"ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა" - რას ჰყვება ტერაქტს გადარჩენილი 14 წლის ბიჭი
"ვხედავდი, ადამიანის სხეულები სხვადასხვა მიმართულებით კეგლივით როგორ მიფრინავდა"
14 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე დიდი ტრაგედიით დასრულდა. გვიან საღამოს სანაპიროზე ფოიერვერკების საყურებლად შეკრებილი ათაობით ათასი ადამიანი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლად იქცა. ხალხის მასაში დიდი სიჩქარით შევრდნილ სატვირთო მანქანას 84 ადამინი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.
ფრანგული პოლიციის ინფორმციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა მას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებენ, თუმცა ფრანგული მედია უკვე წერს, რომ ის ნიცაში მცხოვრები, 31 წლის მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია, რომელიც წარმოშობით ტუნისელია. გავრცელებული ინფორმაციით, მან სატვირთო მანქანა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავა.
როგორც ირკვევა, სატვირთო მანქანის თავდასხმის იარაღად გამოყენების შემთხვევები საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურებისთვის, რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან, კარგადაა ცნობილი.
ისრაელსა და პალესტინაში ავტომობილის გამოყენებით ტერორისტული აქტი არაერთხელ მოუწყიათ აქამდეც.
რას ყვებიან ნიცაში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველები?
"ვცდილობდი სანაპიროზე გვამებისთვის არ შემეხედა"
14 წლის ალექსეი მშობლებთან ერთად იტალიაში ჯერ ისვენებდა, ისინი რუსეთიდან მილანში ჩავიდნენ, რის შემდეგაც რამდენიმე დღით ნიცას ესტუმრნენ.
ალექსეი:
„ნიცაში საღამოს ჩავედით და მაშინვე ქალაქის ქუჩებში გავიარეთ - ყველგან სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. ჩვენც, როგორც ყველა, ფოიერვერკის სანახავად სანაპიროზე წავედით. ფოიერვერკის გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთში მამამ მე და დედას უეცრად ტროტუარისკენ გვიბიძგა და უკან რომ მოვიხედე, დავინახე სატვირთო ავტომობილმა 2-3 მეტრში როგორ ჩაგვიარა. თავიდან ვერავინ გაიგო რა ხდებოდა, მე კი დავინახე როგორ დაეჯახა მანქანა 3 ადამიანს. ისე განვითარდა სიტუაცია, როგორც მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში: ყოველი მხრიდან ხალხის ყვირილი ისმოდა, დედამ ტირილი დაიწყო. ასფალტზე დაჭრილი ადამიანები იწვნენ, ყველანი მათ დასახმარებლად გამორბოდნენ. შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინათ, მაგრამ ხალხი პანიკაში იყო, სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ. მამამ ხელი მოგვკიდა მე და დედას და უახლოესი სასტუმროსკენ გავიქეცით.
ჩვენს გარდა ამ სასტუმროს თავი სხვებმაც შეაფარეს, იქ 50-მდე შეშინებული ადამიანი დაგვხვდა. მომსახურე პერსონალი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა და ხალხს წყალსაც სთავაზობდნენ. სასტუმროში დაჭრილი და დაშავებული არავინ იყო.
სასტუმროში შესვლიდან 2 წუთში ქუჩაში სროლის ხმა გაისმა. ხალხში პანიკამ იმატა, მხოლოდ ის დავინახე როგორ მისდევდნენ სამართალდამცავები სატვირთო ავტომობილს. 10 წუთი გრძელდებოდა სროლის ხმა, შემდეგ თითქოს ყველაფერი დაწყნარდა.
მამამ გადაწყვიტა, რომ ამ სასტუმროში გაჩერება სახიფათო იყო და ჩვენი სასტუმროსკენ გავიქეცით, გზაში ვცდილობდი სანაპიროზე გვამებისთვის არ შემეხედა, ჩემთვის საკმარისი იყო საშინელი ყვირილისა და ტირილის მოსმენა“. (წყარო)
"დავინახე როგორ გადაუარა მანქანამ ხალხს"
ნაიდერ შაფერი ეგვიპტის მოქალაქეა, ის, როგორც სხვა ტურისტები, ნიცაში ფოიერვერკის შოუს სანახავად ჩავიდა, მაგრამ...
ნაიდერ შაფერი:
„ფოიერვერკის დასრულების შემდეგ, ხალხი ქალაქის ქუჩებში და სანაპიროზე გამოვიდა. უეცრად ყვირილის ხმა შემომესმა, რომ გავიხედე ჩემსკენ დიდი სატვირთო ავტომობილი მოდიოდა, ვხედავდი როგორ გადაუარა მანქანამ ხალხს. ის ჩემს წინ ზუსტად ერთ მეტრში გაჩერდა. თავიდან ვიფიქრე, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხალხს შემთხვევით დაეჯახა. მე ვუყვიროდი მას გაჩერებულიყო, რადგან სატვირთოს ქვეშ ხალხი იყო მოქცეული. ის არავის აქცევდა ყურადღებას, დაბნეული ჩანდა და კაბინაში რაღაცას ეძებდა. შემდეგ ტელეფონი აიღო, ვიფიქრე სასწრაფოში რეკავს-მეთქი, მის წინ ვიდექი და საქარე მინაში კარგად ვხედავდი რასაც აკეთებდა. უეცრად უკნიდან შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა მოირბინეს და მიყვირეს, რომ გავქცეულიყავი, სატვირთო ალყაშ მოაქციეს.
ადგილზე გავიყინე, არსად გავქცეულვარ, ტელეფონი ამოვიღე და ყველაფერს ვიღებდი. პოლიციელებმა დამნაშავე მძღოლი პირდაპირ ჩემ წინ მოკლეს. პოლიციელმა დამინახა რომ ვიღებდი და აგრესიულად მიყვირა გავქცეულიყავი".
"ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა"
დამიან ალმო ადგილობრივი ჟურნალისტია, რომლის მონაყოლიც შეგძრავთ:
„ქუჩაში უზარმაზარი მანქანა სულ რამდენიმე წამში გაჩნდა, მძღოლი გიჟივით მოჰქროდა და ბორბლებს ისე ამოძრვებდა, რომ როგორმე უფრო მეტი ადამიანი მოხვედრილიყო მის ქვეშ. ვხედავდი, ადამიანის სხეულები სხვადასხვა მიმართულებით კეგლივით როგორ მიფრინავდა...
ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა, ყველგან გვამები იყო...“
"ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემგან ერთი მეტრის მოშორებით იდგა, ჩემ თვალწინ გარდაიცვალა"
ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და გადარჩენილ ხალხს ესროდა. "მანქანა პირდაპირ არ მიდიოდა, მისი მიმართულების ამოცნობა შეუძლებელი იყო და ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემგან მეტრის მოშორებით იდგა, ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. ასეთი საშინელება არასდროს მინახავს, ზოგიერთი იქ მყოფი ცდილობდა მანქანას მოჭიდებოდა, ამძვრალიყო და ტრაილერის მძღლი გაეჩერებინა". (წყარო)
მოამზადა ეკა გადახაბაძემ