თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია - კვირის პალიტრა

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

თურქეთის სახელისუფლებო ძალების მეთაურის გენერალ უმიტ დუნდარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხედრო გადატრიალების 104 ორგანიზატორია ლიკვიდირებული. გენერლის თქმით, გარდაცვლილთა შორის 41 პოლიციის თანამშრომელი და 47 სამოქალაქო პირია. ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

ფოტოგალერეა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა ადგილობრივი დროით 14.00 საათისთვის არის დანიშნული. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ის პარლამენტის შენობაში გაიმართება.

ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, თუმცა უპირატესობას ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები ფლობენ.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა.

საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ რეისი დანიშნა.

თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.

„ამავე დროს, იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლაც ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იხილეთ ასევე: "დამნაშავეები ყველაზე მკაცრად დაისჯებიან“ - თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა?