"სუს-ის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს რესპუბლიკელებიც უჭერდნენ!"
"საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რესპუბლიკელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგნი იყვნენ, ამაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ რატომ ალაპარაკდნენ?!"
"სიცრუეა, თითქოს ვინმე თავდაცვის სამინისტროში "ოდეერის" დანიშვნას ითხოვდა"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის უწყება ჩაიბარა – აქტიურდებიან თუ არა წინასაარჩევნოდ ძალოვანი სტრუქტურები, როგორც ამას არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში ამტკიცებენ და რა გეგმებით მივიდა სამინისტროში, "კვირის პალიტრის" კითხვებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ექსკლუზიურად პასუხობს:
– როდესაც ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს დატოვებდნენ, პრემიერმა განაცხადა, რომ მათი შემცვლელები შერჩეული ჰყავდა. გუნდი თქვენს კანდიდატურაზე იყო შეთანხმებული?
– გულწრფელად გეტყვით, ბრიფინგის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე კანცელარიიდან დამირეკეს, პრემიერს თქვენთან შეხვედრა სურსო. სწორედ იქ შევიტყვე პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ. თავდაცვის მინისტრად ჩემი კანდიდატურის წარდგენას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები არ უძღოდა. პრემიერმა უდიდესი ნდობა გამომიცხადა.
მე ყველაფერს ცივი გონებით შევხედე – არ მქონია ემოცია, კარგი შემოთავაზება მივიღე-მეთქი, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა.
– გამოდის, დროც არ გქონდათ გასაანალიზებლად. ამასთან, მედიაში თინა ხიდაშელის შემცვლელად დავით ბაქრაძისა და დავით ზალკალიანის კანდიდატურებს აქტიურად განიხილავდნენ.
– სხვა კანდიდატურებთან შესაძლო მოლაპარაკებებზე ვერაფერს გეტყვით...პრემიერთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე. ვიგრძენი, რომ გუნდს ვჭირდებოდი და უნდა ვყოფილიყავი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის სადარაჯოზე.
ჩვენ აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავებაზე, ნატოს მიმართულებით პროექტებისა და ინიციატივების გაგრძელებაზეც ვისაუბრეთ, რა მიმართულებითაც საქართველო უკვე დიდი ხანია მუშაობს. ყველა კანდიდატს ვაფასებ, თუმცა გუნდის ლიდერმა ჩემი ბეგრაუნდი თავდაცვის მინისტრობისთვის საჭიროდ ჩათვალა.
– სწორედ თქვენი წარსული საქმიანობა გახდა თქვენი წინამორბედისთვის მიუღებელი... პრემიერის ხედვა წინასაარჩევნოდ ძალოვანი სტრუქტურების გააქტიურებას გულისხმობს?
– სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ჩემი დანიშვნით თავდაცვის მინისტრისა და ე.წ. უშიშროების სამსახურის ფუნქციების შეთავსება ხდება.
პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროში დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველვყოფთ, როგორც ეს შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შევძელით. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აშშ-ში სადაზვერვო უწყებაში გახლდით, რომლის შესასვლელშიც პრეზიდენტ ბუშის (უფროსის) ბიუსტი დგას –დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
კითხვა, პოლიტიკოსი ხარ თუ სპეცსამსახურის წარმომადგენელი, აბსოლუტურად გაუგებარია... რა დეფინიციასთან გვაქვს საქმე, იქნებ განგვიმარტონ. პოლიტიკოსს არა მხოლოდ რიტორიკის უნარი, მიზნების განსაზღვრისა და მისი უზრუნველყოფის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს.
მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია, ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, იმავდროულად, უნდა მართავდეს ისე, რომ უწყება იყოს დეპოლიტიზირებული და საქმეზე ორიენტირებული.
– თინა ხიდაშელისთვის თქვენ პოლიტიკოსი კი არა, "ოდეერების უფროსი" ხართ.
– არსებობს უტყუარი ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს რესპუბლიკელებიც უჭერდნენ. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად ვახტანგ ხმალაძესთან ვთანამშრომლობდით, მისი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. თანაც ეს არ გახლდათ ლევან იზორიას, ან რომელიმე ერთი პარტიის გადაწყვეტილება –ცვლილება კოალიციამ მიიღო. ასევე სიცრუეა, თითქოს ვინმე თავდაცვის სამინისტროში ოდეერის დანიშვნას ითხოვდა. თუ რომელიმე უწყებას სურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჰყავდეს, შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდება. ამ ყველაფერს ცივილიზებული ფორმა აქვს, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და
თავზე არავისთვის მოგვიხვევია, გინდა თუ არა, ჩვენი წარმომადგენელი უნდა გყავდეთო. ან საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი "ოდეერი"?! მსგავსი ცნება დიდი ხანია აღარ არსებობს.
საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რესპუბლიკელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგნი იყვნენ, ამაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ რატომ ალაპარაკდნენ?!
ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლა გვაქვს – სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი გახდნენ, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია – სახელმწიფო სექტორში მყარი ჩანასახები გაჩნდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც აღიარებენ. დღეს ვინმე გინახავთ, ქუჩაში უსამართლობის გასაპროტესტებლად მასობრივად გამოსულიყო?
– საზოგადოებაში დღესაც ბევრს აქვს განცდა, რომ სამართლიანობის დამკვიდრება "ქართულმა ოცნებამაც" ვერ მოახერხა. თანაც, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაზე საუბრობთ, რას უპასუხებთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში პირადი კადრებით დაშანტაჟების მცდელობაზე საუბრობენ, ან თსუ-ის ყოფილ რექტორს, რომელიც სტუდენტების სპეცსამსახურებისგან მართვაზე საუბრობდა?
– საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილების განცდა ყოველთვის იქნება, სრულიად იდეალური გარემო რთული წარმოსადგენია. საზოგადოების მეხსიერებაში შემორჩენილია ის ძალმომრეობითი მმართველობა, რაც იყო – დეგრადირებული ძალოვანი სტრუქტურები, რომლებსაც ერთი პარტია და მისი ლიდერი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. სწორედ აქედან მოდის ის სტერეოტიპი, რომლიდანაც უნდა გამოვიყვანოთ საზოგადოება.
რაც შეეხება მოსამართლეების საკითხს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ შემთხვევაშიც ხელოვნურ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. ხელმოცარულობაზე მიანიშნებს, როდესაც გაურკვეველ ინფორმაციას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აჟღერებ.
ანალოგიური ვითარება იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საკითხზეც... აშშ-ში ყოფნისას დავსვით კითხვა – რა ბერკეტებს იყენებდნენ, როდესაც კერძო პირი ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ტვირთავდა. გვიპასუხეს, რომ მათთანაც ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემებია.
– და დღეს როგორია თქვენი პოზიცია, როდესაც შესაძლოა, ამ საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს საპროცესო გაუფორმდეს?
– არ არის დადასტურებული, რომ პირადი კადრების საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ...
რაც შეეხება თსუ-ის საკითხს, ეს სერიოზული ბრალდება გახლდათ, რასაც შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება – მსგავსი კი არაფერი გვინახავს. ძალიან ცუდი პრაქტიკა ჩამოყალიბდა – ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ხელისუფლებაზე კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება სურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ იშვერს ხელს.
საზოგადოებას მეტი დამაჯერებლობისთვის ფაქტები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი არასერიოზულ სახეს იღებს და ისევ და ისევ ხელმოცარულობაზე მიუთითებს.
– თავდაცვის სამინისტროს დავუბრუნდეთ. გქონდათ დრო, წინამორბედის 15-თვიანი საქმიანობა შეგეფასებინათ და იმაზეც გეფიქრათ, რას შეცვლიდით უწყების მუშაობაში?
– ყველა წინამორბედის მუშაობას ვაფასებ, თუმცა ახლა დეტალურად მათი საქმიანობის შესახებ საუბარი არ შემიძლია.
ჩემი მთავარი კურსი დასავლეთი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ამასთან, ნატოში ინტეგრაციის პროცესი არ უნდა იყოს კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული, არამედ თავად პროცესი უნდა იყოს დაფასებული.
პირველ რიგში, ჯარისკაცებმა უნდა იგრძნონ, რომ პროცესის თანამონაწილეები არიან. ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ მათი დარწმუნებაა, რომ ამ პროცესში ისინი გულითა და გონებით ჩაერთონ. როდესაც ადამიანებს კონკრეტულ თარიღს ეუბნები, შესაძლოა, ამან დემოტივიზაცია გამოიწვიოს, რისი ნიშნებიც შეიმჩნევა. პირიქით, ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ნატოში გაწევრება პროცესია, რომელიც ორი მხარის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.
– არც წვევამდელების გაწვევის ბრძანებას გააუქმებთ და "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი აღდგება თანამდებობაზე?
– წვევამდელებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ მსურს. არ მოვსულვარ წინასწარ განსაზღვრული პოზიციით, რომ ეს ბრძანება უნდა გავაუქმო. თუ მოვისმინე არგუმენტები, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად ვიმოქმედებ. ამ საკითხს მეტი ანალიზი სჭირდება და მისი შესწავლა უკვე დავიწყე.
რაც შეეხება "დელტას", ამაზე საუბარი ჯერ არავისთან მქონია და არც გეგმები მაქვს. მეტიც, უჩა ძოძუაშვილს პიროვნულად არც კი ვიცნობ.
– დაბოლოს, იმყოფებოდა თუ არა ტრისტან წითელაშვილი სამხედრო საიდუმლო ობიექტზე, ვისი ნებართვით ან რა დამსახურების გამო შევიდა დახურულ ობიექტზე და რა ინფორმაცია გაიტანა?
– საზოგადოება ამ საკითხზე ინფორმაციას პროკურატურისგან მიიღებს. ჰქონდა თუ არა წითელაშვილს ობიექტზე შესვლის უფლება, გენშტაბის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძემ უკვე ისაუბრა. როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ ჩვენ მოგვმართა, გადაგვეცა მათთვის მასალები, რაც გავაკეთეთ კიდეც და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უწყება.
რუსუდან შელია