ჯვარი, რომელზეც უფალი გააკრეს - კვირის პალიტრა

ჯვარი, რომელზეც უფალი გააკრეს

დიდმარხვა მიილია და ვნების კვირა დაგვიდგა. ამ კვირის ყოველი დღე ჩვენი უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს გაგვახსენებს ქრისტიანებს. ოთხშაბათს მომსწრე გავხდებით იუდას მიერ უფლის გაცემისა. მეორე დღეს თვით იესო დაბანს ფერხთ თავის მოწაფეებს და დააწესებს წმინდა ზიარების საიდუმლოს. დიდ პარასკევს უდიდეს დანაშაულს გავიხსენებთ, რომლის მსგავსიც არ მომხდარა მზისქვეშეთში. ვნების გზას გავუყვებით მაცხოვართან ერთად, ავალთ გოლგოთაზე და თვალს მივაპყრობთ ჯვარცმულ მაცხოვარს. მივეხმარებით ნიკოდიმოსს მაცხოვრის დაფვლაში და სუნთქვა შეკრულნი დაველოდებით იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. სანუგეშოდ სულისა გვსურს მცირედით მოგითხროთ, იმ პატიოსანი ჯვრის ისტორია, რომელზეც ჯვარს აცვეს უფალი.

როცა იოსებმა და ნიკოდიმოსმა ჯვარცმული მაცხოვარი ძელიდან გარდამოხსნეს, იუდეველებმა, პასექის დიდი დღესასწაულის წინ გუნება რომ არ გაფუჭებოდათ იმ `სამარცხვინო~ ძელების ხილვით, რომლებზეც იესო და ორი ავაზაკი აცვეს ჯვარს, სამივე იქვე, გოლგოთაზე ჩაფლეს.

ქრისტეს შობიდან 70 წელს აჯანყებული იერუსალიმი რომაელმა მხედართმთავრებმა აიღეს და სახელგანთქმული ტაძარი საძირკვლამდე დაანგრიეს. იუდეველთა დედაქალაქი ნელ-ნელა წარმართებით აივსო. მალე მათ გოლგოთაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც სამი ჯვარი იყო ჩამარხული, ვენერას სახელობის ტაძარი ააგეს. დაიწყო ქრისტიანთა უმოწყალო დევნა, რომელიც სამი საუკუნე გაგრძელდა. უფლის ჯვრის პოვნის სურვილი რომც ჰქონოდათ მორწმუნეებს, იმხანად ეს შეუძლებელი იყო - ვენერას ტაძარს მათ არავინ დაანგრევინებდა. ასე რომ, ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი აღესრულა, სამი საუკუნის განმავლობაში მიწაში იყო დაფლული და მისი სამყოფელი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ ქრისტიანებმა შვება იგრძნეს, 313 წელს კი იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინეს ეს მას შემდეგ გადაუწყვეტია, რაც ზეცაში სამგზის უხილავს ჯვარი პატიოსანი წარწერით: `ამით სძლევო”. იმპერატორის ბრძანებით, ჩამოუსხამთ ოქროს ჯვარი და თვალ-მარგალიტით შეუმკიათ. კონსტანტინეს ჯარისთვის ეს ჯვარი წაუმძღვარებია წინ და სამგზის უძლევია მოწინააღმდეგე.

როცა ჭეშმარიტად იგრძნო ჯვრის ძალა, წმინდა კონსტანტინემ ძელიცხოვლის (მაცხოვრის ჯვრის) მოსაძებნად იერუსალიმში დედა გაგზავნა. წმინდა ელენე უკვე ოთხმოცი წლის ყოფილა, მაგრამ ახალგაზრდული მონდომებით აუტაცია შვილის სურვილი.

დედოფალი პირველ რიგში იერუსალიმის პატრიარქ მაკარიოსს სწვევია, მაგრამ არც მას სცოდნია ჯვრის ადგილსამყოფელი.

ბოლოს გამოჩნდა ერთი იუდეველი, რომელმაც ის ადგილი მიუთითა, სადაც ჯვრები უნდა ყოფილიყო ჩამარხული. ელენე დედოფლის ბრძანებით ვენერას ტაძარი დაანგრიეს და მიწა გათხარეს. იპოვეს სამი ჯვარი, ეკლის გვირგვინი, ლურსმნები და ფიცარი წარწერით ”ინმჰ” - ”იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა”. წარწერიანი ფიცარი ცალკე იდო, ამიტომ ვერაფრით მიხვდნენ, რომელი ჯვარი იყო ქრისტესი. მაშინ პატრიარქის რჩევით სამივე წააბრძანეს ერთი ქალის სახლში, რომელიც სასიკვდილო სენით იყო შეპყრობილი, ილოცეს და ჯვრები სათითაოდ შეახეს სნეულს. უფლის ჯვრის შეხებისთანავე ქალი საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. ძელიცხოვლის რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცდათ, როცა მისი შეხებით მკვდარი გაცოცხლდა.

მთელი იერუსალიმიდან დაიძრნენ ძელიცხოვლის სანახავად. მორწმუნენი კრძალვით და სიყვარულით მიეახლებოდნენ უფლის ჯვარს. ყველას რომ დაენახა, პატრიარქი მაკარიოსი შემაღლებულ ადგილას დადგა და ჯვარი აღამაღლა (სწორედ აქედან იღებს სათავეს ჯვართამაღლების დღესასწაული). ელენე დედოფლის ბრძანებით გააკეთეს ვერცხლის ლუსკუმა, რომელშიც ძელიცხოველი ჩაასვენეს და პატრიარქს მიაბარეს შესანახად. წმინდა ელენემ მრავალი ტაძარი ააგო იერუსალიმში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. თან წაიღო ეკლის გვირგვინი, ძელიცხოვლის ნაწილი და ლურსმნები.

რა ბედი ეწია ამ სიწმინდეებს?

სასწაულმოქმედი ჯვრის ნაწილი მეფე კონსტანტინემ ოქროს კიდობანში ჩააბრძანა. ერთი ლურსმანი ელენე დედოფალმა კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას აბობოქრებული ზღვის დასამშვიდებლად ჩააგდო წყალში. მეორე ლურსმანი იმპერატორმა მუზარადში ჩაამაგრა, მესამე - ცხენის აღვირში, მეოთხე სამსჭვალი კი დედოფალმა ერთ წარჩინებულს მიაბარა შესანახად.

614 წელს სპარსეთის შაჰმა ხოსრომ დაიპყრო ეგვიპტე და პალესტინა, რომელიც იმ დროს ბიზანტიის იმპერიის პროვინცია იყო. სპარსელებმა გაძარცვეს იერუსალიმი, დაატყვევეს პატრიარქი ზაქარია და ძელიცხოველთან ერთად სპარსეთში წაიყვანეს. მეფემ ვერ გაბედა სასწაულთმოქმედი ჯვრის განადგურება და ხელი არ ახლო.

თოთხმეტი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ სპარსელები დაამარცხა და ძელიცხოველი ისევ იერუსალიმში დააბრუნა. ამ დროს ერთი სასწაული მოხდა: მეფურად შემოსილმა ჰერაკლემ იერუსალიმს რომ მიაღწია, მოიკიდა ჯვარი და გზას გაუდგა, მაგრამ გოლგოთასთან მისული ალაყაფის წინ შედგა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. მაშინ პატრიარქმა ზაქარიამ უთხრა: მეფეო, ჩვენს უფალს ჯვარი ამგვარად არ უტვირთიაო. ჰერაკლემ განიძარცვა სამეფო შესამოსელი და ჯვარი დაუბრკოლებლად ააბრძანა გოლგოთაზე

მას მერე გავიდა საუკუნეები. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ძელიცხოველმა ჩვენს დრომდე მოაღწია. ამჟამად ის იერუსალიმში, უფლის აღდგომის ეკლესიაშია დავანებული, ოღონდ იმხელა აღარ არის - საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანებმა სასწაულთმოქმედი ჯვრიდან მრავალგზის ამოიღეს ნაწილები, რომელთაც დღესაც ნახავთ მთელ ევრაზიაში.

ქართველებს IV საუკუნეშივე გვარგუნა უფალმა ეს დიდი წყალობა. მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. დიდად გაუხარდა კონსტანტინე კეისარს ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი. გამოატანა ურიცხვი განძიც მისი სახელით ტაძართა ასაშენებლად.

ქართლისკენ მომავალ წმინდა იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს - განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, ხოლო მანგლისში - ფერხთა ფიცარი.

XIII საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს, რუსუდანის ძეს, უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი - ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც, როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში გადაიტანეს.

მეფე არჩილს ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონდა. თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს და, როგორც მატიანე მოგვითხრობს, ”ტყუილად ფუც” უეცრად დახოცილან კიდეც ედიშერ და ოთარი, არაგვის ერისთავი. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მას მეფე გიორგისთვის უთქვამს, წავალ რუსეთში, თუ ქრისტეს სამსჭვალს, სუდარას და საბელს გამატანთო. გაუძნელდა მეფეს, მაგრამ მაინც შეუსრულა სათხოვარი. წაიღო არჩილმა სიწმინდეები რუსეთში ”და მოაკლდა მიერით ნიჭნი ესე ღვთისანი ქართლს”. ეს იყო 1681 წელს. არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში მდებარე მუზეუმს, იარაღის პალატას გადაეცა, მათ შორის ეს მიტრაც.

რაც შეეხება მეორე სამსჭვალს, ღვთის წყალობით, ის დღესაც საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა.

ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში, რომელსაც ზურგზე ასეთი წარწერა აქვს: ”ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს”.

ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი, დაახლოებით 17,6 სმ სიმაღლისა, ”ალავერდისა ძელისა ჭეშმარიტის მიხედვითა ორგზის დიდი”. ოქროს მოჭედილობის წარწერის მიხედვით, იგი წმინდა ვახტანგ გორგასალს ჩამოუტანია, ხოლო შემდგომში რუსუდან დედოფალს განუახლებია. 1798 წლის ივლისში ნიქოზის ეპისკოპოსის ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადნი ამირეჯიბნი და მათი მოდავენი, იმერეთის მესაზღვრენი. ფიცის შემდეგ ეკლესიის მცველთ ძელი ჭეშმარიტის საწიგნიდან აღება და შენახვა დავიწყებიათ, მხოლოდ მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ერთხანს მის მოპარვას წერეთლისა და აბაშიძის გლეხებს აბრალებდნენ. დიდხანს ეძებეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის კვალსაც ვერ მიაგნეს. ასე დაგვეკარგა საუკუნოდ ეს სიწმინდე... ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა. მხოლოდ მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა მღვდელმთავარი თავის სამწყსოს.

ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც  მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე - ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში (და არა მარტო იქ) იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ძელიცხოველი იყო ჩაბრძანებული ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.

1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად გასნაჯეთ - წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ ანსელუსის შეწირულ ჯვარს დიდად აფასებდნენ ფრანგები.

საინტერესოა, ნამდვილი იყო თუ არა ძელიცხოვლის ყველა ნაწილი. ზურაბ ავალიშვილი წერს: ”მორწმუნე მკვლევარებმა, ტრადიციის დამცველებმა, ვერ მოითმინეს და იმის დამტკიცებას ეცადნენ, რომ ყველა ხის ნაჭერი, რომლებიც ძელი ჭეშმარიტის ნაწილებად ითვლება, რომ გაზომოთ და მათი საერთო კუბი შინაარსი იმას შევადაროთ, რაც უნდა ყოფილიყო იესო ქრისტეს ჯვარი, გამოჩნდება, რომ ცნობილი ნაწილების ჯამი, სამჯერ გადიდებული, ერთ მეათედსაც არ შეადგენს იმ ხის მასისას, რომელიც უნდა ჰქონოდა იესო ქრისტეს ჯვარს მეცნიერული გამოკვლევითა და გამოანგარიშებით.

ერთხელ მამა გაბრიელი (ურგებაძე) მცხეთაში სამთავროს ეკლესიას ალაგებდა. წმინდა მირიანისა და ნანას სვეტის ნიშში ძელიცხოვლის ნაწილი უპოვია: ”როცა პირველად შევეხე, რაღაც ძალამ უკან გადმომაგდოო”, - ჰყვებოდა ბერი. მეუფე დანიელსა და მამა გაბრიელს ეს სიწმინდე საკურთხეველში შეუბრძანებიათ. მას თაყვანსაცემად მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე გამოაბრძანებენ ხოლმე.

 კახაბერ კენკიშვილი