"აქ ზოგიერთი ისე დაგლახავდა შიმშილისგან, ლამისაა სახეზე ყველა ერთმანეთს დევემსგავსოთ" - ჩემი თავგადასავალი გურული გასეირნებიდან ვაგონის დატბორვამდე - კვირის პალიტრა

"აქ ზოგიერთი ისე დაგლახავდა შიმშილისგან, ლამისაა სახეზე ყველა ერთმანეთს დევემსგავსოთ" - ჩემი თავგადასავალი გურული გასეირნებიდან ვაგონის დატბორვამდე

"ერთი ანეკდოტი მახსენდება, რუსს გადმოუფრენია თურმე და გურიას რომ მოადგა, აგი დაბომბილი მქონია უკვეო და გაბრუნდა უკან..."

ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ, როცა ქალაქში ასფალტის მტვერმა ბოლომდე შეაღწია ფილტვებში, როგორც იქნა მოვახერხე და დასასვენებლად გეზი გურიისკენ ავიღე. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩემი საყვარელი გურულები ჩვეულ სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და ქვეყნისა თუ მსოფლიო პოლიტიკის ამბებს მონდომებით, დიდი იუმორითა და ცოტა გულისტკივილითაც განიხილავდნენ.

როგორც აღმოჩნდა, გურიაში პრობლემები არა და არ გამოელიათ და ხალხი ამჯერადაც წინასაარჩევნოდ გაღებული მოწყალების იმედზეა.

"რა გითხრა, ჩემო ბიძიკო, ქართულ პოლიტიკაში ცოტა რთულადაა საქმე, გლეხი კაცისთვის არცერთი არაა, ისქელებენ ჯიბეებს, ჭამენ, სვამენ, ჩემო ბატონო. ეკონომიკური კრიზისი მაგათზე არ მოქმედებს და არაფერი. კრიზისი არის მარტო ჩვენი ჯიბეებისთვის, შემოგვიჭირეს ქამრები და ვართ მარტო სუფთა ჰაერის იმედზე. ახალგაზრდებს სოფელი არ უნდათ, გარბიან ქალაქში. აბა, აქ პერსპექტივა არაა და რამდენი ხანი უნდა გვიყურონ მოხუცებს?! პენსია გაგვიზარდეს ვითომ, მარა მაყიდინებს მე მაგი დამატებული პენსია პურის ფქვილს?!

ამბობენ რუსეთი მტერიაო, ხან მაგასაც აღარ ამბობენ... მტერია, აბა ვინაა?! შვილის მკვლელი, მტერი არაა?! აქ ზოგიერთი ისე დაგლახავდა შიმშილისგან, ლამისაა სახეზე ყველა ერთმანეთს დევემსგავსოთ.

ერთი ანეკდოტი მახსენდება, რუსს გადმოუფრენია თურმე და გურიას რომ მოადგა, აგი დაბომბილი მქონია უკვეო და გაბრუნდა უკან..." - მეუბნება ჩემი ერთი მეზობელი, რომელსაც სიტყვას უკვე მეორე მეზობელი ართმევს:

"ჩვენმა მთავრობამ დაპირებები კაი იცის, მარა ზიან ჩრდილში. გზა დააგეს, მაგრამ სანახევროდ. მარტო ცენტრალური მონაკვეთი გააკეთეს და სოფლებში თუ დააპირე გადასვლა, საშინელება დაგხვდება. ამ გზებზე მანქანა კი არა ტანკი გოუფუჭდება ადამიანს. გზების გამო სოფლიდან მოსავლის აღება და გატანაც გვიჭირს. მალე მანდარინის აღების სეზონი დაიწყება და იმედია, გადმოგვხედავენ ცალი თვალით მაინც. თან როგორც ჩანს, წელს კარგი მოსავალი იქნება"

"ადრე ერთ სერიალში ვნახე, ბოსლების გაზიფიცირებას პირდებოდნენ ხალხს, ბოსლებს ვინ ამბობს, ჩვენც არ გვაღირსეს… შემოდგომისთვის გვპირდებიან ვითომ, მარა გაზი კი არა, თუ მაგრად გაწვიმდა სინათლეც ითიშება. სოფლის ერთ ნაწილში წყალი არის გაყვანილი, მაგრამ ზემო ნატანებში მოვიდნენ დადგეს დიდი ცისტერნა, რაღაც სამუშაოები შეასრულეს და შეჩერდნენ, ღმერთმა ისიც ვის ელოდებიან, რაც ფული გადაიხადეს ყველა წყალს გაატანეს, ახლა კიდო თავიდან ვინაა ჩვენი მომხედავი?!" - მითხრეს ჩემმა მკვირცხლმა გურულებმა...

გურიაში თუ ჩახვალთ, ყველა ამ პრობლემას თქვენი თვალით ნახავთ. რამდენიმედღიანი გურული გასეირნების შემდეგ თბილისში მატარებლით დავბრუნდი. ჯერ დადებითით დავიწყებ. ვაგონები მოწესრიგებული დამხვდა, სისუფთავეა და გაქონილი სავარძლებიც გამოუცვლიათ, კონდენციონერი და ვენტილაცია გაუკეთებიათ, მაგრამ ერთხელ თუ ჩავრთავთ კონდენციონერს, მერე ვეღარ გამოვრთავთ გზაშიო, - გაგვაფრთხილა გამცილებელმა. არც გარე მოვაჭრეებს შევუწუხებივართ უგემური ხაჭაპურებით, გამცილებელმა მგზავრები საგულდაგულოდ გაგვაფრთხილა, ხაშურში ნუ იყიდით გარეთ დამზადებულ ხაჭაპურებს, მე მოვიწამლე, როგორც აღოჩნდა, საპირფარეშოს წყალს იყენებენო...

სასწაული სანახაობა კი მაშინ დაიწყო, როცა ბუნება განრისხდა და წვიმა წამოვიდა. დახურულ ფანჯრებში, კონდენციონერიან სუფთა ვაგონში წყალი ფანჯრებიდან და იატაკიდან შემოდიოდა. დავსველდით მგზავრები, ერთმა სამტრედიელმა მამაკაცმა კი შენიშნა: "ამ ჩვენს მთავრობას ისე ვუყვარვართ რომანტიკულ-სახიფათო მგზავრობა მოგვიწყო, მუხლამდე წყალში ვართ, ვითომ ტიტანიკიაო..."

რა უნდა გვექნა, მივენდეთ ბუნების კეთილ ნებას და გამცილებლის იატაკის საწმენდს...

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)