"შავდათუაშვილის ჟესტი რუსეთს ვერ ამოძირკვავს, მაგრამ ამგვარი ჟესტები... კი არის საფუძველი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნიდან წავიდეს" - კვირის პალიტრა

"შავდათუაშვილის ჟესტი რუსეთს ვერ ამოძირკვავს, მაგრამ ამგვარი ჟესტები... კი არის საფუძველი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნიდან წავიდეს"

2016 წლის 8 აგვისტოს, ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, თუმცა ლაშამ ამ თამაშების მთავარი ბრძოლა, მესამე ადგილისთვის შერკინებამდე, რუს ფალავანთან იჭიდავა და ღირსეულად მოიგო.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება  აგვისტოს ომის 8 წლისთავზე ნამდვილად სიმბოლური იყო და ქართველებისთვის ოქროზე მეტად ფასობს. ამას ისიც დაემატა, რომ ლაშამ იკუპანტ ქვეყანას ჟესტითაც მიანიშნა თუ რას ნიშნავდა მისთვის და მისი ქვეყნისთვის ეს ბრძოლა. ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ჩვენში გამოჩნდებოდნენ ქართველები, რომელთაც ეს ჟესტი იმდენად არ მოეწონებოდათ, რომ ამის ხმამაღლა თქმას გაბედავდნენ, მაგრამ...

"ფეისბუკში" ამ თემაზე მეტად საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, რომელსაც გთავაზობთ:

"ერთი ხანობა ვიფიქრე, ცალ-ცალკე დავივლი იმ გვერდებს, სადაც შავდათუაშვილის ჟესტს აკრიტიკებენ თუ გმობენ-თქო, მაგრამ, გადავიფიქრე და ცალკე სტატუსად მოგახსენებთ ჩემ აზრს.

ჩვენი სპორტსმენის ჟესტი, რასაკვირველია, პროტესტია რუსეთის მიმართ... ამასთან, სწორედ 8 აგვისტოს ამ პროტესტის გამოხატვაა ერთგვარად სიმბოლური.

ეს პროტესტი არ არის მიმართული ივანოვის, პეტროვის, სიდოროვის თუ სხვათა, მით უფრო, კონკრეტული დამარცხებული სპორტსმენ-მოწინააღმდეგის წინააღმდეგ... ეს ზოგადი პროტესტია და უკავშირდება ერთს - ჩვენ ქვეყანას შეუძლია გამარჯვებებიც, მათ შორის, 8 აგვისტოსაც.

რასაკვირველია, გამარჯვება ტატამზე ვერც შეედრება გამარჯვებას ბრძოლასა თუ ომში, მაგრამ, მცირე გამარჯვება ტატამზე არის გზავნილი - ჰოპლა, ჩვენც ვცოცხლობთ... და თუ მოწინააღმდეგე რუსი სპორტსმენი ამით შეურაცხყოფილია, მაშინ ის თავს აიგივებს კონკრეტულ იმ რუსებთან, რომლებმაც ჩვენი დამარცხების გადაწყვეტილება მიიღეს 8 წლის წინ... ხოლო თუ ტატამზე დამარცხებული რუს სპორტსმენს ეს ჟესტი დიდად არ აღელვებს, მაშინ ეს მას საერთოდ არ ეხება.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთ მოქალაქეს საქართველოში ჯერაც ვერ გაუცნობიერებია, რომ სპორტი პოლიტიკის ნაწილია... საერთოდ ყველაფერი პოლიტიკაა - სპორტიც, ხელოვნებაც... ვაჭრობაც... არ ვიცი, საერთოდ ყველაფერი, რაც გარშემო და ირგვლივაა. ცხადია, სასურველია, ეს ასე არ იყოს, მაგრამ, ამისათვის ერთ ემზობელს არ უნდა ჰქონდეს სხვა მეზობელთა ჩაგვრის სურვილი... ვიდრე ასე მომხდარა, უკლებლივ ყველასთვის, ვინც ტატამზე, მოედანზე, სცენაზე გამოდის ან აგორაზეა, ყველაფერი პოლიტიკის ნაწილი იქნება... უნდა იყოს... სასურველია, რომ იყოს.

რას ცვლის ერთი ჟესტი? ფორმალურად, არაფერს... დაპყრობილი ქვეყანა დაპყრობილ ქვეყანად რჩება; ოპონენტებს მიეცემათ მეტი "არგუმენტი", რომ ყალბად ისაუბრონ "ურა-პატრიოტიზმის" ამოშთობის აუცილებლობასა და პრაგმატული პოლიტიკის გატარების მიზანშეწონიილობაზე.

მაგრამ, ეს ფორმალურად - რეალურად კი, ქვეყანა ეკუთვნის მათ შორის ჯერაც არდაბადებულ იმ ადამიანებსაც (თაობებს), რომლებმაც სრულ თავისუფლებაში, რუსეთისაგან თავისუფლებაში უნდა იცხოვრონ.

ეს ერთი ჟესტი არ, მაგრამ ჟესტთა ერთობლიობაც!!! მცირე და "უაზრო" პროტესტები, მოსკოვსა და რუსეთში არ-ჩასვლები, პარტიზანული ომები (ნუ გაგიკვირდებათ ახლა, მხოლოდ შეიარაღებულ დაპირისპირებას არ ვგულისხმობ), გულში მჯიღის ცემები და ეს ხშირად მართლაც მომაბეზრებელი "ჯოს, ჯოს" ძახილი (ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ) ხელს უწყობს ვერ-შემრიგებელი, ვერ შეგუებული, პროტესტანტი, მოჩხუბარი საზოგადოების ჩამოყალიბებას... ჩხუბების გარეშე კი თავისუფლება არ მოდის, თავისუფლების დღე არ დგება.

რიგით თბილისელებზე (ქუთათურებზე, ზუგდიდელებზე, თელაველებზე და სხვ) რომ აღარაფერი ვთქვა, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის რაზმშიც კი უთუოდ იქნებოდა ერთი პირი მაინც, ვინც ღამით, რომელიმე კუნძზე თავმიდებული, იფიქრებდა, რომ ბრძოლას გავეშებული ბოლშევიკების წინააღმდეგ აზრი სულაც არ აქვს და ის "მართალიც" იყო - რაზმი 1924 წელს დამარცხდა... თავისუფლება ქვეყანამ ვერ დაიბრუნა...

მაგრამ, გამოხდა ხანი და, აღმოჩნდა, რომ ეს "მართალი" მოქალაქეები ცდებოდნენ... ყოველმა გასროლილმა ტყვიამ 1924 წელს, ყოველმა მარცხმა იმ და სხვა წლებში, ყოველმა ამგვარმა ურა-პატრიოტიზმად შეფასებულმა ქმედებამ, ყოველმა ამგვარმა არაპრაგმატულმა საქციელმა... ყოველმა 1956 წლის მარტმა, 1989 წლის აპრილმა და ა.შ. მოიტანა თავისუფლება საბჭოთა კავშირისაგან... ამ უკანასკნელის დანგრევა.

ზუსტად ისე მოიტანა, როგორც, ვთქვათ უნგრელთა თავისუფლება მოიტანა 1956 წლის პროტესტებმა ან აღმოსავლეთ გერმანელთა თავისუფლება მოიტანა იმავე წელს გაგრძელებულმა პროტესტმა სოციალისტური წყობის წინააღმდეგ.

ვრცელი პოსტი გამომივიდა... რა კავშირშია 1968 წლის პრაღის მოვლენები და შავდათუაშვილის ჟესტი ერთმანეთთან? თითქოს არც არაფერში... მაგრამ, ერთი სპორტსმენი ერთგვარი მაგალითია სხვათათვის... ორიენტირია... წერტილია... შავდათუაშვილის ჟესტი რუსეთს ვერ ამოძირკვავს, მაგრამ, ამგვარი ჟესტები, უფრო ზუსტად, პროტესტები კი არის საფუძველი, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა, ამ ჩვენი ქვეყნიდან წავიდეს... და ჩვენშიც ამოიძირკვოს რუსეთის ირაციონალური სიყვარული". (წყარო)

პ.ს. თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვით, რომ ლაშა გორის რაიონის სოფელ კარალეთიდანაა.