"ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება!" - თემურ ცაგურიას ამერიკული ცხოვრება და ნოსტალგია
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
"მთელი ჩემი დრო ახალი სიმღერების შექმნაში იხარჯება. ერთმა ქართველმა მითხრა, - რას წვალობ ამდენს, საქართველოში დაბრუნებას თუ არ აპირებო... მსურს საუკეთესო სიმღერები დავუტოვო ჩემს საქართველოს. დიდი ხანია, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება", - ამერიკიდან ქართველმა მომღერალმა თემურ ცაგურიამ განვლილ ცხოვრებას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი.
- 7 წლამდე ქობულეთში ვიზრდებოდი... სავსე ვარ ბავშვობის სანუკვარი მოგონებებით! ხშირად მაგონდება, როგორ ვთევზაობდით, როგორ ვისწავლე ცურვა, მე და მამა მწყერზე როგორ ვნადირობდით... დილით ადრე ვდგებოდი, რომ ახლომდებარე ქუჩები მომევლო. საყვარელი კატა მყავდა, რომელიც ყველგან დამყვებოდა. მეტად ტკბილად მაგონდება მამაჩემის სულუგუნის გემო - ძროხა გვყავდა და თვალწინ მიდგას, როგორ აკეთებდა მამაჩემი სულუგუნს.
ზღვა ჩემი ბავშვობისა და მთელი სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარულია! მახსოვს, ერთხელ მე და მამაჩემი ნაპირს მივუყვებოდით. ამ დროს წყალში პატარა თევზები გამოჩნდნენ. მამამ თევზი ნაპირზე ხელით ამოაგდო, - სურვილი ჩაუთქვიო... ეს განსაცვიფრებელი იყო!..
- სიმღერა როდის დაიწყეთ?
- დედამ მასწავლა გიტარაზე დაკვრაც და სიმღერაც. ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა. მთელი ახალგაზრდობა სულ დედასთან ერთად ვმღეროდი... მესამე კლასში სკოლის გუნდის სოლისტი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ მაღალი სიცხე მქონდა და მაინც მამღერეს. სცენაზე კარგად გავხდი და სიცხემაც დამიწია...
შემდეგ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ადგილობრივი საესტრადო ორკესტრის სოლისტი გავხდი. ეთერ კაკულია იქ დამხვდა. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან სიმღერა... ათი წელი გავატარე "რეროში". შეიძლება ითქვას, რომ თბილისის "დინამოს" სულიერი მეგობრები ვიყავით. ყველა მატჩის წინ გვეძახდნენ. როდესაც "დინამო" ევროპის თასის მფლობელი გახდა, მაშინ ცეკას მდივანმა ვიქტორია სირაძემ სპორტის სასახლეში მიმიწვია. მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ დიდმოხელეები - მასშტაბური საზეიმო საღამო იყო. მითხრეს, ჯერ რუსული სიმღერა უნდა იმღერო და მერე "ბითლზებისო"...
ბიჭებს ვუთხარი, - არ გვინდა ეს რუსულენოვანი სიმღერა, პირდაპირ ინგლისურენოვანს ვიწყებ-მეთქი. შევასრულე "ბითლზების" სიმღერა, თან სცენაზე ვცეკვავდი და ცეკვავდა მთელი დარბაზიც. როგორც კი დავასრულე, მეორე გასასვლელიდან გავიქეცი და ტროლეიბუსის გაჩერებაზე დავდექი... დამედევნენ და მითხრეს, - დარბაზი არ ცხრება, ვიქტორია სირაძე გთხოვს, ისევ სცენაზე დაბრუნდეო. დავბრუნდი, ავიღე გიტარა და ისევ ის ინგლისურენოვანი სიმღერა შევასრულე... რა თქმა უნდა, დავისაჯე და შემდეგ არც ერთ სამთავრობო კონცერტზე აღარ გამაჭაჭანეს!
- თუ არ ვცდები, პოსტსაბჭოთა სივრციდან "ევროვიზიაზე" პირველად თქვენ გამოხვედით...
- დიახ! "რერო" მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული ჯგუფი იყო! "რერომ" მოსკოვში 15 000-კაციან დარბაზში გამართა 29 კონცერტი ერთმანეთის მიყოლებით. ხშირად გამოვდიოდით მოსკოვის ყრილობათა სასახლეშიც. საუკეთესო დარბაზებში უზარმაზარი წარმატება გვქონდა! ამიტომაც მოსკოვში გადაწყდა, "ევროვიზიაზე" "რერო" წასულიყო. "ევროვიზია" არ იყო მაშინ კონკურსის სახისა... პირველ ტურში ვიმღერე და ისე მოეწონათ, რომ მეორე ტურშიც მიმიწვიეს...
იმხანად თანაკლასელი მიყვარდა. ერთ ბიჭსაც მოსწონდა ის გოგო და სანაძლეო დავდე, ღამე შევალ ზღვაში და ათი საათი ვიცურავებ-მეთქი. ამ ბიჭმა მითხრა, მატყუარა ხარო, არ იცოდა, წყალბურთელი რომ ვიყავი...
წავედით ბათუმში, ღამე შევედი ზღვაში და ათი საათი ვცურავდი. ის ბიჭი უფრო დაღლილი ჩანდა ჩემი ყურებით, მე კი პირობა შევასრულე!.. მაგრამ ამ ცურვა-ცურვაში მატარებელზე დამაგვიანდა და "ევროვიზიის" მეორე ტურზე ვეღარ გავემგზავრე. მაგრამ არ მიდარდია, "დუელი" ხომ მოვიგე?!
"იურმალას" კონკურსს ადრე "ოქროს ქარვა" ერქვა. ამ კონკურსზე კულტურის სამინისტრომ მე გამგზავნა. იმხანად საქართველოს რადიოს რედაქციაში უმცროს რედაქტორად ვმუშაობდი.
ვიფიქრე, კონკურსზე პირველი ადგილი რომ ვერ ავიღო, დამცინებენ-მეთქი და მოვიტყუე, ბათუმში ნათესავის დაკრძალვაზე მივდივარ-მეთქი... წავედი კონკურსზე და პირველი ადგილი ავიღე. სასწრაფოდ გავრცელდა ეს ინფორმაცია... ლამის ფრენით მივედი სამსახურში, მეგონა, წარმატებისთვის იქაც ჯილდოს მომცემდნენ. სამსახურში მისულს განცხადება დამხვდა - უზარმაზარი ასოებით ეწერა, თემურ ცაგურიას სასტიკი საყვედური გამოეცხადოს ტყუილისთვისო...
- ამდენი წარმატებების შემდეგ რატომ დატოვეთ საქართველო?
- ამერიკაში ზურიკო ცისკარიძემ ქორწილში მიმიწვია. 90-იანი წლები იყო. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებდი ამერიკაში დარჩენას. საქართველოში ომი რომ დაიწყო, ჩემმა მეუღლემ დამირეკა, - გვიშველე, აქედან წაგვიყვანეო. ძალიან ადვილად მივიღე "გრინ ქარდი"... ჩემმა ბიჭმა ქართული სკოლა დაამთავრა და ქართული კარგად იცის. გოგო კი ამერიკაში ინგლისურ სკოლაში სწავლობდა, გული მწყდება, რომ ქართული არ იცის. ამჯერად ნიუ-იორკში ცხოვრობს და წარმატებული მხატვარია...
ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ საქართველოში სამჯერ ჩამოვედი, მაგრამ საქართველოდან არსად წავსულვარ! რაც "ფეისბუკი" გაჩნდა, მეგობრებს სულ ჩემს სიმღერებს ვთავაზობ. აპლოდისმენტებიც ისეთი მაქვს, თითქოს სავსე დარბაზში მქონდეს კონცერტი. მთელი ჩემი დრო ახალი სიმღერების შექმნაში იხარჯება. ერთმა ქართველმა კაცმა მითხრა, რას წვალობ ამდენს, საქართველოში დაბრუნებას თუ არ აპირებო... მსურს საუკეთესო სიმღერები დავუტოვო ჩემს საქართველოს... ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება!
აქ იტალიურ რესტორანში ვმღერი. ხშირად მთხოვენ შევასრულო ჩემი ყველაზე ცნობილი სიმღერა "საჩინო". ეს გულიდან ამოსული სიმღერაა, რომელიც იტალიელებს განსაკუთრებით მოსწონთ. ჩემი ქვეყნის დესპანი ვარ ამერიკაში. სულ ვცდილობ, ყველას გავაცნო ჩვენი ულამაზესი ქვეყანა. ერთ-ერთ გაზეთში დაწერეს, - თემურ ცაგურიას ნუ შეუკვეთავთ ინგლისურენოვან და ბოშურ სიმღერებს, ქართული შეუკვეთეთ, ეს მსოფლიოს მერვე საოცრება არისო...
- ამერიკული პრესა ბევრს წერდა თქვენზე...
- დიახ, "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა "ბუმის მომგვრელი, რეზონანსული ხმა აქვსო". ბევრი სტატია იყო სხვადასხვა გაზეთშიც, რაც ძალიან მსიამოვნებს! ამერიკის ნაციონალურმა რადიომ ნახევარსაათიანი გადაცემა მომიძღვნა. "საჩინო" იმდენად მოეწონათ, რაღაც ფილმშიც სურდათ გამოეყენებინათ...
აგენტებს ჩემი ასაკი აშინებთ და ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. არ სურთ დიდი ფულის ჩადება იმ ხელოვანის შემოქმედებაში, რომელიც 50 წელს გადაშორებულია. მათიც მესმის - ბიზნესი ბიზნესია და ასაკში ადამიანს ან ხმა ეკარგება, ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს!
მე მაინც არ შევეპუე და მათი გვერდის ავლით ბევრ კონცერტზე ვიმღერე. მსოფლიო ბანკშიც მქონდა კონცერტი...
ახალგაზრდობაში ლა სკალას სამხატვრო ხელმძღვანელმა მიმიწვია, მაგრამ 1977 წელი იყო და ამ წინადადებას რომ დავთანხმებოდი, ჩემს ოჯახს დიდი საფრთხე დაემუქრებოდა! მერე ერთმა გერმანელმა მითხრა, წელიწადში ორ მილიონ მარკას მოგცემ, შემდეგ გაგიათმაგებო... ამასაც ვერ დავთანხმდი. გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... ლა სკალას სამხატვრო ხელმძღვანელისგან მოწვევა რომ მივიღე, კაგებემ ათი წელი ამიკრძალა საზღვარგარეთ გასვლა.
- საქართველოში არ გსურთ კონცერტის გამართვა?
- ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ვირუსი შემხვდა და ძალიან გამაწვალა. უკვე 72 წლის გახლავართ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ყველანაირად ვცდილობ, არ მაჯობონ!...
შემოდგომაზე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას... იმედია, შევძლებ!
მანანა გაბრიჭიძე