ნატო იმნაძე ასლან აბაშიძის დაკავებას ითხოვს - "აჭარის ლომს" 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ნატო იმნაძე ასლან აბაშიძის დაკავებას ითხოვს - "აჭარის ლომს" 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურ ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადა. აბაშიძეს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მათ შორის ერთ-ერთში ნოდარ იმნაძის ოჯახი ასლან აბაშიძეს იმნაძის მკვლელობას ედავებოდა.

სასამართლომ უშუალოდ იმნაძის საქმეზე ასლან აბაშიძეს სასჯელის სახით 2 წელი და 7 თვე მიუსაჯა, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ნოდარ იმნაძის შვილი ნატო იმნაძე სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და როგორც განაცხადა, ფინანსური მხარე ოჯახს არ აინტერესებს. ნატო იმნაძემ ასლან აბაშიძის დაკავება მოითხოვა.

ამასთან, ასლან აბაშიძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 ათასი ლარის გადახდა მისი მმართველობის პერიოდში დაკავებული თენგიზ ასანიძისთვისაც მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრ სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს, მეტსახელად "ქელფეთას" კი თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა. დავით ხალვაში თითქმის ორი წელია პატიმრობაშია.

გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ აჭარის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და აბაშიძესთან დაახლოებულ პირი ელგუჯა ჯინჭარაძე.

ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს სხვადასხვა ბრალდებით აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"