"მამის მოსაკლავად პურის დანით გამოვარდა... კიდევ კარგი, ფერდში მოხვდა, თორემ იქვე დალევდა სულს"
"კაცი მთელი ცხოვრება სვამდა, დათვრებოდა და ცოლ-შვილს აწიოკებდა"
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 22 წლის გ.შ-მ მამას, 54 წლის ვ. შ-ს დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმებმა შუახნის მამაკაცის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს, დამნაშავე მიიმალა, მოგვიანებით კი, სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. საქმე სისხლის სამართლის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.…
მამა-შვილს შორის ჩხუბსა და კონფლიქტებს გამუდმებული ხასიათი ჰქონდა, რასაც ადგილობრივებიც ხშირად ხედავდნენ. მათი თქმით, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ხელის შეშლას კი ვერავინ შეძლებდა. ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარის შესახებ საუბრობს:
- ამ ოჯახში მამა მთელი ცხოვრება სვამდა, შინ სულ მთვრალი ბრუნდებოდა და ჩხუბობდა. ამით შეურყია ფსიქიკა ოჯახს და შეიწირა შვილების მომავალი. ორი ვაჟი ჰყავს, ორივე ბავშვობიდან მთვრალ მამას უყურებდა - ხედავდნენ, როგორ ტეხდა აყალმაყალს, როგორ აწიოკებდა ცოლ-შვილს. ჰოდა, რომ გაიზარდნენ, მათაც მამას მიჰბაძეს და სმა დაიწყეს. მაგალითს დიდი ძალა აქვს... ამას ის მოჰყვა, რომ საბრალო დღეში ჩაცვივდნენ, ღარიბ-ღატაკები არიან. როცა კაცი სულ დალევაზე ფიქრობს, იმას მუშაობისთვის სად სცალია?!
- თავს როგორ ირჩენდნენ?
- ხან ვინ დაუძახებდა სუფრაზე და დაალევინებდა, ხან - ვინ. ადრე მამას ერთი დანჯღრეული "მარშუტკა" ჰყავდა. რომ არ დაელია, ოჯახში პურის ფულს შეიტანდა, მაგრამ იმდენი სვა, რომ ტარების უფლება ჩამოართვეს... ეს უბედურებაც მაშინ მოხდა, როცა მამა-შვილმა ერთად დალიეს და მერე ჩხუბი ატეხეს. შვილი ქუჩაში გამოვარდა, მამაც გამოყვა და იქ აგინებდა. ჩაუდგა საწყალი დედა შუაში, მაგრამ რა შეუძლია, სულ დააბეჩავა ქმარმა. მეზობლებმა თითქოს კი გააშველეს მამა-შვილი, მაგრამ იმას ვინ იფიქრებდა, რომ ბიჭი შინ გაიქცეოდა და მამის მოსაკლავად დანას გამოარბენინებდა. ხალხი რომ დაიშალა, პურის დანით გამოვარდა და დასცხო მამამისს. კიდევ კარგი, კაცი მის დანახვაზე შემოტრიალდა და დანა მუცელში არ მოხვდა - ასცდა და ფერდში გაეყარა, თორემ იქვე დალევდა სულს. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა და დაჭრილი წაიყვანა. ერთი სიტყვით, ამჯერად კი აიცდინა შვილმა მამის მკვლელის სახელი, მაგრამ არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. ასეთ დროს კიდეც უნდა უხაროდეს ადამიანს, ეს ბიჭი ციხეში რომ მოხვდება, ვინ იცის, კიდევ რას მოიმოქმედებდა, რას მოუწევდნენ ერთმანეთს. თუმცა, კაცი რომ მამის მოსაკლავად ხელს აიღებს, ციხიდან გამოსული, მომავალში რას იზამს, რთული სათქმელია. არადა, ამ სიტუაციას არც სხვა საშველი აქვს - ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, ხალხი იმუშავებდა და ლოთობამდე არ მივიდოდა.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)