ბოიარსკი, ეგორიანი, რინერი და... ოლიმპიადა - კვირის პალიტრა

ბოიარსკი, ეგორიანი, რინერი და... ოლიმპიადა

რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უკანასკნელი დღეები "მშვიდობიანი" გამოდგა. ბრაზილიური კრიმინალური სამყარო ნაკლებად "აქტიურობს" და სპორტსმენებსაც ერთი სადარდებელი მოეხსნათ.

საინტერესოა რომ ქართული ოლიმპიური დელეგაციის მაღალჩინოსნების თავს გადამხდარი "კრიმინალური" ამბავი რიო-დე-ჟანეიროში ლამის ბოლო აღმოჩნდა. ქართველებთან თავი შევირცხვინეთო და ადგილობრივი სამართალდამცველები სრული მონდომებით "ამოქმედნენ". შედეგმაც არ დააყოვნა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, სახელგანთქმულ კოპაკაბანას სანაპიროზე ეულად მოსეირნე მხოლოდ ერთი რუსი მოცურავე გაილახა, ისიც "მსუბუქად" და ეტყობოდა რომ ბოროტმოქმედებმა "სპორტული ფორმის" შესანარჩუნებლად "ოდნავ წაიმუშავეს".

გავაგრძელოთ ოლიმპიურ თემაზე საუბარი და ერთ მოულოდნელ "გადასვლას" შემოგთავაზებთ.

რამდენიმე დღის წინ რუსმა მოფარიკავე ქალმა იანა ეგორიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მის წარმატებას პოპულარული მსახიობი, "სამი მუშკეტერის" თავის დროზე გახმაურებული რუსული კინოვერსიის მთავარი გმირი მიხეილ ბოიარსკი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. შეუდარებელმა დარტანიანმა მოფარიკავე ეგორიანს წარმატება მიულოცა, შემდეგ კი:

"მე დარტანიანი გახლავართ. წარმოიდგინეთ ეგორიანთან წყვილში როგორ გავუსწორდებოდი აღვირახსნილი როშფორის ბანდასა და ავაზაკ მილედის". ვერაფერს იტყვი, კარგი დუეტი იქნებოდა.

ეს ინფორმაცია ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შემთხვევით იქვე განთავსებულ რამდენიმე კომენტარს თვალი გადავავლე და ერთ საყურადღებო მინიშნებასაც წავაწყდი. "ყოჩაღ ბოიარსკი. ეს იგივეა ალენ დელონმა ფრანგი ტედი რინერი დარტანიანის კარგ მეგობარს, ბატონ პორთოსს რომ შეადაროს".

დავანებოთ კინოს სამყაროს თავი და პოლიტიკაზე გადავინაცვლოთ. რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარება საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამ ფონზე მოულოდნელი გახლდათ რუსი მოფარიკავე ქალბატონის, ვინმე სოფია ველიკაიას განცხადება. ეს უკანასკნელი უკრაინელ კოლეგა ოლგა ხარლანს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა.

"ხარლანს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. ის შესანიშნავი პიროვნება, ჩინებული მოფარიკავე და ჩემი ახლო მეგობარია". ველიკაიას ამ სიტყვებმა რუსულ "პატრიოტულ" მასმედიაში ერთგვარი შოკი გამოიწვია. სპორტსმენი მიწასთან გაასწორეს და ბრალი არაპატრიოტიზმში დასდეს.

მისი უდიდებულესობა პოლიტიკა ძიუდოისტთა ტურნირშიც ჩაერია. ერთმანეთს ეგვიპტელი ისლამ ელ-შიხაბი და ებრაელი ორუ სასონი ხვდებოდნენ. სასონმა ფარაონების ქვეყნის წარმომადგენელი სუფთა მოგებით დაამარცხა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ელ-შიხადიმ მეტოქეს ხელი დემოსტრაციულად არ ჩამოართვა და ტატამი მაქსიმალური სისწრაფით დატოვა...

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)