"ამტკიცებენ, რომ მე, ერთმა ქალმა, ხუთი პოლიციელი ვცემე" - კვირის პალიტრა

"ამტკიცებენ, რომ მე, ერთმა ქალმა, ხუთი პოლიციელი ვცემე"

"შენობაში სიბნელე იყო, მაგრამ დავინახე ვიღაც შავმაისურიანი მამაკაცი ძირს დაგდებულს წიხლს როგორ ურტყამდა და თან მეგრულად იგინებოდა, ციხეში ამოგალპობთ ყველასო. პოლიციელებსაც აგინებდა, ყველა დაიჭირეთ, თორემ ყელს გამოგჭრითო. მივვარდი ამ შავმაისურიანს, ძირს დაგდებულს რატომ ურტყამ-მეთქი, შემაგინა და მუშტი ჩამარტყა, იქვე გული წამივიდა".

პოლიციელების ცემის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას წელიწადია უშედეგოდ ითხოვს. საქმე ეხება მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციაში მომხდარ ინციდენტს. ამ საქმეში დაზარალებულად ოფიციალურად პოლიციელები ცნეს, ხოლო 7 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აქედან 2 ქალია.

2014 წლის 16 ოქტომბერს სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხელბორკილდადებული ბრალდებული თემურ გაბუნია გაიქცა - გამოძიების მტკიცებით, მისი დაკავებიდან 10 წუთში პოლიციის შენობას ნათესავები და მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს: მალხაზ კვესელავას, ანდრია სილაგავას, ალეკო ჯღარკავას, გოჩა წულაიას, ავთანდილ ჯოჯუას და ალექსანდრე გაგუას, რის შემდეგაც სამორიგეო ოთახიდან გააქციეს თემურ გაბუნია. პროკურატურა საქმეში ბრალდებულებს თავდაპირველად პოლიციელების ცემას, მათთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაკავებულის გაქცევის ორგანიზებას ედავებოდა. მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და მათ სასჯელი მხოლოდ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეუფარდეს. 5 პირს: ბოჩია ასაბაშვილს, ვაგნერ წულაიას, შალვა პატარაიას, გოგიტა კეკელიასა და ცოტნე გაბუნიას პატიმრობა შეეფარდათ, მაია და ინეზა კეკელიებს კი, 3-3 ათასლარიანი ჯარიმა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელი დასაშვებად არ ცნო.

მაია კეკელია:

- 2015 წლის 16 ოქტომბერს ჩემი დისშვილი, თემურ გაბუნია, მეგობრის გარდაცვალების 5 წლისთავზე მის სასაფლაოზე იყვნენ, როდესაც პლანის მომხმარებლის ასაყვანად მათთან პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ... მან გაპარვა მოახერხა. პოლიციელ ავთანდილ ჯოჯუას ჩემი დისშვილისთვის უთქვამს, გეგმა მაქვს შესასრულებელი, დღეს ვინმე რომ არ მივიყვანო განყოფილებაში, საქმე ცუდად მექნება, ამ ბიჭებიდან ყველაზე სუფთა შენ ხარ, გამომყევი შემოწმებაზე და გამოგიშვებო. თემურს პოლიციის შენობაში ბიჭები გაჰყვნენ... ახლობელმა შემატყობინა, თემური დაიჭირესო. ბიძაშვილთან, ინეზა კეკელიასთან ერთად წავედით პოლიციაში. იქ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. თურმე ჩემი დისშვილი ყველას ეხვეწებოდა, შენობაში არ შემოხვიდეთ, გავივლი შემოწმებას, არაფერი აღმომაჩნდება და გამომიშვებენო. პოლიციის შენობაში ჩემი დისშვილის მეგობრები, ზურაბ ბახია, ზურაბ ქუთელია და შოთიკო კარტოზია ვიცანი. შენობაში სიბნელე იყო, მაგრამ დავინახე ვიღაც შავმაისურიანი მამაკაცი ძირს დაგდებულს წიხლს როგორ ურტყამდა და თან მეგრულად იგინებოდა, ციხეში ამოგალპობთ ყველასო. პოლიციელებსაც აგინებდა, ყველა დაიჭირეთ, თორემ ყელს გამოგჭრითო. მივვარდი ამ შავმაისურიანს, ძირს დაგდებულს რატომ ურტყამ-მეთქი, შემაგინა და მუშტი ჩამარტყა, იქვე გული წამივიდა.

- ვინ დაგარტყათ ხელი, პოლიციელმა?

- მოგვიანებით გავიგე, რომ ბანძის პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე გაგუა ყოფილა. სასაცილო კი ის არის, რომ 2-მეტრიანი ახმახის ცემაში აქეთ დამადანაშაულეს. სასამართლოზე უტიფრად გაიძახოდა, იმიტომ ვერ მოვახერხე გაქცეული პატიმრის დაკავება, რომ მაია კეკელია მუშტებს მირტყამდაო. 5 პოლიციელიც ამბობს, ჩვენც იმიტომ ვერ მოვახერხეთ გაქცეულის დადევნება, მაია კეკელია გვირტყამდაო.

მოკლედ, ამტკიცებენ, რომ მე, ერთმა ქალმა, ხუთი პოლიციელი ვცემე. არადა, მე ვარ დაზარალებული. მე რომ გული წამივიდა, ჩემი ბიძაშვილი ინეზაც ცუდად გამხდარა, შაქარმა აუწია და ისიც ცალკე გაუხდათ მოსასულიერებელი. ჩემი მოსულიერებაც სცადეს, ნიშადური მოიტანეს, მაგრამ ჩემს დისშვილს უთქვამს, არაფერი დაალევინოთ, წამლებზე ალერგიულია და ცუდად გახდებაო. მაშინ გაგუას უყვირია, ხელში არ ჩაგვაკვდეს, შენობიდან გაათრიეთო. გარეთ დროდადრო მოვდიოდი გონზე და მერე ისევ ცუდად ვხდებოდი... მოკლედ, მანქანაში ჩამსვეს და წავედით, სენაკის გზაზე სკოლასთან ბენზინი გაგვითავდა, ჩემი დისშვილი სულ სისხლიანი იყო და ხელბორკილები ედო.

ვემუდარე, დაბრუნდი უკან და გავარკვიოთ, რა ხდება-მეთქი. მათთან სიმართლე არ გაგივა, ყველაფერს შეგტენიან, სჯობს სახლში წახვიდე და მეც მალე მოვალო. ჩემი დისშვილი და მისი მეგობრები წავიდნენ. მე კი მაინც იმის გასარკვევად რატომ იყო თემური დაკავებული, ისევ პოლიციაში დავბრუნდი. იქ ისევ ის შავმაისურიანი მომვარდა და გინება დამიწყო. მეუბნება, ყველას ციხეში ჩაგალპობთ, შე ნაბოზაროო. ამ სიტყვაზე გავცეცხლდი, ვინ ხარ, რა გინდა-მეთქი. სასმლის სუნი ასდიოდა, ეტყობოდა, ძალიან ნასვამი იყო. ფორმიან პოლიციელებს ვკითხე: ეს მთვრალი კაცი ვინაა-მეთქი. პოლიციელები დაბნეულები იდგნენ. გაგუამ კარს მუშტი დაარტყა და იყვირა, თქვენი დედა, ბორკილები დაადეთო. მჩხრეკდნენ, თან დამცინოდნენ, პლანს თუ ეწევი, გერმანიაშიც (რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი), ალბათ, ეწეოდიო. ვემუდარებოდი, ასთმიანი ვარ, ფანჯარა გამოაღეთ და 5 წუთით სუფთა ჰაერი შემოუშვით, რომ შეტევამ გამიაროს-მეთქი. დამცინავად მპასუხობდნენ, თავი ისევ გერმანიაში ხომ არ გგონია, რა სურვილები გაქვსო. ცოტა ხნის შემდეგ ბანძის პოლიციის უფროსი გოჩა არაბიძე მოვიდა. ნახა, რომ მართლა ცუდად ვიყავი და ჭიქით წყალი მომიტანა... პოლიციაში თანდათან ხალხი მომრავლდა. ერთი ყველაზე აგრესიული იყო და მკითხა, რა გვარი ხარო. ინეზა რა არის შენიო, ბიძაშვილი ვარ-მეთქი. მერე ინეზას დისშვილი მიხსენა, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელია. ყველა კეკელია ციხეში უნდა ამოგალპოთო.

- ვინ იყო ის?

- მარტვილის მაშინდელი პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ძიძიგური. მერე გავიგე, რომ ინეზაზე შურისძიება უნდოდა. მისი დისშვილი დაიჭირა და მის გათავისუფლებაში ფულს სთხოვდა. ინეზა დაჰპირდა, მაგრამ არ მისცა, სხვასთან ჩააწყო საქმე და ამაზე ყოფილა გაბრაზებული. იმ დღეს მარტვილში ღარიბაშვილი იყო ჩამოსული და პოლიციელებს რესტორანში უქეიფიათ. ყველა მთვრალი იყო.

თავიდან ბრალი წვრილმანი ხულიგნობით წამიყენეს, ვუყვირე, თქვენ ხართ ხულიგნები-მეთქი და რამდენიმე წუთში დაკავების ახალი ოქმი შემომიტანეს, ამჯერად 173-ე მუხლით - სამართალდამცავის დაუმორჩილებლობა. ხელი არც ამაზე მომიწერია. ოთახიდან ისმოდა მეგრულად: სისხლი, არ ქნა, ბიჭო, ცოდვააო". ვიღაც კი პასუხობდა, სისხლი უნდა გავუკეთოო. ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს, მერე გავიგე, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით ჩემს დაკავებაზე იყო ლაპარაკი.

- ამ საქმეში ბრალდებულად ინეზა როგორ აღმოჩნდა?

- სახლში რომ არ დავბრუნდი, ინეზა მოვიდა პოლიციაში. უთხრეს, ოთახში შემოდი, მაიას დაელაპარაკეო და შემოვიდა თუ არა, ხელბორკილი დაადეს. ასევე მოექცნენ ჩვენს ახლობელს, გოგიტა კეკელიასაც. ასე შეიკერა პოლიციელებზე თავდასხმის საქმე. საპროცესო შეთანხმებაზე უარი ვთქვი. სამი დღე იზოლატორში ვიყავი, მერე ციხეში გადამიყვანეს და იქაც სამი დღე გავატარე. ადვოკატი მეუბნებოდა, პოლიციელებს ომს ვერ მოუგებ, დაიბრალე და საპროცესოს გაგიფორმებენო, იგივე მითხრა პროკურორმაც, მაგრამ არ დავთანხმდი. ერთ-ერთ დაკავებულს, ბოჩია ასაბაშვილს, ბრალად დასდეს ჩემი წაქეზება და 4 წელი მიუსაჯეს, სხვა დაკავებულებს - 5 წელი.

5 პოლიციელის იდენტურ ჩვენებაზე აიგო ეს საქმე და 5 უდანაშაულო ადამიანი გამოკეტეს ციხეში. მოსამართლე წერს, - მეზობლების ჩვენებებს ვერ გავიზიარებ, რადგან თანასოფლებლები არიან და მათი ჩვენებები პოლიციელების ჩვენებებებს არ ემთხვევაო. ეს არის სამართალი? არათანასოფლელი მოწმეები საიდან მომეყვანა? განცხადებით მივმართე გენერალურ ინსპექციას, ყველგან შევიტანე საჩივარი, მაგრამ უშედეგოდ.

- სხვები როდის დაიჭირეს?

- რამდენიმე დღის მერე. არადა, ამ დრომდე ჩემი დისშვილი, რომლის გაქცევის ხელშეწყობაში მათ ბრალი ედებათ, გარეთაა. სახლშია და მისთვის ამ ერთი წლის განმავლობაში არავის მიუკითხავს. თუ დამნაშავე იყო, რატომ არ დაიჭირეს? ამ საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებ და დარწმუნებული ვარ, დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

პ.ს. პირები, რომელთაც მაია კეკელია ასახელებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)