"როსტოსა" და "კურტანას" პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ - კვირის პალიტრა

"როსტოსა" და "კურტანას" პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

7 მაისს, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დღეს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული ლაშა კურტანიძეც.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შაუმდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ გირაოს თანხის შესატანად 5 დღიანი ვადა აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"