"შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი..."
ქართველი მხატვრის ამერიკულ გალერეებში გამოფენილი, მაგრამ სამშობლოსთვის უცნობი შემოქმედება - ვინ იყო სიმონიკა დადიანი?!
"ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან - ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული..."
"...ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი... გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე... იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ... შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი... და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება... სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა..." - წერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართველი არისტოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლს, ღირსეულ ულამაზეს ქალბატონს, ბაბო დადიანს ემიგრანტი უმცროსი ძმა - საზღვარგარეთ ძალიან დაფასებული ფერმწერი და სკულპტორი სვიმონ (სიმონიკა) დადიანი, რომელსაც 1921 წელს, 5 წლისას ოჯახთან ერთად მოუხდა სამშობლოს დატოვება და რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით საქართველოში.
გიორგი, მია და სიმონიკა დადიანები
კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია, ფაქტობრივად, ბაბო დადიანის ოჯახში გაიზარდა და სწორედ მას ჩააბარეს უნიკალური არქივი, რომელმაც, ქალბატონი ბაბოს წყალობით, გადასახლებებსაც "გაუძლო" და ქართველ კომუნისტებსაც გადაურჩა. საქართველოს მონატრებული სვიმონ დადიანის ამბავიც სწორედ ბაბო დადიანისგან მოისმინა და ახლა მასზე ფილმის გადაღებასაც ფიქრობს, ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს, თუკი საქართველოს სვიმონ დადიანი "დაუბრუნდება"...
ბაბო დადიანზე ამჯერად ცოტას გიამბობთ, მხოლოდ იმას, რაც მისი ოჯახის ემიგრანტ წევრებთან დაგვაახლოებს: ბაბოს დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ - კოკი დადიანმა მეორე ცოლად იმერეთის მეფე სოლომონის შთამომავალი მერი წერეთელი შეირთო. მერიმ საკუთარი შვილივით გაზარდა ბაბო. კოკის მასთან სამი შვილი ეყოლა - გიორგი, მია და სვიმონი, რომელსაც ყველა სიმონიკას ეძახდა. 1921 წელს, როდესაც კოკი დადიანი და მერი წერეთელი საქართველოდან იძულებით წავიდნენ, ბაბო უკვე გათხოვილი იყო არაჩვეულებრივ ადამიანზე, ლონდონში განსწავლულ მარგანეცის მრეწველ ალექსანდრე მასხარაშვილზე. ოჯახთან ერთად ისინიც გაჰყვნენ გემს კონსტანტინოპოლისკენ (დღევანდელი სტამბოლისკენ), ერთხანს იცხოვრეს კიდეც იქ, მაგრამ საქართველოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, უკან დაბრუნდნენ. ძალიან ძვირად კი დაუჯდათ დაბრუნება, ოღონდ ეს ცალკე ამბავია, ჩვენ კი სვიმონ დადიანის გზას გავყვეთ, რომელიც მარსელის გავლით ჯერ პარიზისკენ, შემდეგ კი - სან-ფრანცისკოსკენ წავიდა.
დადიანების ოჯახი დაფუძნდა პარიზში. სიმონიკამ სამხატვრო განათლება ჯერ პარიზის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ ამერიკაში მიიღო. ქართული არასდროს დავიწყნია, ამერიკაში ყოფნისას კი ძველი ქართულიც კი შეისწავლა. სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან - ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული... სხვათა შორის, სვიმონ დადიანი II მსოფლიო ომის დროს ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაშიც იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. სიმონიკა ძალიან სერიოზულად მუშაობდა ფერწერასა და სკულპტურაში ავანგარდის, მოდერნის მიმართულებით.
სვიმონ დადიანი 1950 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: 29 ამერიკელი მხატვრის - ნიუ იორკის მონტროსის გალერეაში; ათი მხატვრის ნამუშევრები, Worth avenue-galerea-ში; სან–ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმში; იუკლენდის ხელოვნების გალერეასა და ნიუ იორკის ხელოვნების დიდ ცენტრალურ გალერეაში.
"ჩემი ნამუშევრებიდან ზოგი მომწონს, ზოგი არა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ კეთდება. გემოვნება ვითარდება მუშაობაში და დიდ ხელოვანთა ნამუშევრების შესწავლაში. ამას დრო უნდა, მოთმინება და დიდი თავმდაბლობა..." - წერდა სიმონიკა ბაბოს.
ნინო ხოფერია:
- რაც შესაძლებელი იყო, ყველა საშუალებას იყენებდა ბაბოსთან ურთიერთობისთვის. ხან "სუხიშვილებს" გამოატანა წერილი, ხან - ვის, ოღონდ - მოგვიანებით, თორემ მანამდე იკრძალებოდა მიმოწერა - ბაბოს ბაბუაც დაუხვრიტეს, ქმარიც, ხოლო თვითონ პატარა შვილებთან, თათულისა და გიორგისთან ერთად ორჯერ სწორედ იმიტომ გადაასახლეს, ემიგრანტი ოჯახის წევრები რომ ჰყავდა. ფოტოები კი, რომელიც მის მუზეუმში გამოვფინე, სასწაულით გადაარჩინა - ლეიბის პირში ჩააკრა და ასე დაჰქონდა გადასახლებებში...
სიმონიკას და ბაბოს მამა - კოკი დადიანი ადრე გარდაიცვალა, მერი წერეთელმა კი დიდხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცი წავიდა ამ ქვეყნიდან. მათი და, მია მშობლებთან ერთად პარიზში ცხოვრობდა და საფრანგეთის ელიტური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ძალიან ამაყობდა თავისი დადიანობით და საკუთარ თავს პრინცესას უწოდებდა. არა მარტო გურამ შარაძე, რეზო თაბუკაშვილიც რომ ჩავიდა საფრანგეთში, დადიანების ოჯახმა არ მიიღო. ზოგადად, საბჭოთა კავშირიდან ჩასულებს არ იღებდნენ, თორემ იქ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ნეტავ, ბატონ რეზოს მოეხერხებინა შეხვედრა და ეს ოჯახიც გადაეღო, მაშინ, სხვა ემიგრანტების მსგავსად, მხატვარ სიმონიკა დადიანსაც ხომ გაიცნობდა ქართველი საზოგადოება! მაგრამ მიას ახირება იყო, საბჭოთა კავშირიდან ჩასული, არავინ გაეკარებინა. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სიმონიკა დადიანი ვერ გავიცანით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამერიკაში ცხოვრობდა, მისი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი მიასთან ჰქონდა. ბაბო თავის ემიგრანტ და-ძმას ლამის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1963 წელს შეხვდა პარიზში. გიორგი და მია სადგურზე დახვდნენ, სიმონიკა კი სან ფრანცისკოდან ჩავიდა უფროს დასთან შესახვედრად. ძალიან ემოციური შეხვედრა ჰქონდათ. მერეც, რაღაცებს სულ უგზავნიდა ბაბოს ოჯახს.
მია არ გათხოვილა. ძალიან მდიდარი იყო, ბევრს მიაღწია და ფრანგ არისტოკრატ მამაკაცთან ჰქონდა რომანი, ცოლიანთან. პარიზში სტუმრობის შთაბეჭდილებები რომ მიამბო თათულიმ, ბაბოს შვილმა, ღიმილით დააყოლა, "ის" კაცი ვნახე და "მოთენთილი არისტოკრატის" შთაბეჭდილება დამიტოვაო. ეს "მოთენთილი არისტოკრატი" რომ გარდაცვლილა, მიას ისე უყვარდა, კინაღამ გადაჰყოლია ამ ამბავს. ეგ კი არა, სამძიმარზე ოფიციალურ ცოლთან ერთად თვითონაც მჯდარა სამძიმარზე...
- რა ბედი ეწია სიმონიკა დადიანის ნამუშევრებს?
- სიმონიკა არ დაოჯახებულა და 57 წლის ასაკში, სან ფრანცისკოში გარდაიცვალა. სისხლის გათეთრება ჰქონდა და დებისთვის არც კი უთქვამს. ეს მიასთვის უდიდესი ტრავმა იყო. იგი სულ მარტო დარჩა. მას დამხმარე, მომვლელი ჰყავდა, ნახევრად ქართველი და ნახევრად ფრანგი ქალი - ლია გოგიტიძე-ვოდე, რომელიც ნათესავადაც ერგებოდა დადიანებს. მია ძალიან მდიდარი იყო და მისი მემკვიდრეობა, მასთან ერთად - სიმონიკას ნამუშევრებიც სწორედ ამ ქალს დარჩა. თუმცა ჩვენ გვაქვს ბაბოსადმი მიწერილი წერილი, სადაც კარგად ჩანს სიმონიკას სურვილი, ვის დარჩეს მისი შემოქმედება. ბაბოს ოჯახს სიმონიკას მხოლოდ ერთი ნამუშევარი აქვს, ისიც ბაბომ წამოიღო პარიზიდან. მოგვიანებით კი დაიწყეს ფიქრი, ეგებ მოლაპარაკებოდნენ გოგიტიძე-ვოდეს და რამდენიმე ნამუშევარი მაინც ჩამოეტანათ, მაგრამ ეს ქალი მოლაპარაკებებს თავს არიდებდა. ამ ხნის განმავლობაში სიმონიკას ნამუშევრების დიდი ნაწილი მან თავის სახლში გამოფინა, ზოგიერთი ნამუშევარი გაიყიდა, კერძო კოლექციებში მოხვდა. ამდენი წლის მოლაპარაკების მცდელობის, ბაბოს ოჯახთან მიწერ-მოწერის შემდეგ გოგიტიძე-ვოდე დათანხმდა, რომ სიმონიკა დადიანის ნამუშევრებს გადმოსცემს საქართველოს. საბოლოოდ, 24 ფერწერულ ტილოსა და 2 სკულპტურაზე შეჯერდა. ესეც დიდი საქმეა და ძალიან მადლობელნი ვართ ამ ქალის, ამდენი რამ რომ შემოინახა, ხოლო ახლა საქართველოს უსასყიდლოდ აძლევს. ეგ კი არა, მან დაიქირავა კერძო საცავი და რამდენიმე თვეა, იქ უწყვია საქართველოსთვის გამოსაგზავნი ნამუშევრები. მაგრამ საქართველოც ხომ უნდა დაინტერესდეს ამით? იქიდან გვითვლის, როდის წაიღებთო?
მხოლოდ უმცროს მიას ენდობა, ბაბოს შვილიშვილს, რომელსაც უფროსი წინაპრის პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი. მია, სხვათა შორის, სალომე ღვინიაშვილის მამიდაა, ანუ სალომე ბაბოს შვილთაშვილია. მეც ყველაფერში ვარ ჩართული, რაც ბაბოს ოჯახს უკავშირდება, მისი არქივიც კი მაქვს ჩაბარებული. მიამ მთხოვა, ეგებ, ერთად წავიდეთ პარიზში სიმონიკას ნამუშევრების ჩამოსატანად, ოპერატორიც წავიყვანოთ და ამ ამბავს ფილმიც მივუძღვნათ: "სიმონიკა დადიანის დაბრუნება". ვფიქრობთ, იქ შევხვდეთ ოჯახებს, ვინც დადიანებს კარგად იცნობდა, გადავიღებთ სურათებს, რაც მათ კერძო კოლექციაბშია დაცული და საქართველოში ვერასდროს მოხვდება. ეგებ მერე მაღალხარისხიანი ფოტოალბომიც გავაკეთოთ. იქაურ ქართულ დიასპორას გაუჩნდა სურვილი, "დამშვიდობებაც" მოაწყოს და პარიზში სიმონიკას ნამუშევრების რამდენიმედღიანი გამოფენა მოაწყოს. სიმონიკა ოცნებობდა: მინდა, ოდესმე ბაბუა გიორგის (იგულისხმება აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე, რომლის უფროსი და - თამარი კოკი დადიანის დედა იყო - ი.ხ.) ვილაში, სოხუმში, ჩემი ნახატები გამოიფინოსო. სხვათა შორის, ის სახლი ახლაც არსებობს სოხუმში, მაქვს კიდეც მისი ფოტო. ამერიკიდან იწერებოდა, მარტვილის ფოტოები გამომიგზავნეთო. გარდა იმისა, რომ ასეთი ძვირფასი განძი დაუბრუნდება საქართველოს, ნუთუ, ეს ამბავი პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არ არის?
- რა თანხა სჭირდება სვიმონ დადიანის საქართველოში "დაბრუნებას"?
- ბევრი არაფერი. უნდა წავიდეთ სამი ადამიანი - ოჯახის წევრი მია ღვინიაშვილი, სტუდია "ავტოგრაფის" წარმომადგენლები - მე და ოპერატორი-რეჟისორი ზვიად მიქელაძე საკუთარი, მაღალი დონის ტექნიკით ანუ ამის დაქირავებაც არ გვჭირდება. ზვიადი თავად გადაიღებს, დაამონტაჟებს, მუსიკალურადაც გააფორმებს და ამაში ერთი თეთრი არ დაიხარჯება. ჩვენვე ჩამოვიტანთ სიმონიკას ნამუშევრებს.
ფული დაგვჭირდება სამი ადამიანის მგზავრობისთვის, პარიზში რამდენიმე დღით დაბინავებისთვის, სულაც არ არის აუცილებელი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიცხოვროთ, ნამუშევრების პარიზში ექსპოზიციისთვის და საქართველოში წამოსაღებად. ძალიან მინდა, ბაბოს არქივიდანაც წავიღო რაღაც ნივთები, ცხადია - არა დედნები, მაგრამ დედნის დონის ასლები, რომელიც საგანგებოდ უნდა დამზადდეს და იქ, ერთ ოთახში გამოვფინო. ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული გვაქვს და მაქსიმალურად მცირე თანხაზეა ლაპარაკი, დაახლოებით, 8 ათასიდან 10 ათას ევრომდე.
ამ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე სახელმწიფო მოხელეს ვესაუბრეთ, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, არ დაინტერესდნენ, მაგრამ ვიმედოვნებთ, ცალკეული მოხელე არ არის მთელი საქართველო. ვფიქრობთ, კულტურის მესვეურები, ემიგრანტების შემოქმედების მოამაგეები და ქართველი საზოგადოება სიმონიკა დადიანის საქართველოში "დასაბრუნებლად" ყველაფერს იღონებს, რადგან თვითონვე დარწმუნდება, რომ საქართველოდან იძულებით გადახვეწილი ამ უნიჭიერესი შემოქმედის მემკვიდრეობის მიღება და მომავალი თაობისთვის გადაცემა მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა!
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)