"მიხოს თავი ამოუყვია წყლიდან, თოკიო, უყვირია და ისევ ჩაუყვინთავს..." - აბაშისწყალმა ორი სიცოცხლე შეიწირა - კვირის პალიტრა

"მიხოს თავი ამოუყვია წყლიდან, თოკიო, უყვირია და ისევ ჩაუყვინთავს..." - აბაშისწყალმა ორი სიცოცხლე შეიწირა

რამდენიმე დღის წინ, მარტვილში, სოფელ გაჭედილში მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა. დაკარგული მოზარდის ცხედარი მაშველებმა მეორე დღეს, ტრაგედიის ადგილას იპოვეს... მომდევნო დღეს იპოვეს მაშველის ცხედარიც, რომელიც 17 წლის მიხეილ ბერიშვილის ძებნისას დაიხრჩო. ის საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.

ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის რაიონის გამგებელი:

- რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს და მდინარე ისეთი ადიდებულია, ანგრევს ყველაფერს. იმ ადგილას, სადაც ტრაგედია მოხდა, მთელი სოფელი იკრიბება საბანაოდ, მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა... ცხელოდა და სოფლის ბიჭები იქ შეკრებილან. რამდენიმე ერთად გადამხტარა, მიხო ვერ ამოდიოდა. მისი ძმაც იქვე იყო, სხვა მეზობლებთან ერთად. დინებას წაუღია საცოდავი ბიჭი. თვითმხილველთა თქმით, მიხოს თავი ამოუყვია წყლიდან, თოკიო, უყვირია და ისევ ჩაუყვინთავს, მდინარემ ჩანჩქერისკენ გაიტაცა.

შემდეგ სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მათ შორის იყო ცნობილი მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილი, რომელიც გმირულად მოიქცა, იმ გადარეულ მდინარეში დაუფიქრებლად შევარდა მოზარდის საძებნელად და სამწუხაროდ, ისიც შეეწირა ამ უბედურებას...

ბიჭის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე მეტრში გამორიყა მდინარემ... გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, მთელი დღე-ღამე ეძებდა მას სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი გადაუღებელი წვიმა და ადიდებული მდინარე არ ახსოვთ. ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. სამი შვილი ჰყავდათ, ეს ბიჭი უფროსი იყო, ძალიან კარგად აღზრდილი და წესიერი ბავშვი... ძმამ ეს ყველაფერი თავად ნახა. როდესაც მალხაზი გადახტა, ნაპირზე იდგა სხვა ბიჭებთან ერთად, მაგრამ ვერაფრით უშველა მიხოს...

მართლაც საშინელება მოხდა, ამ უბედურებას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა - ბიჭის საშველად აზვირთებულ მდინარეში შესული მაშველიც ემსხვერპლა. მას თან ჰქონდა ჟანგბადის ბალიშები და ვიდრე მის ცხედარს იპოვიდნენ, ძალიან დიდხანს იმედი გვქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ... მისი ვაჟი რეზოც მყვინთავია და ამ ტრაგედიის დროს მამას ახლდა. ის დინების მიმართულებით წასულა იმ იმედით, რომ მამას იპოვიდა, მაგრამ...

რომან თოლორდავა, ფოტოგრაფი:

- ელგუჯა ჯამრიშვილი წყალქვეშ ყვინთვაში პირველი იყო საქართველოში. თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ და მრავალი თაობა აღზარდა... მას წლებია ვიცნობ... არ ვიცი ახლა რა მოხდა, როგორ დაიხრჩო ჩემი მეგობარი, მაგრამ ვიცი, რომ გუჯას ურთულესი საქმეები შეუსრულებია, პროფესიონალი მყვინთავი იყო და ის ოჯახსა და სამეგობროს კი არა, მთელ ქვეყანას დააკლდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)