"საღოლ, დედაჩემი რომ დაიჭირეთ" - გუკა რჩეულიშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

"საღოლ, დედაჩემი რომ დაიჭირეთ" - გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

12 ივლისს, "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდაათ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

მოგვიანებით კი, რამდენიმე საათის შემდეგ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუკა რჩეულიშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. მათივე განმარტებით, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად არ ჩაბარებია და ის სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

ვახტანგ რჩეულიშვილის მტკიცებით, მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. მისი თქმით, გუკა რჩეულიშვილმა საგამოძიებო უწყებას თავად მიაწოდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

"სად გადაიყვანეს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. გუკამ, ალბათ, დედის დაკავება განიცადა და ამიტომ ჩაბარდა - მეც დიდი სიამოვნებით შევიდოდი მაიასთან. გუკას ვურჩევდი, რომ არ ჩაბარებოდა, რადგან ეს არის ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა, რათა ოჯახის ქონება ხელში ჩაიგდონ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, გუკა რჩეულიშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ ის სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა. მისივე თქმით, ის თავად აწერდა ხელს ყველა საბუთს და სალომე ჩარკვიანი არაფერ შუაშია.

"რა თქმა უნდა, რაც ჩემთან და დედაჩემთან დაკავშირებით მოხდა, პოლიტიკურია. ვის, როგორ და რა აწყობს, მაგას ვერ გეტყვით. ჯერ ერთი, მე ვარ "ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორი და ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უნდა მივიდე, ჩავბარდე და დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ყველა ამ საბუთზე მე მაქვს ხელი მოწერილი. სალომე ჩარკვინას დაჭერა საერთოდ სასაცილოა. საღოლ დედაჩემი, რომ დაიჭირეთ. ამით არ მთავრდება ცხოვრება და იცოდეთ... ეხლა მე ჩავბარდები. მე ვიყავი გენერალური დირექტორი და მოსამართლეს ექნება სხვა გზა გარდა იმისა, რომ სხვა დაკავებულები გამოუშვას", - ამბობს ვიდეომიმართვაში გუკა რჩეულიშვილი.

ვიდეო