"აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა"

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

„ახლა ყველა თავის გამოსვლაში თურქეთს უსამძიმრებს მომხდარი ტერაქტის გამო, რაც სწორია. ჩვენც ვუთანაგრძნობთ, რადგან ის რაც მოხდა, საშინელებაა. თუმცა მოდით ობიექტურად შევხედოთ იმას, რაც ხდება. მოხდა კი შემდეგი: რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა - ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, შემდეგ კი ის თურქეთში აღმოჩნდა“, - განაცხადა კოვალიოვმა.

ის დაეთანხმა ჟურნალისტების შენიშვნას, რომ ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული აჰმად ჩატაევის კავშირი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან და ამავდროულად, მოუწოდა ჟურნალისტებს, სიტუაციაში „ობიექტურად“ გაერკვნენ.

„მოდით, დავამყაროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მაინც. ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, არის ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ტერორისტის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლებლობა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ასაცილებლად. საჭირო იყო მხოლოდ თანამშრომლობა“, - განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა.

"ინტერპრესნიუსი"