"მთელი სოფელი შეშინებულია" - სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს - კვირის პალიტრა

"მთელი სოფელი შეშინებულია" - სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

მეზობლების განცხადებით, სახლიდან, სადაც 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს, ძვირფასეულობა წაღებული არ არის. ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ნათესავებს თავად სახლი არეული, ცხედრები კი ნაცემ-ნაწამები დახვდათ.

”რაც მოხდა საშინელებაა. მთელი სოფელი შეშინებულია. გარდაცვლილები ნათესავებმა იპოვეს. ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია. ალბათ, ეგონათ ხანძარი კვალს წაშლიდა. მთელი სოფელი ველოდებით, რომ მკვლელს იპოვნიან”, - განუცხადა ”იმედს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ვიდეო