შინდისის ლეგენდა - რატომ ვერ ხერხდება შინდისის გმირების მემორიალის დამთავრება?! - კვირის პალიტრა

შინდისის ლეგენდა - რატომ ვერ ხერხდება შინდისის გმირების მემორიალის დამთავრება?!

შინდისის ბრძოლა - დღე, რომელიც XXI საუკუნის საქართველოს გმირული მატიანის დასაწყისად იქცა! ვინ იცის, მომავალ ქართველობას კვლავ რამდენი ომის გადახდა მოუწევს სამშობლოს დასაცავად, ცხადია, მათ შინდისის გმირებიც მისცემენ თავდადების მაგალითს.

შინდისის ლეგენდა 2008 წლის 11 აგვისტოს დაიბადა, ქართული ჯარების უკან დახევის დღეს, როცა სოფელ შინდისის გავლით დედაქალაქისაკენ ბრუნდებოდნენ. სწორედ ამ გზაზე, რკინიგზის მახლობლად ჩასაფრდა ტანკებითა და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებით შეიარაღებული რუსული მოტომსროლელი ასეულიც. ამ დროს სადგურთან ქართული საინჟინრო ოცეული გამოჩნდა და ოკუპანტების ტანკებმა გაუხსნეს ცეცხლი. ოცეული ღია საბრძოლო მანქანებში იჯდა. პირველივე მანქანა აფეთქდა და 5 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბიჭები მანქანებიდან ჩამოხტნენ და გზა ქართველების კონტროლირებად ტერიტორიამდე ბრძოლით გაიარეს. ამით შეიძლებოდა ყველაფერი დამთავრებულიყო და ბიჭებს ეცოცხლათ, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი ბრძოლა - უეცრად ოცეული გაიფანტა, დაცარიელებულ სახლებში გამაგრდა და მტრის ასეულს გაუხსნა ცეცხლი. ასე დაიწერა XXI საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველი გმირული ფურცელი - ამ ფურცელზე 17 ქართველი გმირის სახელი წერია - ყველა იმ დღეს დაიღუპა. დაიღუპა ისე, რომ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ, იბრძოდნენ მანამ, სანამ ტყვია-წამალი არ გაუთავდათ. ოცეულიდან მხოლოდ 3 კაცი გადარჩა - მძიმედ დაჭრილები და გონდაკარგულები უჩუმრად გაიყვანა მოსახლეობამ სამშვიდობოს. სწორედ ამ ბიჭებმა შეინახეს შინდისის გმირების ლეგენდა, რომელთა ცხედრები აგვისტოს პაპანაქებაში კარგა ხანს ეყარა უპატრონოდ...

ამ დღის ლეგენდას სევდიან ნათლად ადგას ეს ამბავი: მძიმედ დაჭრილი ნათლული ნათლიას ეხვეწა, - დამტოვე და სამშვიდობოს გადიო. ნათლიამ კი მანამ იბრძოლა, სანამ უკანასკნელი ხელყუმბარა დარჩა, მერე დაჭრილი ნათლული ჩაიხუტა და იმ ერთადერთი ხელყუმბარით თავი მასთან ერთად აიფეთქა...

ეს იყო 2008 წელს. მას შემდეგ შინდისელი გმირების ამბავმა მთელი საქართველო მოიარა და შეძრა. ასეც უნდა ყოფილიყო. შემდეგ ვიღაცამ თქვა, ამ ბიჭებს ძეგლი დავუდგათო. მას მთელი საქართველო აჰყვა დიდიან-პატარიანად, მინისტრ-გლეხიანად, მაგრამ შინდისის გმირების მემორიალი დღემდე არ დადგმულა. უფრო სწორად, არსებობს მხოლოდ რამდენიმეს სკულპტურა, მაგრამ არ არსებობს ნება, რომ ის დაიდგას - ქართველებმა ფული ვერ მოვაგროვეთ გმირების სახელის უკვდავსაყოფად, მაშინ, როცა ამ ქანდაკებისთვის საჭირო თანხაზე ათჯერ და ასჯერ მეტს უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად ვხარჯავთ!

მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე საჭირო ფულისთვის ხან ერთ დაწესებულებას მიადგება განცხადებით, ხან - მეორეს. ფული კი არა და არ ჩანს!

არადა, მერამდენე 11 აგვისტოს ვხვდებით ისე, რომ გმირების ჭირისუფლების თვალებში ჩახედვის გვრცხვენია!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)