"ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი" - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი"

10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო, მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.

სასტარტო შეხვედრებში კი ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

კვარცხლბეკზე ასული  ოლიმპიადის ატირებული პრიზიორი მთელმა საქართველომ იხილა.

"ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერი ჩავდე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ვხედავდი რა დღეში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ჩემი გამარჯვებით მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. მინდა ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატება ვუსურვო", - უთხრა ქართველმა ძიუდოისტმა worldsport.ge-ს სპეციალურ კორესპონდენტს რიო დე ჟანეიროში, ოთარ მაღლაკელიძეს. (იხილეთ სრულად)

11 აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.