"ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, ლევან, ალბათ, ეს დაიმსახურე-მეთქი..." - კვირის პალიტრა

"ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, ლევან, ალბათ, ეს დაიმსახურე-მეთქი..."

რუბრიკის ბლიცინტერვიუ სტუმარია ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი:

ფეხბურთი ჩემთვის არის...

- ყველაფერი, სწორედ ფეხბურთის წყალობით გახდა ჩემი ცხოვრება გაცილებით საინტერესო.

ბავშვობაში მინდოდა...

- გაგეცინებათ, მაგრამ ძალიან მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი, ხშირად სარკესთან ვდგებოდი ვითომ მიკროფონით ხელში და ვმღეროდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მომღერალი არ გავხდი, რადგან არც ისე კარგი ვიქნებოდი ამ მხრივ.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დისკვალიფიკაცია მომცეს და აღარ მქონდა თამაშის საშუალება. მაშინ უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, რომ კარიერა ფინიშისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ მაინც მივდიოდი ვარჯიშებზე, ერთი დღეც კი არ დამისვენია, შემდეგ კი მაყურებლის როლში ვუყურებდი ჩემი გუნდის თამაშს. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ამ დროის განმავლობაში გავძლიერდი და ძალიან შევიცვალე.

სტიმულს მაძლევს...

- გულშემატკივარი... როდესაც მოედანზე გავდიოდი, ხალხი ჩემგან კარგ თამაშს, გამარჯვებას ელოდა, ჩემს გვარს ყვიროდნენ, ტაშს მიკრავდნენ, ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული, ყველაზე დიდი მოტივაცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი...

- ჩემი არც ერთი თამაში არა მაქვს ნანახი, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას მოუგო და გოლი სწორედ მე გავიტანე. ეს ფირი ბევრჯერ ვნახე, ასეთი ერთობა გულშემატკივრებში, ამდენი დროშა იშვიათად მინახავს... ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას სწორედ მე აღმოვჩნდი. ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, ლევან, ალბათ, ეს დაიმსახურე-მეთქი... ეს გოლი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ცხოვრებაში მთავარია...

- გიყვარდეს საკუთარი საქმე და იყო პროფესიონალი. თუ საკუთარი თავი მაქსიმალურად არ დახარჯე, თუ არ იბრძოლე, მაშინ ბევრის მიღწევა წარმოუდგენელია. არ გაგიმართლებს დღეს და გაგიმართლებს ხვალ, ხელი არასდროს არ უნდა ჩაიქნიო... ასევე ცხოვრებაში მთავარია მოსიყვარულე ოჯახი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდითაა..

მაბრაზებს...

- იშვიათად ვბრაზდები, ვცდილობ, არ ავყვე ემოციებს, ასევე ვცდილობ, ნაკლებად მეწყინოს და თუ მეწყინება, ესეც არ ჩავიდო გულში და ვაპატიო... ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შევინარჩუნო.

მოხუცი, ალბათ, ვიქნები...

- არ მიფიქრია, თუმცა, ეს რა ცუდი ბაბუააო, ნამდვილად არ იტყვიან ჩემზე... დროდადრო განმარტოება მიყვარს, ეს ძალიან მჭირდება ფიქრისთვის... ასეთი ვიქნები, ალბათ, ასაკშიც, ან ოდნავ მეტად მეყვარება განმარტოება, თორემ ის, რომ შვილიშვილებს რაღაცები ავუკრძალო და შენიშვნები მივცე, ზუსტად ვიცი, რომ ასეთი არ ვიქნები.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- თუ ჩემს კარიერას გადავხედავთ, ბევრი ისეთი შემოთავაზება მქონია, შეიძლებოდა, ჩემი კარიერა სულ სხვაგვარად წარმართულიყო, თუმცა, რაც მქონდა, რაც მაქვს და შემდეგ რაც მექნება, ამითაც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

თამთა ასათიანი