სასამართლომ გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა - კვირის პალიტრა

სასამართლომ გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა

12 ივლისს, "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდაათ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

მოგვიანებით კი, რამდენიმე საათის შემდეგ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს.

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი ახალი გარემოება იმისთვის, რათა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეცვლილიყო.

”დაცვის მხარე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომელზეც საუბრობდა 2016 წლის 12 ივლისის პროცესზე, როცა ”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა”, - განაცხადა მოსამართლემ.

როგორც მან განმარტა, ბრალდებულებს, კერძოდ კი გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ იმ გარემოების გამო არ შეფარდვია, რომ ის გამოძიებას ემალებოდა, არამედ, იყო სხვა გარემოებებიც, რაც აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფდა.

იხილეთ ასევე: "საღოლ, დედაჩემი რომ დაიჭირეთ" - გუკა რჩეულიშვილი დააკავეს