მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა, რასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტაში მოყვა.

პაპიძეს 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეუძლია ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართოს. უფლებები, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს კანონმდებლობით გააჩნიათ, პაპიძეს დღევანდელ პროცესზე თავად მოსამართლემ განუმარტა.

მოსამართლემ პაპიძეს აუხსნა ისიც, რომ პატიმრობის 20 წლის მოხდის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვის გარდა, მას შეუძლია შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართოს.

თავად მსჯავრდებულს მის განაჩენთან დაკავშირებით დარბაზში კომენტარი აღარ გაუკეთებია. სასამარლო უკომენტაროდ დატოვეს პაპიძის დედამთილმა და დედამაც.

მოსამართლემ დამნაშავდედ ცნო პაპიძე და იქვე განუმარტა, რომ მას აქვს უფლება, განაჩენი ერთჯერადად გააასაჩივროს ერთი თვის ვადაში.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ორი დღის წინ გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16 წლიანი პატიმრობა) ითხოვდა.

იხილეთ ასევე: "მზად ვარ, ერმა მომიშვიროს ტყვია... გთხოვთ არ დამტოვოთ ცოცხალი" - პაპიძის ბოლო სიტყვა სასამართლოზე

ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian woman accused of murdering her husband and child sentenced to life imprisonment