ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს განაჩენი გამოუტანეს - კვირის პალიტრა

ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს განაჩენი გამოუტანეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

12 ნაფიც მსაჯულს ვერდიქტის გამოსატანად გამოყოფილი 3-საათიანი დრო სრულად არ დასჭირდათ და გადაწყვეტილება 2 საათსა და 30 წუთში გამოაცხადეს.

მათ პაპიძე დამნაშავედ ცნეს.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილი ბრალის ორივე ნაწილში გაამტყუნეს. მათ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

სასჯელის ზომის განსაზღვრაზე სასამართლო უკვე 6 ივლისს იმსჯელებს.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ტაშით შეხვდნენ. დარეჯან მინდიკაურმა კი ბრალდებულს დარბაზიდან გასვლის წინ მკვლელი უწოდა.

მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.

მხარეები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრალდების მხარე მომხრე იყო, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართულიყო. დაცვის მხარემ კი აღნიშნა, რომ მათი სურვილია მაგდა პაპიძეს სასჯელი მოსამართლემ დაუნიშნოს.

მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ მიზნით სასამართლო სხდომა 6 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა" - პაპიძის დის კომენტარი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ