"მსოფლიოს ჩვენი თვითმყოფადობით ვჭირდებით და არა - რეი ჩარლზის, ჰიუსტონის, სტრეიზანდისა და სხვათა სიმღერების გამეორებით" - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს ჩვენი თვითმყოფადობით ვჭირდებით და არა - რეი ჩარლზის, ჰიუსტონის, სტრეიზანდისა და სხვათა სიმღერების გამეორებით"

"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რაღაცას რომ წაიღიღინებს და ფანდურს ან ბას-გიტარაზე ხელს ჩამოარტყამს ისე, რომ არც ნოტი იცის, არც აკორდი, არც ჰარმონია, არც ჯაზი, არც იმპროვიზაცია, უცბად შექმნის შედევრებს"

მასთან საუბარი ქათინაურით დავიწყე, რადგან, როგორც ძალიან ბევრი ქართველი მელომანი, და არამარტო ქართველი, მეც დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას, ნიჭს, შესრულებას, სტილს და ვაღიარებ, რომ ძალიან მომწონს მისი გამორჩეულად ლამაზი ხმა. სულ მალე - 9 აგვისტოს ბათუმის საზოგადოება და იქ მყოფი უამრავი დამსვენებელი ჩოგბურთის კორტებზე ამ ნიჭიერი კაცის კიდევ ერთ პროექტს გაეცნობა, მოისმენს და მჯერა, ძალიანაც ისიამოვნებს. ასეთი მუსიკა საქართველოს ნამდვილად სჭირდება.

ბევრი საინტერესო პროექტის ავტორი და, როგორც მისმა კოლეგამ, დავით ცინცაძემ უწოდა - "იშვიათი, წარმოუდგენლად ნიჭიერი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი" დავით შანი (ფოლკლორისტი, ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი, ანსამბლ "გეორგიკას" ხელმძღვანელი დავით შანიძე) მთელ დღეს საჭეს უჯდა და მობილურით, ლამის, საქართველოს გზატკეცილებზე "დავდევდი". საბოლოოდ, შუაღამეს, მაინც ტრასაზე მყოფთან მომიხდა სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა. საუბარი მისი უახლესი პროექტით -"კავკასიის მარგალიტით" დავიწყეთ, რომლის გაცნობის საშუალებაც 9 აგვისტოს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს მიეცემათ.

დავით შანი:

- ვფიქრობ, რომ ეს არის თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი მარგალიტი, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი შემოქმედებაა, არამედ - ეს არის ძალიან თანამედროვედ გადმოცემული ქართული მუსიკა. შეიძლება დღეს ძალიან თანამედროვედ ელექტრონული მუსიკა მიიჩნევა, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობ: ისეთ მუსიკას, ყოველთვის რომ თანამედროვეა, ისევე, როგორც ვაჟა, გალაკტიონი, ბაირონი, მოცარტი და სხვები... პროექტ "კავკასიის მარგალიტში" გამოყენებულია მსოფლიოში გაბატონებული, ზოგადად - საკაცობრიო თუ, ზოგადად - მუსიკალური ხერხები, როგორიცაა არტი, ჯაზი, ბლუზი, როკი, ოღონდ, რა თქმა უნდა, მასში უმთავრესი მაინც ქართული მუსიკა, ქართული სული და ქართული სიტყვაა - ფოლკიც და თანამედროვე ქართული მუსიკაც, თუმცა მთლიანობაში ფოლკს მაინც შექმნილი მუსიკა ჭარბობს.

თავად ფოლკლორისტი ვარ, ანსამბლ "მართვედან" დაიწყო ჩემი ისტორია, შემდეგ კი გაგრძელდა "გეორგიკით"; პირველი "შინის" პროექტი იყო, სადაც ინსტრუმენტები ჭარბობდა, მას "ეგ არი" მოჰყვა, სადაც შედარებით მეტი სიმღერა გამოვიყენე, ეს ბოლო კი უფრო სოლოპროექტია, ვოკალის, და აქ მეტი თავისუფლებაა. ჩემი მუსიკა კიდევ უფრო მეტად გამოდგება იმისთვის, რომ საჭიროების მიხედვით ინსტრუმენტებიც კარგად გამოჩნდეს. რაც მთავარია, შევძელი, რომ მასში ვოკალური თემა მაქსიმალურად გამეზარდა და თანამედროვე ღირებული ქართული ვოკალური ნაწარმოებები წარმომეჩინა. უამრავი იყენებს, თუნდაც, ფოლკლორს, მაგრამ მე არ მივესალმები ამას, რადგან მუსიკა არ არის მხოლოდ ჩვენი ინტუიციითა და ნიჭით შექმნილი, რომელიც ვიღაცას შეიძლება მოსწონს კიდეც. ღირებული ნამუშევარი უცოდინრობით, ბევრი შრომისა და აწონ-დაწონვის გარეშე არ იქმნება. თუნდაც ამ ჩემს სოლოპროექტს თავისი გზა აქვს - მის შექმნას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სამი ძალიან წარმატებული პროექტი: "გეორგიკა", "შინი" და "ეგ არი" უძღოდა, არამარტო ქართულ, არამედ - ევროპულ სივრცეშიც. აქედან გამომდინარე, მინდა-არ მინდა, მომყვება ცოდნა, შრომა, გამოცდილება, გაჭირვება და დალხინება... ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რაღაცას რომ წაიღიღინებს და ფანდურს ან ბას-გიტარაზე ხელს ჩამოარტყამს ისე, რომ არც ნოტი იცის, არც აკორდი, არც ჰარმონია, არც ჯაზი, არც იმპროვიზაცია, უცბად შექმნის შედევრებს.

- ცხადია, ჭეშმარიტი ხელოვნება საყველპუროდ არ არსებობს და მასაც, ისევე, როგორც ნებისმიერ საქმეს, თუნდაც ჩემს პროფესიას, სათანადო ცოდნა, განათლება სჭირდება...

- ნამდვილად ასეა. მსოფლიოს ჩვენი თვითმყოფადობით ვჭირდებით და არა - რეი ჩარლზის, ჰიუსტონის, ბარბრა სტრეიზანდისა და სხვათა სიმღერების გამეორებით. თუკი გვსურს, სერიოზული კვალი დავატყოთ მსოფლიო მუსიკასაც და, ამავე დროს, საკუთარ თავსაც - მუსიკის შექმნითა და გაყიდვით ბიზნესიც ავაწყოთ, სწორედ ჩვენს თვითმყოფადობაზე დაყრდნობით დაწერილი ნაწარმოებები გვჭირდება, საამისოდ კი - პროფესიული განათლებაა აუცილებელი, რაღაც შეკოწოწებული, მდარე პროდუქტი რომ არ მივიღოთ.

ჯერჯერობით ჩვენი მუსიკალური პროდუქცია ყველაზე უკეთ მაინც რუსეთში, უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყიდება. მუსიკალური პროექტებიდან ერთადერთი აღმოჩნდა "შინთან" ერთად გაკეთებული პროექტი, რაც თითქმის მთელ ევროპაში გაიყიდა. ძალიან დავინტერესდი თურქეთით, სადაც ჩვენი ცეკვა აშკარად ფასობს, მაგრამ პროფესიული სიმღერა არ იყიდება. "კავკასიის მარგალიტში" ოთხი კომპოზიციაა: "გელინო", "ნანი-ნანი", "დიდოუ-ნანა" და "შურიმშინე" - ლაზურ თემებზე გაკეთებული, რომელმაც, ფაქტობრივად, უკვე გაამართლა. კარგი იქნება, ზოგადად, ქართული მუსიკის გაყიდვის გზებს თურქეთსა და სხვა ქვეყნებშიც თუ მოვიძიებთ და მხოლოდ საქართველოში, რესტორნებში შესასრულებლად არ დავტოვებთ, თორემ ჩვენს შოუ-ბიზნესში რა ხდება, კი მოგეხსენებათ - აქ, გარდა ტაშ-ფანდურისა, სერიოზულად მუსიკას არ აღიქვამენ, რადგან ის მხოლოდ გართობის საგნად მიიჩნევა. არადა, მუსიკა მხოლოდ გასართობი ნამდვილად არ არის!

შვილებთან - ლაზარესა და იოთამთან ერთად

- შესაშურად დაუდგრომელი, მოუსვენარი და მაძიებელი ადამიანი ჩანხართ. მრავალფეროვან პროექტებზე რომ არაფერი ვთქვათ (აქ მხოლოდ მასშტაბური დავასახელეთ), ამას თქვენი მოკლე ბიოგრაფიაც გვაუწყებს - ბავშვობიდან ასეთი ყოფილხართ: ჯერ მარტო, ოთხი სკოლა გამოგიცვლიათ...

- სკოლებს მართლაც ვიცვლიდი ხან საცხოვრებლის გამოცვლის გამო, ხან თავად ვერ ვჩერდებოდი - ან ვერ ვეგუებოდი, ან ჩხუბი იყო მიზეზი. მახსოვს, ერთ ბიჭს ვეჩხუბე, რადგან ჩემს კლასელს ჩაგრავდა და ორივე მოჩხუბარი სხვადასხვა სკოლაში გადაგვიყვანეს, ანუ დაგვაშორეს (იცინის).

- ანსამბლების შექმნა-ხელმძღვანელობაც კარგად გამოგდით. "გეორგიკის" პარალელურად, "პატარა გეორგიკაც" ხომ შექმენით?

- ეს 1990-იან წლებში იყო. პატარების ანსამბლი დღესაც არსებობს, მაგრამ ხელმძღვანელობისთვის ვეღარ ვიცლი და მხოლოდ კონსულტანტობას ვჯერდები. დიდი "გეორგიკა" კი აღვადგინე. ძველი შემადგენლობიდან ხუთნი ვართ, დანარჩენები კი ჩემი მოსწავლეები არიან, უკვე წამოზდილები. თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაშიც შევქმენი ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი - "არსიანი" და მასაც ვხელმძღვანელობ... საერთოდ, ასეთი ბუნება მაქვს: როდესაც სადღაც მაქსიმუმს ვაღწევ ან ვგრძნობ, იქ საქმიანობა ამოვწურე, ახალს ვიწყებ. ახლის დაწყება კი არასდროს მაშინებს.

- უშიშარი რომ ხართ, პირად ცხოვრებაზეც გეტყობათ: ბევრი ვერ რისკავს მრავალშვილიანი ოჯახის ყოლას, თქვენ კი უმდიდრესი ხართ - ერთი ანსამბლი გყავთ შინ: მეუღლე და 6 შვილი. მათზეც გვიამბეთ.

- მეუღლეც - სოფიო ლეჟავა მუსიკოსია, კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით. 5 ვაჟი მყავს და ერთი გოგონა, ანასტასია რიგით მეოთხეა. უფროსი - იოთამი 18 წლისაა, დანარჩენები - ლაზარე, ნიკოლოზი და ანასტასია ერთმანეთს ორ-ორი წლით მოჰყვებიან; მხოლოდ მეხუთესა და მეექვსეს შორისაა ცოტა დიდი განსხვავება - გიორგი ათისაა, უმცროსი, შიო - ოთხის. ყველანი მღერიან, მაგრამ პროფესიულად - მხოლოდ ანასტასია. არადა, იოთამს სიმღერის ყველაზე დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ რატომღაც არ მოინდომა შესწავლა. ლაზარე ბას-გიტარაზე უკრავს.

- მოკლედ, საუკეთესო პროექტი შინ განგიხორციელებიათ და საოჯახო ანსამბლის ხელმძღვანელობასაც ვერაფრით აიცდენთ. ისე, ადრე მოდური იყო საოჯახო ანსამბლები, თქვენც ხომ არ იფიქრებდით?

- ალბათ ბოლოს აქამდეც მივალთ და მართლაც შევქმნით საოჯახო ანსამბლს.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)