მოსკოვი 29 მარტის ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს
მოსკოვი 29 მარტის ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
„ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ზოგიერთ წარმომადგენელს კონტაქტები ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით ჩვენ ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ", - აღნიშნა პატრუშევმა.
მისივე თქმით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაპროგნოზირებადია, ერთხელ უკვე გააჩაღა ომი და გამორიცხული არ არის, კიდევ გაიმეოროს. ამიტომ ტერაქტებში ქართული კვალის შემოწმება აუცილებელია".
აღსანიშნავია, რომ დღემდე მოსკოვში საგამოძიებო ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებეში ქართული ვერსია ნახსენები არ ყოფილა. ნათქვამი იყო, რომ განიხილებოდა ე.წ. კავკასიური კვალი.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, ადგილობრივი დროით დილის 07.56 და 8.36 საათზე, მოსკოვის მეტროსადგურ ”ლუბიანკასა” და "პარკ კულტურიში" აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ასამდე ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
აფეთქებების გამო მეტროსადგურებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე შეწყდა ელექტროენერგია. ორივე მეტროსადგურში ოპერატიულად მოხდა სასწრაფოს, სახანძროსა და მილიციის ძალების მობილიზება. ქალაქის ცენტრში შექმნილი ქაოსური მდგომარეობისა და არსებული საცობების გამო დაშავებულთა ევაკუაციისთვის საქმეში ჩართეს რუსეთის МЧС-ის შვეულმფრენები.
ტრაგედიასთან დაკავშირებით მედვედევმა კრემლში გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა, - "ტერორისტების განადგურება და ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება. ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას ყოყმანის გარეშე და ბოლომდე გავაგრძელებთ".
მან ასევე გასცა ბრძანება, უსაფრთხოების ზომები ქვეყნის მასშტაბით გააძლიერონ.
რუსეთის პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის ტერაქტში დამნაშავეთა განადგურების პირობა დადო. "დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს იღონებენ, რომ დამნაშავეები იპოვონ და დასაჯონ. ტერორისტები განადგურდებიან", - განაცხადა პუტინმა.
მოსკოვის პროკურორის, იური სემინის ინფორმაციით, ”ლუბიანკაზე" ორი კილოგრამი ტროტილი აფეთქდა. დაახლოებით, ანალოგიური სიმძლავრის აფეთქება იყო სადგურ ”პარკ კულტურიშიც".
მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის განცხადებით, აფეთქებები საგანგებოდ მოეწყო ხალხმრავალ სადგურებზე, რათა მსხვერპლი დიდი ყოფილიყო.
მომხდარის გამო მოსკოვსა და მის შემოგარენში ამუშავდა გეგმა ”ვულკანი”, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდა საპასპორტო რეჟიმი და მილიცია გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე...
”აფეთქების ორგანიზატორები, შესაძლოა, კავკასიელი ტერორისტები იყვნენ”, - ამის შესახებ იუწყება ”გაზეტა.რუ” ანალიტიკოს ალექსანდრ პიკაევის განცხადებაზე დაყრდნობით. მისი თქმით, ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურია, შესაბამისად მოსალოდნელია ტერაქტები კიდევ განხორციელდეს.
”მეტროში მომხდარი აფეთქებები შესაძლოა, "ცნობილი ბოევიკების” მკვლელობას უკავშირდებოდეს”, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი” რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აფეთქებები კავკასიაში ბოლო დროს განხორციელებულ სპეცოპარაციებს უკავშირდება, რომლის დროსაც "ცნობილი ბოევიკების” ანზორ ასტემიროვის, სალამბეკ აჰმადოვის, აბუ ჰალედის და საიდ ბურიატსკის ლიკვიდაცია მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროსადგური "ლუბიანკა” იმ ქუჩაზეა, სადაც რუსეთის უშიშროების მთავარი უწყებაა განთავსებული, - წერს "ინტერფაქსი”.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტს გამოეხმაურა.
ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარი მკაცრად დაგმო და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. "ამერიკელი ხალხის სახელით დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. ის ამაზრზენი სურათი, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. ამერიკელი ხალხი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსი ხალხის გვერდით დგას ”, - განაცხადა ბარაქ ობამამ.
ამერიკის პრეზიდენტის გარდა, რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, ლიტვისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს.
მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქებების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაშავდა 65 ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი 39-მდე გაიზარდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტერაქტი შაჰიდმა ქალებმა განახორციელეს. ნაპოვნია მათი დაფლეთილი გვამებიც. გაირკვა ქალი-კამიკაძეების სავარაუდო მარშრუტიც. ორი ქალი კამიკაძე, რომლებმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტებში წამყვანი როლი ითამაშეს, მეტროპოლიტენის მატარებლებში, სავარაუდოდ, სადგურ ”იუგო-ზაპადნაიაზე” ჩასხდნენ.
ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, სადგურ ”ლუბიანკაზე” აფეთქება იქვე მდებარე "ფსბ"-ს შენობის გამო მოხდა. მათი ვარაუდით, ერთ-ერთი ტერორისტი შეცდა და სადგურ ”ოკტიაბრსკაიას” მაგივრად, სადაც შსს-ს ცენტრალური აპარატის შენობაა განთავსებული, ბომბი სადგურ ”პარკ კულტურიში” აამოქმედა. იმავე წყაროს განმარტებით, შესაძლოა შაჰიდი ქალები მოსკოვის მეტროსადგურებში კარგად ვერ ერკვეოდნენ და ტერორისტს გზა აებნა...
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მეტროში მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ანონიმური ზარი მილიციის ცხელ ხაზზე ჯერ კიდევ 28 მარტს გაისმა. მოსკოვის მკვიდრმა ქალბატონმა ”02”-ში 17.37 საათზე დარეკა და განაცხადა, რომ მეტროში ჩეჩნები ტერაქტს გეგმავდნენ. ანონიმური ზარის ავტორი იმ დროისთვის მეტროსადგურ "კონკოვოში” იმყოფებოდა და გაიგონა, როგორ საუბრობდნენ ჩეჩნები დაგეგმილი ტერაქტის თაობაზე. მოსაუბრეებს შორის იყვნენ ქალებიც. ანონიმმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ ტერაქტი სწორედ მეტროსადგურ ”კონკოვოში” მზადდებოდა და მილიციას შეატყობინა. კინოლოგებმა სადგური შეამოწმეს, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.
რუსული მედიის ცნობით, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, მოსკოვის მილიციამ ტერორისტი ქალების მეგზური მამაკაცის ფოტორობოტი შეადგინა. წყაროს ცნობით, მილიციის თანამშრომლებს უკვე დაურიგდათ სავარაუდო ტერორისტის ფოტორობოტი ჩაცმულობის აღწერილობით.
პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შაჰიდ ქალებს მეგზურობას უწევდა სლავური გარეგნობის ორი მანდილოსანი.
”დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტერაქტს კავკასიას დაუკავშირებენ”, - აცხადებს რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი. ”2005 წლიდან პუტინმა კავკასიის პრობლემის მოგვარება სხვადასხვა კორუმპირებული ბანდიტის მეშვეობით სცადა. სანამ რუსეთის ხელისუფლება ბანდიტებზეა დაყრდნობილი, ჩვენ ტერორისთვის ვართ განწირულნი. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის უბრალო ხალხი ზარალდება. სანამ ტერაქტი არ მოხდება, მოსკოვში ყურს არავინ იბერტყავს.
ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტები ძალიან ხშირია. მარტო 2009 წლის განმავლობაში აფეთქებების რიცხვმა 50%-ით მოიმატა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტერაქტის შემდეგ დაიწყება რეპრესიების კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური ტალღა როგორც კავკასიელთა, ისე ზოგადად ოპოზიციის მიმართ", - ამბობს ბორის ნემცოვი.
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა. "ილოცეთ მათთვის, ვინც ამ უბედურ შემთხვევას შეეწირა და მძიმედ დაშავდა", - განაცხადა პარტიარქმა. გამოსვლაში პატრიარქმა იმ ხალხის ქმედებაც დაგმო, რომელნიც სხვისი ტრაგედიით გამორჩენას ნახულობენ, ამ შემთხვევაში საუბარია ტაქსის მძღოლებზე. მათ ფასები ორჯერ გაზარდეს იმის გამო, რომ ხალხს გადაადგილება უჭირს.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ტერორისტებმა აიღეს. შესაბამისი განცხადება სეპარატისტების ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, CNN ამ საიტს არ ასახელებს. დასავლური მედიის ვერსიით, რუსეთის ხელისუფლება დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ჩეჩენ სეპარატისტებს დააკისრებს.
შეგახსენებთ, რომ 1996 წლის 11 ივნისს მეტროსადგურების - "ტულსკაიასა" და "ნაგატინსკაიას" შორის მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა. 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
1998 წლის 1 იანვარს სადგურ "ტრეტიაკოვსკაიაზე", ქალის ჩანთაში მოთავსებული 150 გრამი ტროტილის აფეთქების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო მეტროპოლიტენის სამმა თანამშრომელმა.
2001 წლის 5 თებერვალს აფეთქება მოხდა სადგურ "ბელორუსსკაიაზე". ამოქმედდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება 200 გრამი ტროტილის მოცულობით. ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.
2004 წელს სადგურების - "ავტოზავოდსკაიასა" და "პაველეცსკაიას" შორის ვაგონში მომხდარი აფეთქების შედეგად, გვირაბში ხანძარი გაჩნდა... აფეთქდა 5 კგ. ტროტილი. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 41 ადამიანი, 250-მდე დაიჭრა.