მძღოლს მგზავრობის თანხა არ გადაუხადეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა - თბილისში ტაქსის მძღოლი დაჭრეს
ცოტა ხნის წინ, თბილისში, გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლზე თავდასხმას მგზავრებთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ადგილზე ყვებიან, ტაქსის მძღოლს მგზავრობის თანხა არ გადაუხადეს, რასაც მასსა და მგზავრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ „შეჩერებული და დადგენილია ორი პირი“.
„ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ უწყებაში.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი 53 წლისაა, იგი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. პაციენტს დაზიანება ხელის მტევანზე აღენიშნება.
ამ წუთებში ტრავმატოლოგები დაჭრილს მცირე ოპერაციას უტარებენ. პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აქვს.