"დამნაშავეები ყველაზე მკაცრად დაისჯებიან“ - თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა? - კვირის პალიტრა

"დამნაშავეები ყველაზე მკაცრად დაისჯებიან“ - თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა?

თურქეთში გენერალური შტაბი ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ იუწყება. მათივე განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება დაპატიმრებულია. გენშტაბში აცხადებენ, რომ გადატრიალების შემდეგ ყველა არსებული საერთაშორისო ურთიერთობა შენარჩუნდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

გავრცელებული ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტი დაკეტილია. აეროპორტთან ტანკებიც შენიშნეს. მაუწყებლობა შეწყვიტა სახელმწიფო ტელევიზიამაც. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქ სამხედროთა ჯგუფმა ხელისუფლების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სცადა.

„სამხედროების ჯგუფმა გამოიყენა რა მათ ხელთ არსებული უფლებამოსილება და იარაღი, შეეცადა ჩაედინათ უპასუხისმგებლო მოქმედებები. ამას გადატრიალებას ვერ ვუწოდებდით, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები მშვიდად უნდა იყვნენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წესრიგის დასამყარებლად. დამნაშავეები ყველაზე მკაცრად დაისჯებიან“ - განაცხადა ილდირიმმა.

სააგენტო „როიტერი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უსაფრთხო ადგილზეა. თურქეთის გენერალურ შტაბში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის მთავრობა დაპატიმრებული ჰყავთ. სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქი სამხედროების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ხულუსი აკარა მძევლად აიყვანა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ვერტმფრენმა ცეცხლი გახსნა თურქეთის ეროვნული დაზვერვის რაიონის მისამართით. უსაფრთხოების ძალების ყველა თანამშრომელი სამსახურშია გამოძახებული. პრეზიდენტ ერდოღანის რეზიდენცია სტამბოლში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ამასთან, ქვეყნის პრემიერი ილდირიმი აცხადებს, რომ მთავრობა მუშაობას განაგრძობს.

უცხოური სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის სტამბოლის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმებულია.

ფოტოგალერეა