"სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს, წაგვგლიჯეს და წაგვართვეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს, წაგვგლიჯეს და წაგვართვეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ"

"ცენტრ პოინტს" არ გააჩნია არავითარი სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ან დაზარალებულებს კომპენსაციები მისცეს და მშენებლობები გააგრძელოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა მიმდინარეობდა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამ საქმეზე სამივე ბრალდებული - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა. ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას-ლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100 ათას ლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.

პროცესის დასრულების შემდეგ, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ვახტანგ რჩეულიშვილმა გააკეთა.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, "ცენტრ პოინტს" არ გააჩნია არავითარი სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ან დაზარალებულებს კომპენსაციები მისცეს და მშენებლობები გააგრძელოს.

თუმცა რჩეულიშვილი აქვე განმარტავს, რომ კომპანიის მუშაობის შეჩერება დროებითია და ფუნქციონირებას სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გააგრძელებს.

რჩეულიშვილმა გაუგებარი უწოდა მაია და გუკა რჩეულიშვილების პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როდესაც მაია რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდებას კომპანია "ცენტრ-პოინტის" ინვესტორები ითხოვდნენ და სასამართლოს სოლიდურ თანხასაც სთავაზობდნენ.

"ამ დროს ინვესტორები გვთხოვენ შემოსვლას - მიგვიშვით და ერთადერთი, მხოლოდ მაია გამოუშვითო, რადგან მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ინვესტიციების განხორციელებაო, გირაოს გადახდასაც თავად ითხოვენ და სთავაზობენ, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც თუ ინვესტორი თავისი ბიძაშვილი და ნათესავი არაა, არაფერი აინტერესებს. არჩევნებამდე, ალბათ, ახალს არაფერს აღარ უნდა ველოდოთ. კომპანია იკეტება. როგორ ვიმუშაოთ, "კაპიკი" ვერ შემოდის, ხელმოწერის უფლება არავის აქვს და ამდენი ადამიანის საქმე დაღუპულია პრაქტიკულად. ხელფასს ვერ გავცემთ, არჩევნების შემდგომ ვნახოთ, არ ვიცი", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

"ძალიან მომგებიანია "ცენტრ-პოინტის" ქონება დღეს. ამ ქონებაზე მიშა სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს, წაგვგლიჯეს და წაგვართვეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით