"როგორც ჩანს, არჩევის დღიდან ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, არჩევის დღიდან ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ"

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასჯელის გასაჩივრების გადაწყვეტილებას, სასჯელის დანიშვნის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფხალაძემ განუცხადა, ჯერჯერობით ადვოკატებს მაგდა პაპიძესთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

მისივე თქმით, სასჯელის დანიშვნის სხდომას ბარლდებული აუცილებლად დაესწრება და გასაჩივრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, რადგან საკასაციო წესით მხილოდ სასჯელის ვადა შეიძლება გასაჩივრდეს და არა ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი.

”ნაფიცი მსაჯულები ორსაათნახევარში რომ გამოვიდნენ სათათბირო ოთახიდან, უკვე ცალსახად გასაგები იყო რასაც იტყოდნენ. 9 ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი. ისეთი კითხვის ნიშნები იყო და იმდენად ბევრი საკითხი იყო განსახილველი, რომ შეუძლებელია 2 საათში ამაზე ესაურათ და ერთხმად მიეღოთ გადაწყვეტილება. მინიმუმ ამ კითხვის ნიშნებზე უნდა ემსჯელათ მაინც. ამ პოზიციიდან გამომდინარე, უკვე მჯერა, რომ არჩევის დღიდან, როგორც ჩანს, ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მარიკა ფხალაძემ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნაფიცი მსაჯულები საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ იყო შექმნილი.

როგორც ცნობილია, ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.