"კარაბადინი" - მკურნალობა დედაბუნების რჩევით
ხომ გაგიგონიათ, მუნჯის ენა დედამ იცისო. შვილის ამბავს დედაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რაც უნდა მცოდნე და გულისხმიერი იყოს. შვილი კი, თუნდაც სხვათათვის სრულიად გაუგებრად მოსაუბრე, დედის ქვეცნობიერზე მოქმედებს და უსიტყვოდ ამცნობს სატკივარს...
ეს ხალხურ ანდაზაზე ორიენტირებული შესავალი წერილისათვის იმიტომ დამჭირდა, რომ ხალხურ სიბრძნესა და ჩვენს დიდ დედაზე - დედაბუნებაზე უნდა გესაუბროთ.
კაცობრიობას ძალიან უჭირს იმ ათასობით სენთან გამკლავება, პანდორას დაწყევლილი ყუთიდან რომ მოედო დედამიწას. იყო დრო, ანტიბიოტიკის გამოგონებამ გადატრიალება მოახდინა, მაგრამ მერე და მერე ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ვერც ეს რევოლუციური აღმოჩენა შეძლებს ყველა სნეულების დამარცხებას.
ბევრი ხელოვნურად მიღებული პრეპარატი დაფასდა და გადაფასდა, ბევრი აიკრძალა... და ვიდრე კაცობრიობა მუდმივად წამლის ძიებაშია, დედა, რომელმაც შვილის სნეულებაზე ყველაზე მეტი იცის, ისევ გვთავაზობს დახმარებას. ცხადია, ექიმის დახმარება შეუცვლელია და მისი უგულებელყოფა - დიდი შეცდომა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანს შეუძლია ბუნების მრავალფეროვანი აფთიაქიდან აიღოს და საკუთარ ჯანმრთელობას მოახმაროს წამლად ქცეული ბალახი თუ ფესვი, ყვავილი თუ ფოთოლი.
სწორედ ამას ემსახურება ახალი წიგნი "კარაბადინი", რომელიც საგამომცემლო სახლმა "პალიტრა L"-მა "კვირის პალიტრის" ამავე სახელწოდების რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალებით შეადგინა. ავტორი - თამარ მამაცაშვილი პროფესიით ექიმი გახლავთ.
- ხალხში გაბნეულ სამკურნალო რეცეპტებში დიდი ხალხური სიბრძნეა და ამდენად, მათი თავმოყრა საჭირო საქმედ მიგვაჩნდა. ჩვენ წლების მანძილზე ვთხოვდით "კვირის პალიტრის" მკითხველს, მოეწოდებინათ წინაპართაგან ნამემკვიდრალი და გამოცდილი რეცეპტები. ასე შევაგროვეთ სოლიდური მასალა, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2002-2008 წლებში გამოქვეყნებული რეცეპტებისაგან შედგება. ეს ყველაფერი "კარაბადინის" I წიგნში მოვაქციეთ. კარაბადინის II, III ნაწილებში ისევ შემოგთავაზებთ მომდევნო წლებში დაბეჭდილ რეცეპტებს.
- როგორ მოახერხეთ, რომ მკითხველისათვის ადვილი მისაგნები იყოს საჭირო რეცეპტი?
- ამისათვის "კარაბადინს" დავურთეთ სარჩევი, სადაც ჩამოთვლილია დაავადებები. ყოველი სათაურის ქვეშ მითითებულ გვერდზე თქვენ ნახავთ დროით გამოცდილ რეცეპტებს. ყველაფერი ანბანურადაა დალაგებული: ადენოიდები, ათეროსკლეროზი, ანემია, ბრონქული ასთმა, ბრონქიტი... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...
- ბევრს აინტერესებს, რას კურნავს ესა თუ ის მცენარე...
- ესეც გავითვალისწინეთ და გვაქვს მცენარეთა საძიებელიც, სადაც თითოეული მცენარის გამოყენების შესახებ ინფორმაციას გვერდების მიხედვით მიაგნებთ. ესეც ანბანურადაა დალაგებული: აბზინდა, ალვა, ალოე, ალუბალი, ანისული და ასე შემდეგ...
- ბევრი მცენარე შეიძლება ძალიან ნაცნობი იყოს, ბევრი კი სახელით არც ეცნოს მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ბევრმა არც იცის კვლიავი როგორი მცენარეა, ან ჯანჯაფილი რომელია...
- ამის გამო "კარაბადინის" ახალ გამოცემას მცენარეთა ფერად ილუსტრაციებსაც დავურთავთ. მაქსიმალურად ვეცდებით, მკითხველს საშუალება მიეცეს სამკურნალო მცენარეების გამოყენებისა.
"კარაბადინის" გამოსვლის შემდეგ რედაქციაში ზარი არ წყდება, გვირეკავენ, მადლობას გვიხდიან, კითხვებსა და სურვილებს გვთავაზობენ. რამდენიმე ზარს თავად ვუპასუხე.
- ასეთი წიგნი ყველა ოჯახში უნდა იყოს, - სალამს მოაყოლა უცნობმა ქალბატონმა ნაირა ნატროშვილმა და განაგრძო, - მე უკვე გამოვიყენე თქვენი რეცეპტი და შედეგიც მივიღე. ამოვისუნთქე სახსრების გაუთავებელი ტკივილისაგან...
- ძალიან გვიხარია, - ვუთხარი მართლაც გახარებულმა...
- და თუ შეიძლება დაწერეთ: ჩემი ქალიშვილი ძალიან სათუთი კანის გამო სულ გამონაყარით იტანჯებოდა. "კარაბადინის" რეცეპტმა ორგანიზმის გაწმენდის შესახებ სახის კანი გაუწკრიალა...
სამწუხაროა, რომ ტელეფონით საუბრების ინტონაციას წერილი ვერ გადმოგცემთ... თავს აღარ შეგაწყენთ იმ უამრავი მადლობის მოხმობით, რასაც "კარაბადინის" გამოსვლის შემდეგ ყოველდღე ვიგებთ. უბრალოდ გეტყვით: გამოიყენეთ ეს სიკეთე, ზოგჯერ მაინც მოუსმინეთ დედაბუნებას, რომელმაც მართლაც ყველაზე უკეთ იცის შვილის ენა...