თინა ხიდაშელს ლევან იზორია, პაატა ზაქარეიშვილს კი - ქეთევან ციხელაშვილი შეცვლის - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელს ლევან იზორია, პაატა ზაქარეიშვილს კი - ქეთევან ციხელაშვილი შეცვლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა.

თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა, რითაც „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო. აგულაშვილი ”ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან” გეგმავს თანამშრომლობას.

"ინტერპრესნიუსი"