ქალებზე მოძალადე აფრიკელები და ბებია კხონგხაპი - რიოს ოლიპიადის კრიმინალური ქრონიკა
რამდენიმე დღის წინ შორეულ ბრაზილიაში ზაფხულის მორიგი ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ასპარეზობაში მსოფლიოს 202 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის რასაკვირველია ქართველებიც არიან.
ჩვენებურთა გამოსვლების შესახებ მკითხველი კარგად ინფორმირებულია. ამ მიზეზის გამო წერილში რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე შეჯიბრებების სპორტულ მხარეზე საუბარი არ გვექნება. ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან სამი დღეა გასული და რამდენიმე ათლეტმა ადგილობრივი კრიმინალური ქრონიკის საშუალებებში ღირსეული ადგილის დაკავება უკვე მოასწრო.
ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ ბრაზილიელმა ცენტურიონებმა ვინმე ჰასან საადი დააკავეს. ეს უკანასკნელი წარმოშობით მაროკოელია და მოკრივეთა ასპარეზობაზე უნდა გამოსულიყო. ბრაზილიელი ლამაზმანების მშვენიერება საყოველთაოდაა ცნობილი და ძნელია ნორმალურმა მამაკაცმა მათი შემყურე მოძალებულ ცდუნებას გაუძლოს. მცხუნვარე აფრიკის შვილს სისხლი განსაკუთრებით უდუღდა, რადგან თავი ვერ შეიკავა და ოლიმპიური სოფლის სასადილოს ორ მომსახურე პერსონალს დღისით მზისით თავს დაესხა და მათი გაუპატიურება განიზრახა. საბედნიეროდ ბოროტი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. გოგონებმა კივილი ატეხეს და ქალის ალერსს მონატრებული "უიღბლო" ჰასანიც ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. "ბოქსიორი" საადი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილების "ვირის საკანში" გახლდათ გამომწყცდეული, მოგვიანებით კი შტატის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს.
მაროკოელ ჰასანს ნამიბიელი "მიმდევარი" გამოუჩნდა. ამჯერად რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ ვინმე ჯონას ჯუნიუსი დააპატიმრა. 22 წლის ნამიბიელი მოკრივე ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ მომსახურე ქალბატონს სექსუალური მომსახურეობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა. გოგონამ აფრიკის შვილს მტკიცე უარი განუცხადა, პოლიციაში უჩივლა და "უიღბლო" ჯუნიუსიც ჰასან საადის გზას დაადგა.
კრიმინალური ქრონიკის გმირი რუსეთის თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი პოპოვიც გახდა. ახლო წარსულში პოპულარული რუსი ჯამბაზი ოლეგ პოპოვის მოგვარემ ოკეანის ახლო გაცნობა მოისურვა. იმ დროს, როდესაც ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ოლიმპიური ჯილდოსთვის იბრძოდა, რუსი პოპოვი ოკეანეში შეცურდა. შეცურვით კი შევიდა, მაგრამ უკან, ნაპირისკენ გამოცურვა ვერ მოახერხა. ბედად ადგილობრივმა მაშველებმა შეამჩნიეს და ექსტრიმის მოყვარული რუსი სიკვდილს გადაარჩინეს.
შაბათსვე კიდევ ერთი, ამჯერად მართლაც ხმაურიანი კონფლიქტი დაფიქსირდა. რიო-დე-ჟანეიროში ახლად ჩამოფრენილ ჩინელ სპორტსმენთა ჯგუფს, რომლებიც აეროპორტიდან ქალაქში ავტობუსით მოემგზავრებოდნენ, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად ექვსი ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა. რაც შეეხება აზიელებს, მათგან არავინ დაშავებულა.
ოლიმპიურ იდეალებს კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. ალბათ არ გაგიგიათ ვინმე სინპხეტ კრუაიტონგის სახელი. ეს უკანასკნელი ძალოსანია, ოლიმპიურ თამაშებზე ტაილანდს წარმოადგენს და 56 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სინპხეტის წარმატებამ 82 წლის სუბინ კხონგხაპი იმ ცხოვრებაში გადაასახლა. ქალბატონი სუბინი ოლიმპიადის აწ უკვე მედალოსანი სინპხეტის ღვიძლი ბებია გახლდათ. შვილიშვილის ასპარეზობას ტელევიზორით უყურებდა და როდესაც კრუაიტონგს ბრინჯაოს ჯილდოს გადასცემდნენ სიხარულით გული გაუსკდა.
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების წინ გერმანული გამოცემა "Bild"-ის ჟურნალისტებმა პირობა დადეს რომ ოლიმპიური შედეგების ცხრილების გამოქვეყნებისას, რუსეთის მონაცემებს კატეგორიულად არ შეიტანდნენ. გერმანელებმა პირობა უკვე შეასრულეს. მათ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილებში რუსეთი ნახსენები საერთოდ არ არის. "Bild"-ის წარმომადგენლები რუსების ბოიკოტირებას ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე აპირებენ.
რუსებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ჩოგბურთელმა სვეტლანა კუზნეცოვამ მასპინძლები ძალიან გაანაწყენა. რუსმა დიაცმა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო მხარე გააკრიტიკა და რიო-დე-ჟანეიროში გამეფებული სიტუაცია ზოოპარკს შეადარა.
"საშინელი მოუწესრიგებლობაა. არავინ არაფერი იცის. ოლიმპიურ ობიექტებზე არანაირი წესრიგია. საჩოგბურთო კორტებზე სრული განუკითხაობა სუფევს. ეს ყველაფერი ზოოპარკს მაგონებს", - განაცხადა სვეტლანა კუზნეცოვამ.
ორი დღის წინ ცუდ დღეში აღმოჩნდა ფრანგი ტანმოვარჯიშე სამირ აიტ საიდი. ოფიციალური შეჯიბრების მიმდინარეობისას სამირმა ილეთი არაზუსტად შეასრულა, დავარდა და ფეხი მოიტეხა. ტრავმირებულ სპორტსმენთან მკურნალები დაუყოვნებლივ გამოჩნდნენ, საკაცეზე დააწვინეს და საექიმო პუნქტისკენ გააქანეს. არ ვიცი სანიტრები გამოუცდელები იყვცნენ, თუ თავად აიტ საიდს ჭარბი წონა აწუხებდა. ფაქტია: საკაციდან ჩამოვარდა და ისედაც მოტეხილი ფეხი კიდევ უფრო დაიზიანა.
გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)