"თავზე ცელოფანი ჩამოაცვეს და გაგუდეს" - შვილიშვილის ქორწილისთვის შენახული თანხის გამო ჩადენილი საზარელი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"თავზე ცელოფანი ჩამოაცვეს და გაგუდეს" - შვილიშვილის ქორწილისთვის შენახული თანხის გამო ჩადენილი საზარელი მკვლელობის დეტალები

მკვლელობათა კატასტროფულ ნუსხას გლდანში, 77 წლის ქალბატონის სასტიკი მკვლელობაც დაემატა - მოხუცს ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და ზემოდან საბნები ეყარა.

გარდაცვლილი ს.ო.-ს მეზობლები შეძრწუნებული და შეშინებული არიან. ოჯახის წევრებს აფრთხილებენ, რომ კარი არავის გაუღონ. მათ შორის, არც "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომპანიის წევრებად გაასაღეს თავი მკვლელებმა, რომლებიც ს.ო.-ს ბინაში შეცვიდნენ და გაგუდეს. გარდაცვლილის მეზობელმა გაიგონა, როგორ უთხრეს დამნაშავეებმა მოხუცს, გაზიდან ვართო.

ლ.კ. მეზობელი: - საღამო იყო, დაახლოებით 7 საათი, როცა სადარბაზოში გამოვედი და ზედა სართულიდან კაკუნი მომესმა. როგორც ჩანს, ქალმა იკითხა - რომელი ხარო და მამაკაცის ხმამ უპასუხა - გაზიდან ვართო. მეორის ხმა არ გამიგია. იმ საცოდავმა კარი გაუღო და შეიყვანა, მეც შევედი შინ, მეტი არაფერი გამიგია. საღამოს კი ასე 9 საათი იქნებოდა, წივილ-კივილი შემომესმა და როცა გავიგე, რაც მოხდა, კინაღამ გული წამივიდა. საწყალმა ახლახან გულის ოპერაცია გაიკეთა, გადარჩა, არ მოკვდა და ახლა ძალით მოკლეს ამ ნაძირლებმა.

- ვის შეიძლება მოეკლა, ან რის გამო?

- ამ უბედურ ქალს შვილები გერმანიაში ჰყავდა და იქ შვილიშვილის ქორწილში უნდა ჩასულიყო. ამისთვის გზის ფული შვილებმა გამოუგზავნეს და თურმე სახლში ინახავდა. ეს ამბავი ვინც იცოდა, ვისთანაც წამოსცდა მას ან მის დას, ალბათ, ის მოკლავდა. ეს უბედური დასთან ერთად ცხოვრობდა, თავად სიარული უჭირდა, მისი და დადიოდა ყველა საქმეზე. დაუდარაჯდნენ და როცა და სახლიდან გავიდა, შეუცვივდნენ და მოკლეს. ალბათ, იმიტომ მოკლეს, რომ იცნო ის ნაძირლები და შეეშინდათ, გაგვცემსო. აბა, 77 წლის ქალს რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია, რომ თავზე ცელოფანი ჩამოაცვეს და ხმა რომ არავის გაეგო, ზემოდან საბნები დააყარეს. ამის ჩამდენებს ჯოჯოხეთში უნდა უკრა თავი. ვინ გააუქმა სიკვდილით დასჯა და რატომ? ამას რომ ადამიანი ჩაიდენს, ის არ უნდა დახვრიტო?! დიდი-დიდი 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ, გამოვა და მერე კიდევ ვიღაცას მოკლავს!

2.000 დოლარი და კიდევ ოქროულობა წაუღიათ. ამისთვის გაწირეს ადამიანი?! ქალმა ბევრი იბრძოლა - ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა, რომ ეცოცხლა და ამ არამზადებმა საიქიოში გაისტუმრეს. ამ ამბავს ალბათ, უბედურის დაც ვერ გადაიტანს და გარდაცვლილს უკან მიჰყვება, - ქალი შინ რომ დაბრუნდა, კარი ჩაკეტილი დახვდა - მკვლელებს გასაღებით გარედან ჩაუკეტავთ. ამ უბედურებს კიდევ ერთი გასაღები მეზობელთან ჰქონიათ და დამ კარი იმით გააღო, შინ შევიდა და ეს ენითაუწერელი ტრაგედია დახვდა. ჩვენც შიშით კარი ვერ გაგვიღია. ეს ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთია, დღე ისე არ გავა, საზარელი მკვლელობის შესახებ არ გავიგოთ.

პ.ს. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან კ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, ხოლო 1969 წელს დაბადებული თემურ გ. ქურდობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ. და ივანე ლ., თემურ გ.-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, გლდანის "ა" მიკრორაიონში, 1936 წელს დაბადებული მ. მ.-ს ბინაში შევიდნენ, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას და ძვირფასეულობას, შემდეგ ქალბატონი გაგუდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. "სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოღებულია ნივთმტკიცებად. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)