"საზარელ ხმებში გამორჩეულად მესმოდა პატარა გოგონას განწირული კივილი" - კვირის პალიტრა

"საზარელ ხმებში გამორჩეულად მესმოდა პატარა გოგონას განწირული კივილი"

ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში 14 ივლისის საღამოს მომხდარი თავდასხმის შედეგად. 100-ზე მეტი კი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის არიან ბავშვები... საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასზე მეტი დაშავებულიდან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია... ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიცაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილია - ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ დაადასტურა. მისი თქმით, ინფორმაცია მოქალაქის დაკარგვის შესახებ ცხელ ხაზზე შევიდა...

ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს. დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაკის“ ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ფოიერვერკის დასრულებისთანავე ხალხში შევარდა, ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლი იყო.

14 ივლისს, საღამოს, სატვირთო ავტომანქანა მთელი სისწრაფით შევარდა სანაპიროზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის სანახავად. სატვირთო ავტომანქანამ დიდი სისწრაფით გაიარა ხალხით სავსე, დაახლოებით 2-კილომეტრიანი მონაკვეთი. ავტომანქანაში, რომლის მძღოლი პოლიციელებმა მოკლეს, აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს მანქანა რამდენიმე საათის განმავლობაში სანაპიროზე იდგა და მძღოლს პოლიციის თანამშრომლებიც გაესაუბრნენ. მან უპასუხა, რომ ნაყინის გაყიდვას აპირებდა...

ადგილობრივებს დაუცველობის განცდა აქვთ.

მაშა, რუსი ტურისტი:

- მე და ჩემმა მეგობრებმა იქვე, რამდენიმე მეტრში ყავა ვიყიდეთ და სანაპიროსკენ წავედით, ფოიერვერკის სანახავად. მისი დასრულებისთანავე, სატვირთო მანქანა დიდი სისწრაფით შევარდა ხალხში. თავიდან გვეგონა, რომ მძღოლი მთვრალი იჯდა საჭესთან, თუმცა, შემდეგ სროლა ატყდა და დავინახე, როგორ უმოწყალოდ ჟლეტდა ხალხს. სპეციალურად ზიგზაგით დადიოდა, ხალხს დასდევდა, რომ უფრო მეტი მოეკლა... ეს საშინელება იყო. ხალხში პანიკა ატყდა. გარშემო უამრავი ადამიანი ეყარა... ეს ნამდვილი სასაკლაო იყო. იმ საზარელ ხმებში გამორჩეულად მესმოდა პატარა გოგონას განწირული კივილი. ღმერთმა ქნას, ის ცოცხალი იყოს...

ამ ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩნენ პოლიტიკოს კახა ძაგანიას ძმა და შვილი. როგორც კახა ძაგანია ჩვენთან საუბარში აცხადებს, ოჯახის წევრებთან დაკავშირებას გათენებამდე ცდილობდნენ...

- ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ღამე იყო. გათენებამდე ვცდილობდით მათთან დაკავშირებას. ამ დროისთვის ნიცაში იმყოფება ჩემი ძმა, თავის შვილთან ერთად და ჩემი 13 წლის ვაჟი... არავის ვუსურვებ იმ ყველაფრის გადატანას, რაც ჩვენ გავიარეთ. თითქოს ხელმეორედ დავიბადე, როდესაც მათი ხმა გავიგონე.

ჩემი ძმა ოჯახთან ერთად წლებია იქ ცხოვრობს. მის პოლიტდევნილობაზე სააკაშვილის ხელისუფლებამ "იზრუნა" და საფრანგეთმა მიიღო... ჩემი ძმა სანაპიროზე, ზუსტად იმ სახლში ცხოვრობს, სადაც ეს საშინელება მოხდა. მათ წინ ბულვარია, ორმხრივი მოძრაობით და ტრასის იქით ღია კაფეები და ბარებია, იქვეა სასტუმროებიც და გარშემო მუდმივად ხალხმრავლობაა, ზაფხულის სეზონზე - მით უმეტეს... ჩემი შვილიც რამდენიმე დღის წინ წავიდა მათთან სტუმრად, იქ დარჩენას გეგმავდნენ, რათა სახალხო დღესასწაულს დასწრებოდნენ, მაგრამ შემდეგ გეგმები შეუცვლიათ და პარიზში წასულან...

თავდაპირველად, როდესაც ტერაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თქვეს, ტერორისტი ავტობუსით შევარდა ხალხშიო და ამან გადაგვრია, რადგან ჩემი ოჯახის წევრები სწორედ ავტობუსით წავიდნენ პარიზში... სანამ გაირკვა, რომ სატვირთო მანქანით იყო, ალბათ, მთელი ცხოვრება გავიდა. თანაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოთხი ქართველი დაკარგულად ითვლებოდა. მოკლედ, სიგიჟის ზღვარზე მივედით...

სამხედრო ექსპერტები მსჯელობენ რამდენად დაცულია საქართველო ტერაქტებისგან და რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეიძლება ამ შემთხვევში.

ზურაბ აგლაძე, უსაფრთხოების ექსპერტი:

- საქმე ის არის, რომ ევროპაში ხდება რადიკალაზიაცია და ტერორისტებიც ძალიან მრავალფეროვნად მოქმედებენ. ევროპის უშიშროების სამსახურებს მეტი მოეთხოვებათ, ფაქტია, რომ საფრანგეთმა ეს საქმე ჩააგდო, მაგრამ ამერიკისგან განსხვავებით, მათ ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება არ აქვთ. ლიბერალიზმი გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ტერორიზმს აღშფოთება და შეშფოთება ვერ შეაჩერებს. ყველამ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ტერაქტების მთელი ჯაჭვი განხორციელდა. რაც მეტ ტერიტორიას დაკარგავს "ისლამური სახელმწიფო", მით მეტი ადამიანური რესურსის გადასროლა მოხდება სხვა ქვეყნებში, რაც თავისთავად პოტენციური ტერაქტის საფრთხეა. თუ ევროპის უსაფრთხოების სამსახურებმა სხვა ქმედით ღონისძიებებს არ მიმართეს, გაცილებით მეტი ტერაქტი მოხდება. ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა პასუხს გასცემს ევროპა "ისლამურ სახელმწიფოს"...

რაც შეეხება, საქართველოს, ჩვენ ეს ნაკლებად გვემუქრება, რადგან საქართველო არ არის მათი სამიზნე. ჩვენ არ ვმონაწილეობთ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც უნდა ფართოდ გაშალონ ფრთები, მათი სამიზნე მაინც ევროპა იქნება.

იხილეთ ასევე: "ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა" - რას ჰყვება ტერაქტს გადარჩენილი 14 წლის ბიჭი

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)