რას ითხოვს ქუთაისის მოსახლეობა? - კვირის პალიტრა

რას ითხოვს ქუთაისის მოსახლეობა?

მანიფესტი, რომელზეც ხელი უკვე 1500 ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა

ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა, რომლის ხელმომწერები ქუთაისში ”ბიბლუსი გალერეას” გახსნას ითხოვენ. სულ 2000 ხელმოწერაა საჭირო, თუმცა ამჟამად მას უკვე 1500 -ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

”ალბათ ბევრს საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლისას შეგინიშნავთ, რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში ახალგამოცემული წიგნების დეფიციტია, ვერ გიპოვიათ თქვენთვის სასურველი თანამედროვე ავტორის წიგნი, რადგან ბიბლიოთეკას ის ჯერ არ მიუღია.

შემოვდივარ ინიციატივით, რომ ქუთაისში გაიხსნას ბიბლუსის გალერეა, სადაც ჩვენი ქალაქის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ახალ გამოცემებს, წაიკითხონ წიგნები და ისიამოვნონ სასიამოვნო გარემოთი. რატომ უნდა იყოს ასეთი ადგილი მხოლოდ თბილისში, ხომ შეიძლება, რომ დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას მსგავსი რამ”, - წერს პეტიციის ავტორი.

როგორც “ბიბლუსის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ წამალაშვილი აღნიშნავს, მკითხველის მხრიდან მსგავსი ინიციატივის გამოჩენა კომპანიისთვის ძალიან სასიამოვნო მოვლენაა:

”უზომოდ ამაღელვებელია, როდესაც მკითხველი გამოდის მსგავსი ინიციატივით. ჩვენმა სოციალური მედიის ადმინისტრატორმა გამიზიარა ეს მანიფესტი და ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა, მოტივაცია მომემატა. ”ბიბლუსი გალერეა” სულ რაღაც 1,5 წელია რაც თბილისში გამოჩნდა და უამრავი მკითხველის გულიც დაიპყრო. ეს არის ადგილი, სადაც მთელი ოჯახით მიხვალ და დაისვენებ, რადგან გვაქვს საბავშვო გასართობ-შემეცნებითი ცენტრი ,,ბიბლუსი ქიდსი", ასევე იტალიური კაფე ,,ჩი გუსტა!" სადაც განსაკუთრებულად გემრიელ კერძებთან ერთად გვხვდება ჯანსაღი გარემო, რადგან ჩვენთან არ ეწევიან”, - ამბობს მარიამ წამალაშვილი.

მისივე თქმით, სულ მალე, ივლისის ბოლოს, ”ბიბლუსი გალერეა”, წიგნებითა და კაფეთი ბათუმშიც (აბაშიძის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე N 52/18) გაიხსნება. აღნიშნულმა მანიფესტმა კი ”ბიბლუსის” გუნდს მოტივაცია მისცა, ქალაქი ქუთაისი იყოს შემდეგი ადგილი, სადაც ”ბიბლუსი გალერეა” გაჩნდება.

”სულ მალე ქ.ქუთაისის მაცხოვრებლებს შევეცდებით კარგი სიახლე მივაწოდოთ, მანამდე კი მათი უწინდებური მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, - ამბობს მარიამ წამალაშვილი.

მულტიფუნქციური ცენტრი ”ბიბლუსი გალერეა” თბილისში 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა. დასვენების სრულიად განსხვავებულმა სივრცემ, სადაც გაერთიანებულია წიგნები, კაფე, საბავშვო გასართობი ცენტრი, სათამაშოები, სასაჩუქრე პროდუაცია, საკანცელარიო ნივთები და საპრეზენტაციო სივრცე, წიგნისა და ”ივენთების” მოყვარულებს ახალი შესაძლებლობები მისცა. ჯანსაღმა გარემომ კი განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნა არამწეველებსაც და ბავშვებსაც. ერთ-ერთი ბლოგერი ”ბიბლუსი გალერეის” შესახებ წერს:

”პირველი იმპრესიები მასშტაბს უკავშირდება - დიდი სივრცე და აუარება წიგნი. ჩვეულებრივი ბუქსთორი კი არა, წიგნების ჰიპერმარკეტია. მოხერხებული, კომფორტული. მუსიკა უკრავს, თანაც ისე, რომ წიგნების თვალიერებაში ხელს არ გიშლის, პირიქით… სტენდები, სტენდები, წიგნები, სტენდები. თემატური, კონკრეტული გამოცემების, ასეთი, ისეთი… უამრავი უცხოენოვანი ლიტერატურა, უამრავი ალბომი (რაც განსაკუთრებით მახარებს) და გადასარევი საბავშვო სექცია”, - წერს ბლოგერი და კაფე ”ჩი გუსტას!” შესახებ თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს:

”კაფე… კაფე უგემრიელესობაა. წავიდა ის დრო, უფერულ “სახელგამში” რომ შეხვიდოდი, წიგნს იყიდდი და გამოხვიდოდი. ახლა წიგნის მაღაზია სხვა რაღაცებითაც ფასობს და იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მეგობარს შეხვედრას რომელიმე ბუქსთორში რომ დაუთქვამ, ჩამოსხდებით, ყავას დალევთ, სასუსნავს მიაყოლებთ, იჭორავებთ, მერე სტელაჟებს დაუვლით, რაღაცებს დაათვალიერებთ, რაღაცებს იყიდით და თუ არსად გეჩქარებათ, ისევ ყავას დაუბრუნდებით, სულს მოითქვამთ,

Advertisement

თან შენაძენს გადაალაგებთ კოხტად - ხელისთვის კიდევ რამე ხომ არ წამოგვეყოლებინაო.

მოკლედ, წიგნის მაღაზიაში ახალდაფქული ყავის სურნელიც რომ ტრიალებს, ერთიორად მომწონს. გალერეაში იტალიური Ci gusta-ს გასტრონომიული კუთხეა. გადასარევი ყავა აქვთ, სხვათა შორის.

ჰო, შესასვლელის მახლობლად ერთგვარი სამკითხველოა. რამდენიმე სავარძელი დგას, იქვე წიგნებიც აწყვია. მოკალათდი და იკითხე, თუ არსად გაგვიანდება - უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს”, - წერს ბლოგერი.

თამარ კორკოტაშვილი