"სერიოზული კონფლიქტის ხმაური გრძელდება"- სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში სულ ცოტა 60 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"სერიოზული კონფლიქტის ხმაური გრძელდება"- სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში სულ ცოტა 60 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოგალერეა)

სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, 16 ივლისის ღამეს, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ამ ინფორმაციას თურქეთის სახელისუფლო წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი საინფორმაციო საშულებები იუწყებიან. ბოლო ინფორმაციით, აჯანყების სავარაუდო 336 მონაწილე დააკავეს, მათ შორის 104 ჯარისკაცი. მათ ლიდერად დასახელებულია ვინმე პოლკოვნიკი მუჰარემ კოზე.

აფეთქების შედეგად დაზიანებული თურქეთის პარლამენტის შენობა

მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, გრძელდება გადატრიალების მონაწილეთა დაკავება. დაძაბულობის ცენტრი ანკარის ე.წ. სახელისუფლო კვარტალი იყო, სადაც ძირითადი სამთავრობო შენობებია განლაგებული. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. გადატრიალების მცდელობაში მონაწილოებდა მძიმე ტექნიკა და სამხედრო თვიმფრინავები.

პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის პირველი მიმართვა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში სკაიპით ჩართვით მოხერხდა. მან მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. თურქეთის პარლამენტის წევრი ფილიზ კერესტეჯიოღლი "ტვიტერში" წერს, რომ: "სამხედრო თვითმფრინავებისა და აფეთქებების ხმა აღარ ისმის, თუმცა სერიოზული კონფლიქტის ხმაური კვლავაც გრძელდება".

გადატრიალებაში მონაწილე სამხედროების დაკავების კადრი

თურქეთის ხელისუფლებამ დანიშნა გენშტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქმე ისაა, რომ თავად ამჟამინდელი უფროსის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მისი მძევლად აყვანის შემდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამხენევებს მოსახელოებას, რომ "ხელისუფლება ქვეყნის მართვის საჭესთან" არის და ვითარებას აკონტროლებს. მან პრესკონფერენცია სტამბოლში ჩასვლისთანავე გამართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთში მომხდარი მოვლენები იყო აჯანყების მცდელობა ქვეყნის ერთობის წინააღმდეგ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის თავად გააკონტროლებს, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში "წმენდა" ჩატარდეს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა.

ფოტოგალერეა