აჰმედ ჩატაევის ამნისტია - ჰუმანური აქტი თუ შეცდომა?! - საით მივყავართ შესაძლო ტერორისტის კვალს?!
უკვე მერამდენე დღეა, მსოფლიოს ყურადღება თურქეთში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტისკენ არის მიპყრობილი. ჯერჯერობით, ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა დაზუსტებული არ არის, მაგრამ დასავლური და თურქული მედია, ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ათათურქის აეროპოტში აფეთქება საქართველოსთვის კარგად ცნობილი აჰმედ ჩატაევის ორგანიზებით მოხდა.
"აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა... ახლა ყველა თავის გამოსვლაში თურქეთს უსამძიმრებს მომხდარი ტერაქტის გამო, რაც სწორია. ჩვენც თანავუგრძნობთ თურქეთს, რადგან რაც მოხდა, საშინელებაა. თუმცა, ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს. რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ჩატაევმა კი მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა - ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ კვლავ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს... შემდეგ ის თურქეთში აღმოჩნდა", - ეს განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყო... ის სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ნომერ პირველი მტერია. სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და "ისლამური სახელმწიფოს" ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი", - ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკლ მაკოლმაც განაცხადა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ, ციხიდან გამოუშვა პატიმარი, რომელიც პანკისში მებრძოლთა მომზადების ბრალდებით იხდიდა სასჯელს... ოპოზციის ნაწილმა ბრალდებულის გათავისუფლებაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაადანაშაულა. თავად მინისტრმა კი, რომლის დაქვემდებარებაში 2012 წლისთვის პროკურატურა შედიოდა, განაცხადა, რომ არ იყო ჩატაევის გათავისუფლების მომხრე და მისი გათავისუფლება მაშინდელი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა...
ექსპერტების თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ლაფანყურის მოვლენების დროს, აჰმედ ჩატაევი პანკისში ორ ოფიციალურ პირთან ერთად მოსალაპარაკებლად გაგზავნა. უკან კი, მხოლოდ ორი დაბრუნდა და მათ შორის ჩატაევი არ ყოფილა. ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩატაევი საქართველოს ციხეში აღმოჩნდა, თუმცა მისი უფლებების დაცვისთვის არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძოდნენ, მათთან ერთად იყო, სახალხო დამცველის უწყებაც...
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით: "მისი გათავისუფლება მოხდა ბრალდების საფუძვლების არარსებობის გამო. გარდა ამისა, მან 2013 წელს დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამიტომ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. თუ ჩატაევის ტერაქტებში მონაწილეობა გამოძიებამ დაადგინა, ცხადია, ჩვენ არანაირი შეხება და კავშირი არ გვაქვს."
აჰმედ ჩატაევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან ხელი რუსეთში პატიმრობისას დაკარგა, ფეხი კი საქართველოში.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს თურქეთის ტერაქტში ჩატაევის მონაწილეობის დამტკიცებამ საქართველოზე და ამ ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ვესაუბრეთ:
- ჯერჯერობით, ამ ტერაქტში აჰმედ ჩატაევის მონაწილეობის ფაქტი არ დადასტურებულა. თუ დადასტურდა, საქართველოს მთავრობისთვის გარკვეულ უხერხულობას წარმოშობს, ვინაიდან მან ეს ადამიანი წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებულად ცნო და გაათავისუფლა. იმავდროულად, მათ ახლა ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მოუწევთ პასუხის გაცემა, - რამდენად სწორი იყო მათ მიერ განხორციელებული ამნისტიის პოლიტიკა. მაშინ საუბარი იყო მხოლოდ ტერორისტზე კი არა, ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანების გამოშვებაზეც. ამ შანსს რუსეთიც გამოყენებს და მუდმივად შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ როდის საუბრობდა პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობაზე... გვახსოვს, სერგეი ლავროვის კიჟინა იმაზე, რომ პანკისის ხეობა ტერორისტების კერაა. თუმცა, რომც დადასტურდეს ამ ტერაქტში ჩატაევის მონაწილეობა, ეს საქართველოს საგარეო იმიჯს ზიანს ვერ მიაყენებს, რადგან, ის სირიაში თურქეთის გავლის გარეშე ვერ გადავიდოდა. ამიტომ, ეს პრობლემა საქართველოსა და თურქეთს თანაბრად ეხება. კიდევ ერთი- საქართველოს ხელისუფლებაში ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ, რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციაში მისი რეკრუტირება მოხდებოდა და თურქეთში ტერაქტის მოსაწყობად გამოიყენებდნენ. ამ ლოგიკით, არც ერთი პატიმარი არ უნდა გამოუშვა ციხიდან, რადგან შესაძლოა, მან შემდეგში კიდევ ჩაიდენოს დანაშაული.
- გავრცელებული მოსაზრებით, მაშინ, როდესაც ჩატაევი გაათავისუფლეს, სპეცსამსახურებში ჯერ კიდევ სააკაშვილის კადრები იყვნენ და ეს მათი გადაწყვეტილება იყო.
- ეს ძალზე სუსტი არგუმენტია. ასეთი ტიპის განცხადებები, პირველ რიგში, ქართული სპეცსამსახურების დისკრეტიდაციას ემსახურება. ეს უწყება აპოლიტიკური უნდა იყოს, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს ისევ და ისევ ირიბი მინიშნებაა იმისა, რომ არაკეთილმოსურნე ქვეყანამ საქართველოში ტერორისტების ხელშემწყობი ძალა დაინახოს. სააკაშვილამდე საუბრობდა სერგეი ლარვოვი პანკისის ხეობაში ტერორისტების გადამზადების შესახებ და ზღაპარი საჭიროების დროს გამოიყენეს კიდეც. მაშინ ოფიციალურმა რუსეთმა განაცხადა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენსო...
- თურქეთის ტერაქტში შუა აზიის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული. ეს რაღაც სიახლეა?
- დიახ, 90-იანი წლების შემდეგ, შუა აზიის მოქალაქეები რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობაში პირველად გამოჩდნენ. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რადიკალური ისლამის თემა კვლავ აქტუალური ხდება - "თალიბანთან" ერთად უზბეკეთში ალ ქაიდას ადგილობრივი ფილიალი ისევ გააქტიურდა, არადა, ბოლო დროს ცენტრალურ აზიაში, რადიკალური ისლამი მიჩუმებული იყო... ეს ცენტრალურ აზიაში ვითარების გამწვავების წინაპირობაზე მიანიშნებს. ამის საფუძვლად ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარება შეიძლება მივიჩნიოთ. მაგალითად, ყირგიზეთი ცხოვრების მაღალი დონით არ გამოირჩევა, რაც რადიკალი ისლამისტებისთვის ხელსაყრელია, რათა ამ ქვეყნების მოსახლეობის "ისლამურ სახელმწიფოში" რეკრუტირება მოახდინონ და როგორც ჩანს, გამოსდით კიდეც...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)