"ნაცმოძრაობამ" შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობაც მოიპოვოს, "ქართულ ოცნებას" ურჩევნია ეს საფრთხე დაანახოს მოსახლეობას" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობამ" შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობაც მოიპოვოს, "ქართულ ოცნებას" ურჩევნია ეს საფრთხე დაანახოს მოსახლეობას"

პოლიტიკური რეიტინგები წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტუალურია. "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI)  საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა. როგორც მისი შედეგით ირკვევა, გამოკითხულთა 57%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, 38%-ს კი უკვე ჰყავს რჩეული. (იხილეთ)

რა ტენდენციები გამომჟღავნდა კვლევების შედეგად? - ამ საკითხზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ქართველებს ბევრი პრეტენზია გვაქვს NDI-ის მიმართ. შორს რომ არ წავიდე, NDI-ის გამოკვლევებით, 2012 წლის არჩევნები არ იყო სწორად პროგნოზირებული და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, როგორი შედეგები დადგა. არ მჯერა ამ გამოკვლევების და დარწმუნებული ვარ, ბევრია ჩემს პოზიციაზე. და მაინც, თუ მივიჩნევთ, რომ კვლევა სარწმუნოა, ამავე ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ წინა კვლევასთან შედარებით, თვალში საცემია, რომ ნდობის ფაქტორი "ქართული ოცნების" მიმართ გაზრდილია, "ნაციონალური მოძრაობა" კი ისევ იმ პოზიციაზეა.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია "ქართული ოცნების" მიმართ ნდობის გაზრდა?

- სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელმა აქტიურობამ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პარტიაში ახალი სახეების გამოჩენის დამსახურებაც.

- კვლევების შედეგად, გამოკითხულთა 67% აპირებს არჩევნებზე მისვლას, ხოლო 33 % არ აპირებს. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ გაააქტიუროს ეს ადამიანები?

- ამ დროს ამომრჩევლის მოსაზიდად ძალიან ცალსახა პროპაგანდაა საჭირო, აუცილებელია მოსახლეობა დაარწმუნო იმაში, რომ არჩევნებზე მისვლა საჭიროა. თუ ის საქართველოს მოქალაქეა, ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ბედ-იღბლის დაგეგმვაში. ეს ერთი ვარიანტია, მაგრამ ყოველთან მსგავსი შეგონება არ ჭრის. კარგი იქნება, თუ აზარტი გაიზრდება და ხალხს დაანახებენ, რომ ორი ძლიერი ძალა ებრძვის ერთმანეთს, ამ შემთხვევაში ამომრჩეველიც გამოცოცხლდება. თუკი ამომრჩეველი დაინახავს, რომ პირობები არათანაბარია და იფიქრებს, რომ ერთ-ერთი პარტიის გამარჯვება ცხადია, ის საერთოდ დაკარგავს ინტერესს. დაახლოებით ისეა, როგორც სპორტული შეჯიბრებების დროს. მაგალითად, როცა ორივე ფეხბურთის გუნდი ძლიერია, ტრიბუნები სავსეა, თუ არც ერთი ვარგა, მაშინ ცარიელი. ახლა ზუსტად ასეთი სიტუაციაში ვიმყოფებით, მაგრამ, თუკი შეძლებენ, რომ მეტი დრამატიზმი შეიტანონ, მაშინ ამომრჩეველიც უფრო აქტიური გახდება.

- თქვენი აზრით, რომელ პარტიებს აქვს საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი?

- "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც გამოკითხვებით იღებს 20%-ს, თუ არჩევნებშიც იგივე შედეგს გაიმეორებს, საკამაო რაოდენობის მანდატებს მოაგროვებს, თუ წარმატებას მიაღწიეს "ნაციონალური ორიენტაციის" პარტიებმაც, იგივე პაატა ბურჭულაძის პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის" , "გირჩმა" და ა.შ მან შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობაც მოიპოვოს. "ქართულ ოცნებას" ურჩვენია ეს საფრთხე დაანახოს მოსახლეობას და არა მჯიღი ირტყას მკერდში და იძახოს, - ჩვენ გავიმარჯვებთო!

- კვლევების თანხმად, ამომრჩევლის 32% - "ქართულ ოცნებას", ხოლო 26% -"ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს, ეს ციფრები არც ისე შორსაა ერთმანეთისგან...

- "ნაციონალების" ამომრჩველი იყო და არის 20%. ამაზე მეტ ამომრჩეველის ხმას ისინი ვერ მოიპოვებენ, რადგან მეხსიერებაში ყველას ჩარჩენილი აქვს, რასაც აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა". ამ მხრივ ზრდის რესურსი "ქართულ ოცნებას" აქვს და მათ სწორად უნდა იმუშაონ.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)