკანდალში სააკაშვილის ხელი ერიაო. (იხილეთ: დავით გერლიანი: "ველოდი, თბილისის აეროპორტში პოლიცია დამხვდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად "რუსთავი-2" დამხვდა")

სააკაშვილი ღიად ლაპარაკობს საქართველოში დაბრუნებასა და არჩევნებში მოსალოდნელ გამარჯვებაზე, სულ ახლახან მის "ფეისბუკგვერდზე" გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურ და რაიონული ორგანიზაციების ლიდერებთან ერთადაა გადაღებული:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების ლიდერებთან განვიხილეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მზადება.

ცნობილი გახდა ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის წინასწარი შედეგები, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" საგრძნობი უპირატესობით ლიდერულ პოზიციებზეა, ხოლო "ქართულ ოცნებასთან" ერთად ყველა სხვა პარტიის რეიტინგები შემცირებულია, მათ შორის ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილ პარტიებს საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა, რომ ჩვენი ადგილობრივი ლიდერები კარგ ფორმაში არიან და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან“.

სააკაშვილი გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასაც:

„ლევანი ბრუნდება აჭარაში, ჩვენ ყველანი დავბრუნდებით!

გავიგე ვითომ პრემიერ-მინისტრს ანბანის კოშკის საზეიმო გახსნის შემდეგ გაუხსნია სასტუმრო ციხისძირში. ოღონდ ეს სასტუმრო მე და ლევანმა 2006-ში დავიწყეთ და 2013 წელს უკვე დამთავრებული იყო და არ ხსნიდნენ“.

8 ოქტომბრის არჩევნების მზადებასთან ერთად, ოდესის ოლქის გუბერნატორი აქტიურადაა ჩართული უკრაინაში ანტიკორუფციულ პოლიტიკაში. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები გვაცნობებენ, Grain Ukraine 2016-ის კონფერენციაზე, თავის გამოსვლაში სააკაშვილმა უკრაინის მდგომარეობა რუსეთში მიმდინარე პროცესებს შეადარა:

„უკრაინაში არსებული კატასტროფული კორუფციული მდგომარეობა, საერთოდ არ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე რუსეთშია. პირიქით, უარესადაა. იქ ზოგიერთი გადაწყვეტილება ცენტრალიზებულია, უკრაინაში კი მმართველობითი ორგანოები მთლიანად მოშლილია. უკრაინაში ყველაზე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკსაც კი არ შეუძლია რაიმე კარგი გააკეთოს, მისი სურვილის მიუხედავად“- განაცხადა ოდესის გუბერნატორმა და დაამატა, რომ „რუსეთში ბევრ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით იღებენ“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს აღარ სურთ რუსეთს სანქციები გაუგრძელონ და პუტინთან მოლაპარაკებას ესწრაფიან.

იხილეთ ასევე: შედი, მიშა, კარავში... რატომ გადაიტანა სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი კარავში?

მოამზადა ეკა გადახაბაძემ