"სვანეთის დატბორვა იწყება..." - კვირის პალიტრა

"სვანეთის დატბორვა იწყება..."

"ჰესების მშენებლობა სვანეთს უქადის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას. კატასტროფის შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი სამეგრელო წალეკოს!"

3 ივლისს ჭუბერში "ნენსკრა ჰესის" მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციას ჭუბერის თემის მოსახლეობის გარდა ზემო სვანეთის 17 თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყო პოლიტოლოგი ცოტნე გამსახურდია, რომელმაც ჰესების მშენებლობით გამოწვეულ რისკებსა და საფრთხეებზე kvirispalitra.ge-სთან ისაუბრა:

- 3 ივლისს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში საერთო-სახალხო შეკრება ლალხორი ჩატარდა. მოსახლეობამ გამოხატა პროტესტი ჭუბერში დაწყებული დიდი ჰესების მშენებლობაზე, რის შედეგადაც იწყება სვანეთის დატბორვა. ტერიტორია იტბორება ერთი მხრივ, "ხუდონისა" და მეორე მხრივ, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის წარმოების შედეგად. ჰესების მშენებლობა სვანეთს უქადის დატბორვას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას და, ღმერთმა დაიფაროს, კატასტროფის შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი სამეგრელო წალეკოს. ხალხი აპროტესტებს ამ ყველაფრის თვითნებურ, ყოველგვარი კონსულტაციებისა და შესწავლის გარეშე განხორციელებას.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით დადასტურებულია, რომ შესწავლილია სეისმოლოგიური, გეოლოგიური თუ სხვა სახის საკითხები. რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, ამ პროექტს არ გააჩნია არც ეკონომიკური, არც ფინანსური, არც სოციალური დასაბუთება. მოგეხსენებათ, სვანეთი საზღვრისპირა, მაღალმთიანი რეგიონია. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო კიდეც კანონი მთის შესახებ, რის მიხედვითაც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მთის რეგიონებს, მაგრამ ისინი ერთი ხელით კანონებს იღებენ და მეორე ხელით ხელს უწყობენ მთის დაცარიელებას - ეს იქნება სვანეთი, ხევი თუ ფშავ-ხევსურეთი. გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და, საერთოდ, დოკუმენტებს აწერინებენ თავიანთ დაქირავებულ კომპანია "გამას", რომელმაც მაგალითად, შეადგინა დოკუმენტაცია დარიალის ჰესების სასარგებლოდ და მოგეხსენებათ, რა შედეგები მოიტანა ამ დასკვნებმა... რა თქმა უნდა, ამაზე პასუხს არავინ აგებს. რა ენაღვლებათ ამ გადაწყვეტილების მიმღებთ, ყოველდღიურად დამატებით ახალ-ახალი თანხები დაიხარჯება გაურკვეველი მიმართულებით. რაც შეეხება სოციალურ სფეროზე ზემოქმედებას,"ნენსკრა ჰესისა" და"ხუდონჰესის" მშენებლობის შედეგად, დაახლოებით 2 000 კაცის გასახლება იგეგმება და მინდა, ერთი მესიჯი მიიტანოთ საზოგადოებამდე: ხელისუფლება და კომპანიები, კონტრაქტორები და მათთან დაახლოებული პირები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სვანები ახლა კომპენსაციის რაოდენობაზე ვაჭრობენ. მსგავსი არაფერია, ეს ხალხი კატეგორიული წინააღმდეგია იმ მშენებლობისა, რასაც ყოველგვარი შესწავლის გარეშე აპირებენ.

- ენერგეტიკის სამინისტროს სრულიად განსახვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე და აცხადებს, რომ "ნენსკრაჰესი" მთლიანად გარდაქმნის სვანეთის ეკონომიკურ სიტუაციას და პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

-ეს ყველაფერი ტყუილია. მეტიც, უხეშად არის დარღვეული საერთაშორისო ხელშეკრულებები, სტანდარტები და მოსახლეობაც არ არის ინფორმირებული. ესენი"გამას" დასკვნებს თუ გულისხმობენ, არ ვიცი. კაშხლებს ეროზიულ და მეწყრულ ქანებზე აშენებენ."ნენსკრაზე" განსაკუთრებით სასწაული ამბავია, ყოველგვარი შესწავლის გარეშე მიმდინარეობს ყველაფერი და აქ დაახლოებით იგივე განმეორდება, რაც მოხდა ყაზბეგში და პასუხი არავის უგია. თუ არ ვცდები, სამუშაოები დაწყებულია ყოველგვარი მეცნიერული შესწავლის, განხილვის, მოსახლეობის ჩართულობისა და მათი აზრის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, კოალიციამ ამ შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი, ვინაიდან მან 2012 წლის არჩევნების წინ დადო პირობა და პროგრამაში ჩადო დაპირება, დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვის შესახებ.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)