ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

იხილეთ ასევე: "ტრაილერი ხორცის საკეპ მანქანას ჰგავდა" - რას ჰყვება ტერაქტს გადარჩენილი 14 წლის ბიჭი

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ტერაქტიდან მეორე დღეს, საქართველოს სალეჩოში ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ, კერძოდ, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, ნიცაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობდნენ, მისი ფრანგი მეუღლე კი გარდაცვლილი იყო.

როგორც დღეს, "ინტერპრესნიუსს" ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა. მისი განცხადებით, უკვე დადასტურდა, რომ გარდაცვლილთა შორის, ერთ-ერთი მამაკაცი ქართველია.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ტერაქტის შედეგად მისი ცოლიც დაიღუპა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო.

იხილეთ ასევე: "საზარელ ხმებში გამორჩეულად მესმოდა პატარა გოგონას განწირული კივილი"