"ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ" - კვირის პალიტრა

"ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა.

თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თინა ხიდაშელი მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას „შეცდომას“ უწოდებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა როგორც პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ცუდი სიგნალი იქნება.

„მე ვფიქრობ რომ, მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოს, მაგალითად, სამხედრო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მაინცდამაინც ვარსკვლავები არ უნდა ეკეთოს? - ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით. ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ცუდი ტენდენციაა. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"