"ჩაცმის კულტურა მხოლოდ პრეზიდენტის ცოლებს არ მოეთხოვებათ" - კვირის პალიტრა

"ჩაცმის კულტურა მხოლოდ პრეზიდენტის ცოლებს არ მოეთხოვებათ"

საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელსაც ხალხის აღშფოთება მოჰყვა... კერძოდ, კრიტიკა მოჰყვა მაკა ჩიჩუას ჩაცმულობას...

"ოფიციალური ვიზიტია, სამხედრო სალუტით ხვდებიან და პირველ ლედის შარვალი აცვია?! პროტოკოლი არსებობს?!"- ეს კრიტიკა პირველი ლედის- მაკა ჩიჩუას ჩამულობას ეხებოდა...

"შარვალსაც გააჩნია, სამარცხვინოდ ჩაცმულია. ასე ბაღში არ უნდა გადიოდეს სასეირნოდ პრეზიდენტის ცოლი!".

"სირცხვილია, ავიწყდება, რომ ქვეყნის სახეა".

"შარვალი შეიძლება, მაგრამ აუცილებლად პიჯაკთან ერთად და არა მაისურით, ყავის დასალევად მიდის?!".

"ან ტელევიზორს არ უყურებს, ან ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობს? ვინ არის ეს კეკელკა?! თვეში ერთხელ მაინც შეევლო სალონში! დავიჯერო იმიჯმეიკერი არა ჰყავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას?!"

"როცა სამხედრო სალუტს ღებულობ, მზის სათვალითაც არ შეიძლება ჩაუარო ჯარისკაცებს!".

ამ საკითხთან დაკავშირებით, ცნობილ ქართველ დიზაინერებს ვესაუბრეთ:

თაკო ჩხეიძე: - მე ძალიან მომწონს საქართველოს პირველი ლედის ჩაცმულობა! გარეგნობაც ხელს უწყობს და ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება... ამ ფოტოზე სპორტულად აცვია, მაგრამ ალბათ ნამგზავრი იყო. არ ვიცი, ჯართან როგორი შემოსილი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი რომ მგზავრობის დროს უფრო თავისუფლად არის ჩაცმული, ეს ყვველამ ვიცით. არსებობს ეტიკეტი და რაღაც წინაწარ უნდა მომზადდეს. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდა... მე მაკას ვიცნობ ძალიან დახვეწილ და გემოვნებიან ქალბატონად. პირველი ლედი ჩვენი ქვეყნის სახეა და ამიტომაც მახარებს მისი გამორჩეული გემოვნება! პირველი ლედი არ არის, მაგრამ ყოველთვის გემოვნებით ჩაცმულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე. იმდენად მხიბლავს მისი გემოვნება, რომ ამას ყველგან ვამბობ. როცა პირველ ლედის ახსენებენ, ჩემთვის მსოფლიოში გამორჩეულია ჟაკლინ კენედი. მას დღემდე ბევრი ბაძავს, მისი ფოტოები მსოფლიოს მუზემებშია და ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს.

- რას იტყოდით სანდრა რულოვსის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასა და ნანული შევარდნაძის შესახებ?

- სანდრას ჩაცმულობა ნამდვილად არ იყო მისაღები! კარგი გარეგნობის ქალბატონია და უკეთესად შეეძლო თავის წარმოჩენა. ყველას არ შეუძლია თავისი სტილის მოძებნა და ამიტომაც არსებობენ დიზაინერები, სტილისტები... როცა პირველი ლედი ხარ, გარკვეული ვალდებულებებიც გაქვს და არ გეპატიება, ყველგან თავისუფლად ჩაცმულმა იარო! მაკა ჩიჩუას ხშირად აცვია ქართველი დიზაინერების სამოსი და დიდ მოწონებასაც იმსახურებს... რაც შეეხება მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და ნანული შევარდნაძეს, მაშინ სხვა დრო იყო, სხვა პირობები და არც მახსოვს, მათ გამორჩეული სტილი ჰქონოდეთ.

თამუნა ინგოროყვა: - გულწრფელად გეტყვით, რამდენჯერაც მინახავს მაკა ჩიჩუა, ნამდვილად კარგი გემოვნებით გამოირჩევა... ალბათ არ თვლიდა საჭიროდ, რომ ეტიკეტის მიხედვით ჩაეცვა, თორემ ისეთი ქალბატონია, დარწმუნებული ვარ, არ შეეშლებოდა, სად როგორ მისულიყო!

სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მაკა ბახტაძე:- ჩვენს პატარა და მცირებიუჯეტიან ქვეყანაში არ არის ისეთი პირობები, როგორიც სხვა ქვეყნებშია, თუნდაც ჩვენს მეზობლ აზერბაიჯანში - იქ პირველ ლედის გამორჩეულად აცვია. მიუხედავად ამისა, თავისი ბუნებრივი მონაცემების წყალობით, მაკა ყოველთვის კარგად გამოიყურება! 90-იან წლებში მაკა ასათიანმა თავისი პირველი ჩვენება რომ მოაწყო, საკოლექციო კონცეფციის მუზა და მოსაწვევის საპრეზენტაციო სახე მაკა ჩიჩუა გახლდათ.

- ამ ფოტოზე მოგწონთ საქართველოს პირველ ლედის ჩაცმულობა?

- მაკას სისადავითა და თავისუფალი სტილით გამოირჩევა, არასოდეს ყოფილა გამომწვევი. დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, თვითონ იყო სტილისტი და მუშაობდა ვიზაჟის ხელოვნებაში... რაც შეეხება ამ ფოტოს, კარგი ფერის, ჰაეროვანი ზედატანი აცვია, ფეხსაცმელიც კარგია. შარვალი, სიმართლე გითხრათ, ვერც გავიგე, როგორია... ანგელა მერკელსაც ყოველთვის შარვალი აცვია და ამის გამო არავინ აკრიტიკებს. მაკა თუ პირველი ლედია, ის ქვეყნის კანცლერია!

რაც შეეხება სანდრა რულოვსს, ის ეფექტური, ევროპული გარეგნობის ქალბატონია, მაგრამ საქართველოში მისი პირადი სტილისტი ვერ ახამებდა სანდრას გარეგნობასა და პიროვნულ თვისებებს... მანანა არჩვაძის ჩაცმულობას სულ სხვა ფილოსოფია ჰქონდა... ყველაზე მძიმე წლებში გემოვნებაზე არც დაობდნენ... ნანული შევარდნაძე კი კლასიკურ სისადავესთან ახლოს იყო და არ ყოფილა უგემოვნოდ ჩაცმული...

ზოგადად, ჩაცმის კულტურა მხოლოდ პრეზიდენტის ცოლებს არ მოეთხოვებათ! ეს შინაგანი კულტურის ნაწილია და პარლამენტშიც, სამინისტროებშიც რაღაც ნორმები უნდა იყოს დაცული! გავიხსენოთ ოპერის გახსნა - ზოგი მივიდა ქურქით და ზოგი ჯინსით. აქედან ჩანს, რა უკიდურესობების ქვეყანა ვართ. სხვა კულტურა და ეტიკეტია საჭირო და ეს ევროპელებს უნდა დავესესხოთ... თბილისში იცვამდნენ სეზონის მიხედვით და გემოვნებიანად, ახლაც არიან ასეთები, მაგრამ ნაკლებად ჩანან. სულ სხვა "ბომონდი" წამოვიდა და ყველაფერი აირია...

რამდენიმე წლის წინ უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა სანდრა რულოვსის ჩაცმულობას ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის დროს...

"კვირის პალიტრის" არქივიდან:

მოდის კრიტიკოსებს თვალში ქალბატონი სანდრას ზომაზე მეტად დამოკლებული კაბა და ყავისფერი "შუზები" მოხვდათ.

ფოტოზე კი ასეთი კომენტარები გაკეთდა:

"ეტიკეტს რომ თავი გავანებოთ, არ უხდება ჩვენს რძალს მოკლე კაბა".

"ეეეჰ, მეჰრიბანს უნდა ერქვას აზიელი, სანდრას კიდევ ევროპელი?!".

"ეტიკეტის მიხედვით, სანდრას არც ფეხზე უნდა ეცვას ის, რაც აცვია".

"ალბათ, მიშა არის "სკუპოი" და ისე არ ანებივრებს ცოლს მაღალი მოდით, როგორც ალიევი. შედეგიც სახეზეა. თუმცა მიშა ხომ რას ამბობთ, ისე გამოიყურება... ჯერ დააძროს თავისი მწვანე კომბინეზონი და მერე ნახავთ სეირს"...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)