"მზად ვარ, ერმა მომიშვიროს ტყვია... გთხოვთ არ დამტოვოთ ცოცხალი" - პაპიძის ბოლო სიტყვა სასამართლოზე - კვირის პალიტრა

"მზად ვარ, ერმა მომიშვიროს ტყვია... გთხოვთ არ დამტოვოთ ცოცხალი" - პაპიძის ბოლო სიტყვა სასამართლოზე

6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მოსმართლემ მხარეებს მიმართა დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია სასჯელთან დაკავშირებით.

პროკურატურის მოთხოვნაა, რომ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს: "ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფას ადამიანს კლავს, საკუთარი შვილი საკუთარი ხელით მოკლა, ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან და მოვითხოვ უვადო თავისუფლების აღკვეთას".

სიტყვის თქმის უფლება მიეცა, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს, რომელმაც ასევე უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა: "ამ ადამიანმა ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, ის არის საშიში ყველასთვის, არამარტო ჩემი ოჯახისთვის, ვითხოვ უვადო პატიმრობას".

ამის შემდეგ ადვოკატი მარიკა ფახალაძეზე გამოვიდა სიტყვით: "მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ ვიცავდი პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი, იგი ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში დაადანაშაულეს. მეც დედა ვარ, და ნამდვილად ვერ შევძლებდი მის დაცვას დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, რომ მას შვილი არ მოუკლავს, ვთხოვ სასამართლომ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ ახასიათებდნენ მაგდას, როგორც დედას, რომ ის იყო გიჟი დედა და საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა, ის ცდილობდა დაეცვა თავისი შვილი სხვა ბავშვებისგან, თქვენ მოისმინეთ ფსიქოლოგის ჩვენება, რომ მაგდა არის პიროვნება, რომელიც უკმაყოფილობის გრძნობას განიცდის სითბო-სიყვარულის ნაწილში, გთხოვთ მას სასჯელის მინიმალური ზომა განუსაზღვროთ.

ბოლო სიტყვა თქვა ბრალდებულმაც, მაგდა პაპიძე: "ჩემი ბოლო სიტყვა ნაფიცების გარდა არავის მოუსმენია, როცა ნაფიც მსაჯულებთან ვსაუბრობდი, დიდი იმედი მქონდა, მათი კითხვებიდან გამომდინარე მაგრამ მოხდა პირიქით, მე თუ ვიქნები ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია არათუ სასჯელის, თუ ბერძენიშვილის გამო საკუთარი ხელით ოჯახის დამანგრეველი ვარ, მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია, მე თვითონ ვილოცებ იმათთვის, ვინც ამას გააკეთებს. მე ვიბრძოდი ჩემი სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცემა, ახლა არ მაქვს პრეტენზია არც სოცოცხლის და არც არაფრის. გასაგებია, რომ ყველას უნდა უვადო პატიმრობა მომისაჯონ, გული არ ამიჩქარდება არც დენის სკამისთვის და არც არაფრისთვის პრეტენზია არ მაქვს, იქნება სასჯელი ერთი წელი თუ 20 წელი. ამ ბრალდების შესისხლხორცება არ შემიძლია, დაკავების დღიდან სიმართლისთვის ვიბრძვი, ამას ვერ მივაღწიე, გთხოვთ ცოცხალი არ დამტოვოთ, 25 წლის გოგომ ეს თუ ჩაიდინა, არ მინდა ასეთი სიცოცხლე, თვითმკვლელობას არასოდეს ჩავიდენ, მივმართავ ზემდგომ ორგანოებს, ჩემმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთოს ასეთი ადამიანი ცოცხალი რომ არ დარჩეს".

ამის შემდეგ, მოსამართლე გავიდა სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად.

ვიდეო

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)