"სასწაულია, თუ როგორ გადაურჩნენ დანარჩენები სიკვდილს" - კიდევ ერთ ავტოავარიას შეწირული 4 სიცოცხლე
"ჩინელებთან ხელშეკრულების ამუშავების შემდეგ, ხეობა, ფაქტობრივად, ტყისგან დაცარიელდა"
რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მომხდარ ავტოკატასტროფას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია - ლუგელას ხეობაში გვიან ღამით მოხდა, როდესაც მორებით დატვირთული ავტომანქანა "კამაზი" ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, გარდაიცვალნენ: დემურ ჯოლოყავა, გივი საჯაია, ლაშა კვარაცხელია და გელა ბარძიმაშვილი. მათგან ორი სატყეო სამსახურის თანამშრომელი, ერთი ჩინური კომპანიის რეინჯერი და ერთიც ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი იყო. ხუთი მგზავრი, რომლებიც მანქანის ძარაზე იმყოფებოდნენ, დაშავდნენ, მათგან ორი მძიმედ...
დანარჩენები კი უვნებლად გადარჩნენ, სოფელ მუხურის რწმუნებულის იგორ თოორდავას თქმით, რომ არა ისინი, ავარიის მბავს კარგა ხანს ვერავინ შეიტყობდა.
იგორ თოლორდავა:
- ამ ტრაგედიის შედეგად 4 ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა დავკარგეთ, მათგან მხოლოდ ერთი იყო ჩვენი სოფლის მკვიდრი. არ ვიცი, რა მოხდა, "კამაზის" მძღოლი ისეთი პროფესიონალია, რომ იტყვიან, მანქანის მართვის საქმე სისხლში და ხორცში აქვს გამჯდარი, მთელი ცხოვრება მანქანაზე მუშაობდა და რატომ უნდა დაჯახებოდა კლდეს?! არც ნასვამი იყო და როგორც ამბობენ, არც რაიმეს უჩიოდა სამუშაოზე გასვლის წინ. ლუგელას ხეობაში ჩინელები ჭრიან ტყეს და მათთან ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული - ხეობიდან ქუთაისამდე მორებს ეზიდებოდა, "კამაზშიც" ჩინელებთან დასაქმებული ხალხი ჰყავდა. ამ ხალხს მოსაჭრელად ტყის ახალი მასივი უნდა აეზომათ. ხეობაში ტყეები ჩინელებს უკვე 7-8 წელია იჯარით აქვთ აღებული. მანქანაში სულ 12 კაცი იყო. სასწაულია, თუ როგორ გადაურჩნენ დანარჩენები სიკვდილს. ძარა, სადაც 9 კაცი იყო, მორებით იყო დატვირთული, დანარჩენი სამი მძღოლიანად კაბინაში იყო, კაბინაში მყოფები დაიღუპნენ და მძღოლიც ძალიან მძიმედ არის. რამდენიმე დაშავებულია, 3 კი უვნებლად გადარჩა. სწორედ ისინი ჩამოვიდნენ სოფელში ფეხით და ავარიის ამბავი ჩამოიტანეს. ისე სოფელი ვერაფერს გაიგებდა, - ის ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, ისეთი მიუვალია, რომ ტელეფონითაც ვერ დაგვიკავშირდნენ, სიგნალი არ მიდის.
- როგორც ჩანს, ჩინური კომპანია, მხოლოდ ტყის რესურსს იყენებს, დანარჩენად კი ადგილობრივი მოსახლეობა ემსახურება საკუთარი ტექნიკით, მათ შორის სატვირთო ავტომანქანებით, რომელიც ძალიან ძველია, დაახლოებით 30-40 წლის. ასეთ შემთხვევაში კი ავტოავარიების რისკი ძალიან მაღალია...
- ვინც ტყის ჭრაზე "კამაზებით" მუშაობს, ყველასგან გაიგონებთ, რომ მათი მანქანა მუშა მდგომარეობაშია. ეს ხალხი ლუკმაპურს ამ მანქანებით შოულობენ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან. მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს, შესაძლოა მართლაც ტექნიკური გაუმართაობა იყოს იმის მიზეზი, რომ მანქანა კლდეს ისეთი ძალით დაეჯახა, რომ ამობრუნდა და ძარით დაემხო...
- კვლავ ჩინურ კომპანიაზე მინდა გკითხოთ, დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულების ოჯახებს?
- არ ვიცი, ეს კონტრაქტში უწერიათ თუ არა, მაგრამ ცუდი მდგომარეობა კია, ჩინელებთან ხელშეკრულების ამუშავების შემდეგ, ხეობა, ფაქტობრივად, ტყისგან დაცარიელდა.
ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)