"ვანო აღსაზრდელის მამამ ეჭვიანობის გამო მოკლა" - ტყვიით შეწყვეტილი ცეკვა
6 აგვისტოს, თბილისში, ქერჩის ქუჩაზე არსებულ სარეპეტიციო დარბაზში, ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი, 30 წლის ვანო წიკლაური მოკლეს. სარეპეტიციო დარბაზში ანსამბლის ხელმძღვანელი ჩვეულებისამებრ ანსამბლის წევრებზე ადრე მივიდა, მკვლელიც მალევე შეჰყვა და თავში ორჯერ მიჯრით ესროლა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ანსამბლის წევრები და ვანოს მეგობრები მომხდარით შოკში არიან. მათ ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ, გვთხოვეს, - ვინაობის დასახელება საჭირო არ არის, ერთ-ერთი ჩვენგანი ყველას სახელით ილაპარაკებსო.
"ვანო წიკლაური არა მხოლოდ ოჯახს დააკლდა, არამედ მეგობრებს, ხელოვანებსა და მთელ საქართველოს, - მას თავისი ქვეყანა ძალიან უყვარდა და როგორც თავად არაერთხელ უთქვამს, მზად იყო ცხოვრების ბოლომდე ქართული საქმისთვის ემსახურა, მაგრამ არ დასცალდა..." - გვეუბნება ვანოს მეგობარი. მის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ქალაქ ხაშურში დააკავეს. ის 1979 წელს დაბადებული მამაკაცია. დანაშაულის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
- არ ვიცი ვანოზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკო. შოკში ვართ... როგორ უნდა გავაგრძელოთ მის გარეშე ცხოვრება. ის მთელი ანსამბლის, ყველა ჩვენგანის სული და გული იყო. არც მეგობრობა ეშლებოდა, არც გვერდში დგომა და თუ საჭირო იყო, არც პირში თქმა... ის გვამოძრავებდა, თითქოს სულს გვიბერავდა, რომ ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავით. თავადაც ვარჯიშობდა, - არც დასვენება იცოდა, არც დღე, არც ღამე, თუ საჭირო იყო, გათენებამდეც გვავარჯიშებდა.
ერთი ადგილის ტკეპნას ვერ იტანს. ანსამბლის ღერძი იყო, - ფორმების მოფიქრება იყო თუ აფიშების, ყველაფრის სულისჩამდგმელი ის იყო. ჩვენ თვალდახუჭული მივყვებოდით, რადგან კარგად ვიცოდით ვანოს სადაც მივყავდით, იქ წარმატება იყო... ისეთ მაგალითს გვაძლევდა, რომ ამისი ნდობა რომ არ გვქონოდა, შეუძლებელი იყო. ბავშვებსაც ასე ზრდიდა, ასეთი სულისკვეთებით ასწავლიდა ცეკვას, - თუ ცეკვავ, სასაწაული უნდა იყო, სხვანაირად ჯობია არ იცეკვოო. რამდენჯერ ყოფილა, რომ ზოგს ფული ვეღარ გადაუხდია და ვანოს არ გაუშვია სახლში, - მშობლებს რომ ფულის გადახდა არ შეუძლიათ, ამისთვის ბავშვი რატომ უნდა დაიჩაგროს, როცა ცეკვა უყვარსო... სიგიჟემდე უყვარდა თავისი მოსწავლეები, მათზე ისე ზრუნავდა, ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა... ვანოს თბილი, მოსიყვარულე გული ჰქონდა. როგორ უნდა განაგრძოს ანსამბლმა მის გარეშე არსებობა, არ ვიცი. მაგრამ, აუცილებლად უნდა განვაგრძოთ, ვანომ ჩვენს საქმეში გული ჩადო, არ შეიძლება ამ გულის მიტოვება.
- როგორც ამბობენ, მას ახალი პროექტი ჰქონდა და სწორედ ამის გამო დადიოდა ზაფხულის პაპანაქებაში სავარჯიშოდ სარეპეტიციო დარბაზში.
- ჰქონდა, გატაცებული იყო ამით. სექტემბერში ხერთვისის ციხეზე უნდა ჩაგვეტარებინა კონცერტი. ამისთვის უნიკალური ცეკვა თავად დადგა. მას "მესხური " ჰქვია და ულამაზესი ცეკვაა. ვანო უნიკალური ნიჭის პატრონი იყო, - აბა, ისე როგორ მიაღწევდა საქართველოში წარმატებას, როცა კონკურენტად ქართული ცეკვის გრანდიოზული ანსამბლები გვყავდა. ვანომ კი მაინც მოახერხა ჩვენი ანსამბლი ცნობილი გამხდარიყო. სექტემბერში ხერთვისის ციხეზე კონცერტიც გვქონდა დაგეგმილი. ერთი ჩვენი ახლობლის სიმღერა უნდა გვემღერა, რომელიც მან გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა. ახლა კვლავ ვიმღერებთ ამ სიმღერას, ოღონდ ის ჩვენი ვანო წიკლაურის ხსოვნასაც მიეძღვნება.
- ვანო წიკლაურის მკვლელობაზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა...
- დიახ. მაგრამ ძირითადი ვერსია ის არის, რომ ვანო მისი აღსაზრდელის მამამ ეჭვიანობის გამო მოკლა, - ცოლზე ეჭვიანობდა თურმე, რომელსაც ბავშვი ცეკვაზე დაჰყავდა. ყველანი ვფიქრობთ, ვფიქრობთ კი არა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ეჭვიანობას საბაბი არ ჰქონდა, არ არსებობს, იმიტომ რომ ანსამბლში ბავშვობის მეგობრები ვართ და ვანოს სიმართლე რომც დაემალა, ისედაც მივხვდებოდით... ეჭვიანობა ავადმყოფობაა. ეს კაცი ავადმყოფია, რომელმაც არაჩვეულებრივი ადამიანი მოკლა და თავიც დაიღუპა.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)