"ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს" - რატომ ითხოვენ საქართველოში სააკაშვილის დაჯარიმებას? - კვირის პალიტრა

"ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს" - რატომ ითხოვენ საქართველოში სააკაშვილის დაჯარიმებას?

1-ლ აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებისკენ მოუწოდა.

საია-ში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო საია უსკო-ს მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საია- მოთხოვნას ოდესის გუბერნატორი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

"ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.

გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება.

ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოში", - წერს სააკაშვილი. (წყარო)