"მივმართავ თურქეთის მოსახლეობას" - რა მიმართვას ავრცელებს აშშ-ის მიერ ტერორისტად გამოცხადებული მურად მარგოშვილი - კვირის პალიტრა

"მივმართავ თურქეთის მოსახლეობას" - რა მიმართვას ავრცელებს აშშ-ის მიერ ტერორისტად გამოცხადებული მურად მარგოშვილი

აშშ-ის მიერ ტერორისტად გამოცხადებული პანკისის მკვიდრი მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც არაბულ პრესაში გამოქვეყნებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელშიც თურქეთის ტერაქტებზე პასუხისმგებლობას მას და მის თანამებრძოლებს მიაწერენ.

"ჩემი საუბრის დასაწყისში მინდა ყველა მუსულმანს მივულოცო დღესასწაული. ალაჰმა მიიღოს მილოცვა ჩვენგან, თქვენგან. ალაჰმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები. ალაჰმა გვაშოროს ჯოჯოხეთის ცეცხლს და გვაჩუქოს სამოთხე.

ამ ყველაფრის მერე კი მინდა ვთქვა: გავიგე, რომ ერთ-ერთი არაბული ჟურნალი ავრცელებს და წერს ჩვენზე სრულ სიცრუეს და მოგვაწერს ტერაქტებს თურქეთში. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ყველას გაჩუმება, ვინც ჩვენზე სიცრუეს ავრცელებს, ჩვენ ამასაც არ მივაქცევდით ყურადღებას. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმ ეროვნებას და ხალხს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მათ ვუმადლით ბევრ რამეს. ამიტომ, თურქებს რომ არ გაუჩნდეთ არანაირი ეჭვი, მინდა ვთქვა: ის, ვინც დაწერა ეს სტატია, არ ინტერესდება იმით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რისკენაც მოვუწოდებთ ხალხს. ეს ჟურნალისტი თუ მოუსმენდა ან ნახავდა ჩემს რომელიმე მიმართვას, ასე არ დაწერდა.

პირველ რიგიში ვიტყვი, რომ ჩვენ დაიჯდთან არ გვაკავშირებს არც მახანჯი, არც ფინკა. მათგან განსხვავებით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც დაიცავს ისლამს დამახინჯებისგან. სიმართლის სიმძიმეს, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ზურგზე ვატარებთ. არ ვომობთ მოსახლეობასთან, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მითუმეტეს მუსლიმურ დასახლებასთან. ალაჰმა დაგვიფაროს უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრისგან. რაც შეეხება თურქეთს, ჩვენ არ დაგვიწყებია და არ დავივიწყებთ, რა გაგვიკეთა თურქულმა ხალხმა, როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა.

დღეს, როცა დანარჩენებმა დაივიწყეს, თურქები განაგრძობენ ჩვენს დახმარებას და მხარდაჭერას. ჩვენი ეს ძმური ურთიერთობა ერთი ან ორი წელი კი არ გრძელდება, არამედ საუკუნეები. ისინი გვეხმარებიან არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა იმას, ვისაც მათი დახმარება სჭირდება, მსოფლიოს მასშტაბით; პირველ რიგში კი სირიის მოსახლეობას, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან. მხოლოდ ყველაზე ცუდებს შეუძლიათ, ამ ყველაფრის დავიწყება და იმის გაკეთება, რაც მოხდა სტამბულის აეროპორტში.

როგორც ჩვენ ვიცით, ცუდ ადამიანებს არც სამშობლო აქვთ, არც ეროვნება, არც ღირსება. თუ ჩვენ ასეთებს ჩვენს შორის აღმოვაჩენთ, დაუყოვნებლივ დავსჯით ისე, როგორც შარიათის კანონი გვეუბნება. ამიტომ ყველას, ვინც დასკვნებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკეთებს და წერს იმას, რაც თავში მოუვა, ვურჩევთ, რომ თუ თქვენ ალაჰის არ გეშინიათ, თქვენი იმიჯის გამო მაინც ნუ იტყუებით.

მივმართავ თურქეთის მოსახლეობას: ჩვენ მუსულმანები ერთი ჭკუისები ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ. ამიტომ თქევნი უბედურება, ჩვენი უბედურებაა. თქვენი დარდი, ჩვენი დარდია. ჩვენ თქვენთან ვართ ჭირში და ლხინშიც. ალაჰმა შეინდოს დაღუპული მუსულმანები. ალაჰმა მისცეს მოთმინების უნარი მათ ახლობლებს. ალაჰმა გვაჩუქოს გამარჯვება მის მტრებზე", - აცხადებს მარგოშვილი ვიდეომიმართვაში.

ვიდეო

იხილეთ ასევე: მუსლიმ ალ-შიშანი: "სირიაში ლაფანყურის შემდეგ წავედი"