"83 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა" - შემზარავი დანაშაული თბილისში - კვირის პალიტრა

"83 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა" - შემზარავი დანაშაული თბილისში

12 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოს რაიონში, სადაც 83 წლის ქალბატონი საკუთარ სახლში დანით გამოასალმეს სიცოცხლეს. კიდევ უფრო ტრაგიკულია ის ამბავი, რომ ქალის მკვლელობაში მისი 1961 წელს დაბადებული შვილია ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ "ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედა - 1933 წელს დაბადებული ც.მ.  ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა".

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.